in

პასუხისმგებლობის აღება — ანანო თომაშვილი

„ლეო ინსტიტუტი“ წარმოგიდგენთ სტატიების სერიას პიროვნული ზრდის თემაზე. ლეოს გუნდის წევრების მიერ მომზადებული ოთხი ბლოგპოსტი დაგაფიქრებთ და საშუალებას მოგცემთ self-mastery-ით (საკუთარ თავზე დახელოვნებით) შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში არსებული შემაწუხებელი ფაქტორები; ასევე, შექმნათ ის, რაც გულით გინდათ.

ამ ბლოგში ლეოს გუნდის წევრი, ანანო თომაშვილი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას Self-mastery-ის პროცესის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის, პასუხისმგებლობის აღების შესახებ.

წინა ბლოგში ეკომ გაცნობიერებაზე ისაუბრა, რაც იმის აღმოჩენა და დანახვაა, თუ როგორ ვრეაგირებ გარემოზე, რა დგას ამა თუ იმ რეაქციის უკან და როგორ რეალობას ვქმნი ჩემს ცხოვრებაში. მარტივად რომ ვთქვათ, გაცნობიერება იმის დანახვა და გააზრებაა, რასაც მანამდე ვერ ვხედავდი და ვიაზრებდი. 

დავინახეთ, რომ ყველა მოქმედების დასაბამი არის აზრი, ანუ იმ ფიქრების ჯაჭვი, რომლებიც რაღაც კონკრეტული რეაქციისკენ, მოქმედებისკენ მიბიძგებს. ერთსა და იმავე მოვლენაზე სხვადასხვაგვარ აზრს თუ დავაგენერირებ, სხვადასხვაგვარი იქნება ჩემი მოქმედებაც და, შესაბამისად, თითოეული მოქმედებისთვის განსხვავებულ შედეგს მივიღებ.

ანუ, გამოდის, რომ თუ განსხვავებული შედეგები მინდა ცხოვრებაში, განსხვავებულად უნდა დავიწყო ფიქრი… 

და მაინც, როგორ შევცვალო მენტალური პროცესი? 

თუ დააკვირდები, დაინახავ, რომ ის, რასაც გარემოსა და მოვლენებზე ფიქრობ ხოლმე, ერთგვარი პატერნით ხასიათდება, თითქოს ერთგვაროვანი აზრების ჯაჭვს ქმნი. გაიხსენე რაიმე უსიამოვნო სიტუაცია, რომელიც ახლა შენს ცხოვრებაში ხდება. რამდენიმე წამით გონებით დაუბრუნდი ამ მოვლენას და შემდეგ გააგრძელე კითხვა. 

რას გრძნობ ამ სიტუაციის მიმართ? რა არის ყველაზე უსიამოვნო ამ ამბავში? ის ხომ არა, რომ რაც ხდება, შენი არჩევანი არაა, შენს სურვილს მიღმაა, მაგრამ მაინც ხდება… თითქოს, რაღაც გემართება, რაც შენს ხელში არაა და მსხვერპლის როლში ექცევი.

ისევ შეკითხვას დავუბრუნდეთ, როგორ შევცვალო მენტალური პროცესი? ამის გასაკეთებლად ჩემთვის ნაცნობი ერთადერთი გზაა, რომ გულწრფელად სხვა თვალით შევხედო მოვლენებს და, შესაბამისად, მართლაც სხვაგვარად დავიწყო მათზე ფიქრი. და აი აქ შემოდის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და არც თუ ისე მარტივი შინაგანი აქტი, რომელსაც პასუხისმგებლობის აღებას ვეძახით. მოდით, ვნახოთ რატომ.

