არსებობენ დიდების თოჯინები, გამოხატული ინდივიდუალური ხასიათით, განწყობით, აურითა და ფიზიკური მახასიათებლებით. რაც უფრო მეტად ჰგავს ნაკვთებითა და სპეციფიკური ჰაბიტუსით ადამიანს, რაც უფრო ძვირფასი და რეალურია თოჯინების სამოსი, მით მეტი ფიქრი, დაკვირვება, შრომა და დრო არის დახარჯული მათზე.
მხატვარმა ლენა ინჯიამ ძვირადღირებული, ხელნაკეთი თოჯინების შექმნა 10 წლის წინ დაიწყო: „პირველი ორი წელი ძალიან სასაცილო, მარტივი და უხასიათოები იყვნენ ჩემთვის თოჯინები. დღეს ისინი უკვე არა მხოლოდ გიყურებენ, არამედ გაგიღიმებენ, გაგიცინებენ, თანაგრძნობას გამოგიცხადებენ“. ლენას სამხატვრო აკადემიაში მონუმენტალურ-დეკორატიული პლასტიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, ძალიან ბევრს ხატავს, ფერწერაში ბევრს მუშაობს და თოჯინების შექმნის პარალელურად, სხვადასხვა გამოფენაში, ძირითადად, გერმანიაში იღებს მონაწილეობას.M: როდის დაიწყეთ თოჯინების გამოძერწვა?
პირველად თოჯინებთან შეხება მაშინ მქონდა, როცა ჩემს შვილს რაღაცის გამოძერწვა დაავალეს სკოლაში და მე დავეხმარე. შვილს სასურველი ნივთი დავუმზადე, მაგრამ დამრჩა მასალა, რომელიც სამუშაოდ ძალიან სასიამოვნო და სახალისო იყო. ვცადე, თოჯინა გამომეძერწა, ხელით მხოლოდ თავი გავაკეთე, რადგან არ ვიცოდი, როგორ ტანის გაკეთების ტექნიკა და ამისთვის ბოთლები გამოვიყენე. მივხვდი, რომ ეს პროცესი ძალიან მომწონდა.
M: როგორია თოჯინების შექმნის პროცესი?
ჩემი თოჯინები, აბსოლუტურად, ხელით არის შექმნილი: სახე, თითები, კიდურები არის პოლიმერული თიხისგან. სამოსი – ჩემი ხელით შეკერილი და მოქარგულია. მხოლოდ თმასა და წამწამებს ვყიდულობ. მე არ ვიცი მანქანით კერვა, თუმცა ვცდილობ, რომ ნამუშევარი იყოს ძალიან აკურატულად შესრულებული და ნელ-ნელა ვამსგავსებ მანქანით ნაკერს. გერმანიაში რომ ვცხოვრობდი, „ფლი მარკეტზე“ ვყიდულობდი მაქმანებს, გულსაბნევებს, რომელსაც ვუმაგრებდი, თუმცა ახლა უკვე გარკვეულ სამკაულებსაც თვითონ ვაკეთებ თოჯინებისთვის.
M: თოჯინების ხასიათებს სად და როგორ ეძებთ?
არასდროს ვიცი წინასწარ, რა ხასიათის თოჯინა გამოვა. სამუშაო პროცესი იწყება თავის შექმნით და მერე ვფიქრობ, კაცი იქნება, თუ ქალი. ჩემთვის მთავარია სიმშვიდე, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახეზე ვმუშაობ. არ ვფიქრობ იმაზე, რომ რაღაც კონკრეტული პერსონაჟი გავაკეთო, თუმცა ხანდახან ისეთი მოწყენილები არიან, გამომდიან პიეროები, არლეკინები, კლოუნები, თავისთავად, რაღაცნაირად, ჩნდებიან ეს სახეები. მთავარია, თვალები დავინახო და მერე უფრო მარტივად ვწყვეტ, როგორ უნდა იღიმოდეს, ან არ იღიმოდეს თოჯინა. სახის შექმნის შემდეგ ვარჩევ, როგორი იქნება მისი ჩაცმულობა. იმდენი შრომა მაქვს თითოეული დეტალის შესრულებაში ჩადებული, რომ უგულოდ ამას, უბრალოდ, ვერ გავაკეთებდი.ლენა ინჯიას თოჯინები პუშკინის კუთხის მაღაზიაში იყიდება, თუმცა ძირითადად, შეკვეთებს სოციალური ქსელის, „ფეისბუკის“ საშუალებით იღებს და შესაბამისად, ამ არხით ცდილობს მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარებას.