17
ივლ
2017

Lemontree – ახალი ქართული დიზაინ კომპანია ევროპული სტანდარტებით

17 ივლ 2017



დიზაინ კომპანია Lemontree 5 თვეა, რაც ჩამოყალიბდა, განსხვავებული პროდუქტის შექმნის მიზნით. სააგენტო ბიზნესებს უწევს დიზაინის, ბრენდინგის, მარკეტინგის, დეველოპმენტის, სოციალური მედიის მართვისა და სხვა ციფრულ მომსახურებებს. მარკეტერი შეეცადა, Lemontree-ს გუნდთან გაერკვია კომპანიის მომსახურების სპეციფიკა, დამკვეთთან ურთიერთობისას არსებული პრობლემები და კლიენტებში ნდობის მოპოვების ის საშუალებები, რომელსაც Lemontree მიმართავს ხოლმე:

BOG PLUS

 
M: სარეკლამო სააგენტოებისა და დიზაინ კომპანიების მრავლად არსებობის პირობებში, რატომ გახდა Lemontree-ს შექმნა აუცილებელი, რა გამოგარჩევთ ბაზარზე?
ჩვენი კომპანია იმ ევროპული სტილის სარეკლამო მოდელზეა აგებული, სადაც სერვისი ექსკლუზიურია, თითოეული პროექტი კი – უნიკალური. სხვადასხვა კრეატიულ ინდუსტრიებში გამოცდილი გუნდი იკვლევს არა მხოლოდ ბრენდის სპეციფიკას, არამედ მათი კლიენტისა და მომხმარებლის ურთიერთობას. თუ მაგალითად, მაღაზიათა ქსელის ბრენდინგს ვაკეთებთ, ვიკვლევთ, რა სახის მსგავსი პროდუქტია ბაზარზე. მის სუსტ და ძლიერ მხარეებს ვაკვირდებით, რათა ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტი მეტად დახვეწილი და საზოგადოებასთან ადაპტირებული იყოს. ყოველი ბრენდი უნიკალურია, გამოირჩევა  თავისი ხასიათითა და ინდივიდუალურობით. პროდუქტის სწორედ ამ   ხასიათის ვიზუალურად გადმოცემაა ჩვენი საქმიანობა.
M: როგორია თქვენი მუშაობის სტილი და სპეციფიკა – შესრულების დრო და დამკვეთთან ურთიერთობა?
დახარჯული დრო და გაწეული შრომა ყოველთვის სხვადასხვაა, ყველაზე კარგი პროდუქტი მაშინ შეგვიქმნია, როდესაც კლიენტმა იცოდა, რა სურს და თან გვენდობოდა. ჩვენი დედლაინები დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე. ზოგადად, ნდობას აქვს, ფაქტობრივად, გადამწყვეტი მნიშვნელობა, რამდენად კარგი გამოვა ნამუშევარი. რაც შეეხება კლიენტებთან ურთიერთობის არხებს, ჩვენთან დაკავშირება შეიძლება ვებგვერდისა და პირადი მიმოწერით, ფეისბუკის საშუალებით.
თანამშრომლობისას საკმაოდ სელექციურები ვართ, რადგან საბოლოო შედეგის სრულყოფილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვცდილობთ ისეთ კლიენტებთან ვითანამშრომლოთ, ვინც ხარისხს აფასებს, სხვა მხრივ კი საკმაოდ მოქნილები ვართ და ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს თითოეულ პროექტთან.

M: რა საშუალებებით ცდილობს  Lemontree კლიენტებში ნდობის მოპოვებას?
ნდობის მოპოვებას რაც შეეხება, კომპანიის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, გიორგი ჭიჭინაძე, ამ სფეროში 10 წელია, რაც მოღვაწეობს, აქედან, 6 წელი უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობდა, მუშაობდა პორტუგალიაში, ლისაბონის დიზაინის წამყვან სტუდიაში, მერე შვეიცარიაში, ციურიხში მოუწია საქმიანობა და შემდეგ, საქართველოს ბაზარზეც გაიცნო ხალხმა – მაგალითად „ბარამბოში“ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა შეფუთვების ახალი ხაზი და განახლდა ძველი შეფუთვები.

M: გაგვიზიარეთ რომელიმე დამკვეთი კომპანიის პროდუქტის ბრენდინგი, რომელზეც Lemontree-ს გუნდმა იმუშავა, რა იყო თქვენი ამოცანა და რა გადაწყვეტა მოუძებნეთ?
„ერისთავის“ ღვინის დიზაინის შექმნისას ელეგანტურობასა და დახვეწილობაზე გავამახვილეთ ყურადღება. პროდუქტის ყველა დეტალი: ბრენდის სახელი, ვიზუალური ელემენტები, ლოგო და შეფუთვის დიზაინი შექმნილია კომპანია Lemontree-ს მიერ. ჩვენი ამოცანა იყო ძლიერი და გამორჩეული იდენტობის მქონე პროდუქტის შექმნა, რომელიც ამავე დროს, უპასუხებდა თანამედროვე ბაზრის ტრენდულ გამოწვევებს. ამასთან ერთად ეტიკეტის დიზაინი ინკლუზიურია – ინფორმაცია ბრაილის შრიფტითაც არის დატანილი, შესაბამისად, ის მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთათვის. ამ ხალხს საშუალება მივეცით, რომ ღვინის გასინჯვასთან ერთად, ის იცნონ ეტიკეტით და მიხვდნენ, რომელ და როგორ ღვინოს სვამენ.

განხილვა