Lenovo-მ ახალი ლეპტოპი ThinkBook 15 Gen 2 წარადგინა, რომელსაც უსადენო ყურსასმენების ჩასადები და დასამუხტი ადგილი აქვს. ყურსასმენებისთვის განკუთვნილი განყოფილება ლეპტოპიდან დისკის ჩასადების მსგავსი პრინციპით გამოდის და როცა, დავუშვათ, ვიდეოზარს, ან მუსიკის მოსმენას მორჩებით, შეგიძლიათ უსადენო ყურსასმენები სწორედ აქ მოათავსოთ. ამ გზით ისინი ავტომატურად დაიმუხტება.
უსადენო ყურსასმენებს, რომელიც ThinkBook 15 Gen 2-ს მოჰყვება აქვს ორი მიკროფონი და გარემოს ხმაურის დახშობის ფუნქცია. მიკროფონის ჩართვა ან გამორთვა კი ყურსასმენზე თითის მსუბუქად, ორჯერ მირტყმით შეგიძლიათ.

ThinkBook 15 Gen 2 მე-11 თაობის Intel Core პროცესორზე მუშაობს. მისი ოპერატიული მეხსიერების გაზრდა 40 GB-მდე შეიძლება, ხოლო შიდა მეხსიერების 1TB-მდე. საწყისი, ყველაზე სუსტი მეხსიერების მქონე ThinkBook 15 Gen 2-ის ფასი $549 იდან იწყება. ლეპტოპის სხვადასხვა მოდელი (სხვადასხვა კონფიგურაციით) ბაზარზე ოქტომბრის განმავლობაში გამოჩნდება.










