შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ Lensa AI ერთ ღამეში გაჩნდა და თქვენი მეგობრების სოციალური ქსელების ანგარიშები დაიპყრო. რეალურად კი ეს პროგრამა 2018 წელს შეიქმნა, თავისი „ჯადოსნური ავატარებით“. მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია, 10-20 ფოტოს სანაცვლოდ, ღია კოდის მოდელი თქვენს ავატარებს ქმნის, როგორც ციფრული ხელოვანი.
აპლიკაციების ანალიტიკური ფირმის, SensorTower-ის თანახმად, Lensa AI-მ 22.2 მილიონი ჩამოტვირთვა დააგროვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც თითქმის $29 მილიონი შემოსავლის ტოლფასია. ამასთან, აღნიშნული აპლიკაციისთვის აშშ ყველაზე დიდი ბაზარია, მაგრამ ამ დროისთვის განსაკუთრებით დიდი პოპულარულობა მოიპოვა ბრაზილიაში — ნოემბრის სტატისტიკის მიხედვით, ჩამოტვირთვების 31% სწორედ ამ ქვეყანაში დაფიქსირდა, სადაც წინა თვესთან შედარებით, ინსტალაციები 24,450%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით.
აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფოტო რედაქტირების აპლიკაციებს საეჭვო რეპუტაცია აქვს — როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი მათგანი ატვირთულ ფოტოებს ინახავს. თუმცა Lensa AI-ს გუნდმა, Prisma Labs-მა, განაცხადა, რომ ის AWS ღრუბლოვან სერვისებს იყენებს ფოტოების დასამუშავებლად. ხოლო მას შემდეგ, რაც AI მოდელი მათ შესაბამისად დაამუშავებს, ფოტოები დაუყოვნებლივ იშლება.