in

გასაგიფი უნდა გაიგიფოს! – ახალი ქართული პორტალი Gifebi.ge

ალბათ, youtube-ზე ვიდეოს ყურებისას ოდესმე თავში მოგსვლიათ აზრი: “ნეტავი აქვე ახლო-მახლო იყოს რამე საიტი და ამ ვიდეოდან 10-წამიანი გიფის მოჭრის შესაძლებლობას მაძლევდეს. თან, ქართული ტექსტის დადებასაც თუ შევძლებ ხომ სულ უკეთესი”. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ იგივე აზრი ერთდროულად მოუვიდათ Lemondo-სა და Giffer-ს. ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი, აიკაპიწეს სახელოები, გაიმამაცეს მკლავები და შეუდგნენ საქართველოში პირველი გიფების პორტალის Gifebi.ge შექმნას. მისი საშუალებით, შეგიძლია მოძებნო ნებისმიერი ვიდეო, აარჩიო სასურველი 10 წამი, დაადო ტექსტი და უმალვე ხელთ გექნება ეროვნული წარმოების, ახალი, ყოჩაღი გიფი.

მაგრამ, თუ თავად დაგეზარა შემოქმედებითობის გამომჟღავნება, შეგიძლია უბრალოდ შეხვიდე საიტზე და თანამემამულეების კრეატივით ტკბობას მიჰყო ხელი.

მარჯვნივ წახვალ – შაურმიან გიფს ნახავ. მარცხნივ წახვალ – იქაც შაურმიან გიფს. პირდაპირ წახვალ – ალბათ მანდაც, მაგრამ არ გეგონოთ, რომ gifebi.ge-ს კონტენტის ავტორები მხოლოდ შაურმებზე ფიქრობენ. ქართული მიმები გინდა? – ემოციის გამოხატვა გიჭირს? – ნანოსთვის დაბადების დღის მილოცვა გინდა, მაგრამ თაიმლაინზე დასაპოსტი გამოგელია?  – ამ ყველაფრისთვის Gifebi.ge-ს ცალკე კატეგორია აქვს.

სამომავლო გეგმებიც დახუნძლულია. საიტი დაიხვეწება, დაემატება ახალ-ახალი ფუნქციები, გაიზრდება სამომხმარებლო ბაზა და კიდე უამრავი რამ.

თუ ამ სიახლემ იმდენად აღგაფრთოვანა, რომ უკვე ეძებ დასაგიფ მასალას, გაითვალისწინე პორტალის წესდება :
გიფი არ უნდა ასახავდეს ძალადობასა და პორნოგრაფიას
გიფში არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენადა ბულინგი

ყველა ატვირთული გიფი გადის მოდერაციას. იშლება ისეთი გიფები, რომლებიც ვერ ჯდებიან მოდერატორების მიერ დაწესებულ ნორმებში. გიფი მთავარ გვერდზე ემატება იმ შემთხვევაში, თუ იმსახურებს ისევ მოდერატორების მოწონებას.

Gif of the day-ს არჩევა ხდება ყოველდღიურად და მას ირჩევს Gifebi.ge-ს ადმინისტრაცია. იმ შემთხვევაში, თუ შენი გიფი ადმინისტრაციის ცივ გულებს გაალღობს, ის მთავარ გვერდზე საპატიო ადგილს 24 საათით დაიკავებს.

ზოგადად, გიფების რეიტინგს განსაზღვრავს მათზე ნახვების რაოდენობა. დღეში 1 უნიკალური მისამართიდან გიფს ეთვლება მხოლოდ 1 ნახვა. ყველა დროის ყველაზე რეიტინგული გიფები ავტომატურად ხვდებიან top 100 კატეგორიაში, ხოლო მოცემულ პერიოდში რეიტინგული გიფები – კარუსელში.

Best of BOG – დამოუკიდებელ ალბომად ქცეული „მარკეტინგული ამოცანები მუსიკაში“

კვება, როგორც ცხოვრების კანონზომიერება – ჯანსაღი კვების კულტურა საქართველოში