Lenovo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიაა. შესაბამისად, სხვა მნიშვნელოვან საქმეებთან ერთად, იურიდიული საკითხების მოგვარებაც უწევთ. ამასთან, იურისტები ღირებულ რჩევებსა და ინფორმაციებს უზიარებენ ლენოვოში მომუშავე გუნდებს. თუმცა შემდეგი პრობლემა წარმოიშვა: კომპანიის მასშტაბიდან გამომდინარე, თანამშრომლები ხშირად ვერ ხვდებოდნენ, რომელი იურისტი შეძლებდა არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. შედეგად, შესაბამის პირთან გადამისამართებას ტელეფონითა თუ ელ. წერილებით დიდი დრო და ენერგია სჭირდებოდა. ამიტომაც ეს საქმე ხელოვნურ ინტელექტს მიანდეს.
„მართალია, ბევრი ისეთი კითხვაა, რომლებიც ექსპერტის ჩართულობას მოითხოვს, მაგრამ ბევრიც პირდაპირი, პრაქტიკული და განმეორებითია. თუ გამოვიყენებთ AI-ს ამ მარტივი პასუხების მქონე კითხვებისთვის, ჩვენი იურისტები მეტად კომპლექსურ საკითხებზე ფოკუსირებას შეძლებენ“, — განმარტავს სარა როსერი, Lenovo Solutions & Services Group-ის (SSG) დირექტორი.
ამგვარად, ლენოვომ AI ჩეტბოტი განავითარა, რომელიც თანამშრომელთა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს ისე, რომ ადამიანთა ჩართულობა ამ პროცესში არ დასჭირდეს. ხოლო, როცა ჩეტბოტს პასუხის გაცემა არ შეუძლია, ავტომატურად ურჩევს კონკრეტულ პირთან დაკავშირებას, რომელიც მას დაეხმარება.
თუმცა ლენოვოს AI ინოვაციები აქ არ მთავრდება — ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერას თავად იურისტებსაც სთავაზობს. მიზანი გენერაციული AI-ის ძლიერი მხარეების გამოყენება გახლავთ, მათ შორის ინფორმაციების სწრაფად ასახვა და ანალიზი, რათა ადამიანური სამუშაო ძალის შესაძლებლობები გაზარდონ — „დიდ ენობრივ მოდელებს ინფორმაციის ასობით გვერდი წამებში შეუძლია, დაამუშაოს. ასე კი ჩვენს იურისტებს სწრაფად და იმაზე ეფექტურად მუშაობაში დავეხმარებით, ვიდრე ოდესმე“.
საუბარია Lenovo AI Legal Assistant-ზე, რომელიც სპეციალურად იურისტებისა და მათი ასისტენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა. შესაბამისად, დღეს გუნდებს საშუალებას აძლევს, უსწრაფესად გაანალიზონ ტექსტური დოკუმენტები, ელ.წერილები თუ სხვა სახის კონტენტი.
ასე კი ლენოვო ერთ-ერთი პირველი კომპანია ხდება მსოფლიოში, რომელიც გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიური სამუშაოს ასაჩქარებლად იყენებს:
„ჩვენს განვითარებაზე დაფუძნებით, ველით, რომ Lenovo AI Legal Assistant მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენსავე პროდუქტიულობას დროისა და ძალისხმევის დაზოგვით. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ზუსტ იურიდიულ ინფორმაციაზე წვდომას გაამარტივებს ჩვენი თანამშრომლებისთვის“.