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც აგიღია რაიმეზე პასუხისმგებლობა. გაიხსენე, როგორი მდგომარეობაა ეს? ალბათ, მარტივად დამთანხმდები, თუ ვიტყვი, რომ პასუხისმგებლობის აღება ისეთი აქტია, რომელიც თავისი შინაარსით რაიმე მოვლენას თუ სიტუაციას შენი ზემოქმედების არეალში აქცევს და შენს ხელში გადმოაქვს. თითოეულ სიტუაციაში იმის დანახვა, თუ რა არის ჩემი წილი პასუხისმგებლობა, ჩემი კონტრიბუცია არსებული რეალობის შექმნაში მიბრუნებს ძალას და კონკრეტულ რეალობას ჩემი ზემოქმედების არეალში აქცევს. თუ ვხედავ, რომ რაღაც მე შევქმენი, სავარაუდოდ, იმის ძალაც მაქვს, რომ ეს რაღაც შევცვალო, არა? საკითხის ამგვარად დანახვა მეხმარება, რომ მდგომარეობიდან, სადაც „მსხვერპლი“ ვარ და რაღაც მემართება, გადავინაცვლო მდგომარეობაში, სადაც ჩემი რეალობა ჩემსავე ხელშია, ჩემზეა დამოკიდებული, თუ რას შევქმნი… ხვდები ხომ? ეს უკვე სხვაგვარად ფიქრია, რომელიც ძალას მაძლევს, იმის შექმნა დავიწყო, რაც ამ მომენტში მინდა.

როცა ამ პროცესში გავარჯიშებას ვიწყებდი, ბევრჯერ ისე მომხდარა, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში ჩემი წილი, ჩემი კონტრიბუცია რომ დამინახავს, პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, ჩემი ბრალეულობა აღმიქვამს და საკუთარი თავი დამიდანაშაულებია. ეს ხაფანგია, რომელსაც გონება წარმატებით მიგებს. სინამდვილეში კი, ეს ორი ძირეულად განსხვავებული მდგომარეობაა. ერთი თუ ძალით აღმჭურავს, მეორე პირიქით, ძალას მართმევს და კიდევ უფრო უსუსურ მდგომარეობაში მაგდებს. სხვაგვარად რომ ვთქვა, პასუხისმგებლობის აღება ჩემივე ძალის აღიარებაა და არა ბრალეულობის.

მოდი ვნახოთ, როგორ შემიძლია გავარჩიო, რა არის თითოეულ სიტუაციაში ჩემი წილი პასუხისმგებლობა. მარტივ ტექნიკას გაგიზიარებ, რომელიც საკუთარი თავისთვის შეკითხვების დასმით დაგეხმარება პასუხების მიღებაში. ისევ დაუბრუნდი იმ არასასურველ სიტუაციას, რომელიც ახლა შენს ცხოვრებაში ხდება და შენს თავს დაუსვი შეკითხვა:

„რას ვაკეთებ ან არ ვაკეთებ, რაც ამ რეალობას ქმნის?“

„რას ვამბობ ან არ ვამბობ, რაც ამ რეალობას ქმნის?“

„შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო იმაზე, რომ ამ სიტუაციის შექმნაში მე(ც) მიმიძღვის წვლილი?“

ჩემს მაგალითს გაგიზიარებ… ერთი ჩემთვის ახლობელი ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში წარუმატებლობას განიცდიდა და ხშირად ისე ხდებოდა, რომ მის პრობლემებს მე ვაგვარებდი. მის ფინანსურ ვალდებულებებს ვისტუმრებდი, მის ურთიერთობებს ვაგვარებდი. ყოველ ჯერზე, როცა დათრგუნული მირეკავდა, ფორიაქს ვიწყებდი და ჩემი საქმის დასრულების ნაცვლად, მის პრობლემებზე გადავერთვებოდი. სია გრძელია… ბევრი წლის განმავლობაში მიმაჩნდა, რომ მისი და ამ სიტუაციის მსხვერპლი ვიყავი და ძალა არ მქონდა, რაიმე შემეცვალა, რადგან ის ჩემთვის ძვირფასი ადამიანია და ვალდებული ვიყავი მის წინაშე. ვაგრძელებდი ერთსა და იმავე წრეზე ტრიალს, რაც მე მშვიდად ცხოვრების, მას კი გაზრდისა და განვითარების შესაძლებლობას ართმევდა.

როცა საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე, მალევე მივადექი ამ „მტკივნეულ“ ადგილს. აღმოვაჩინე და დავინახე ჩემი საკმაოდ მოცულობითი კონტრიბუცია იმ სიტუაციის შექმნაში, რაც რომ გეკითხა, ჩემი არჩევანი არ იყო. აღმოჩნდა, ყოველ ჯერზე ვაფრთხილებდი, რომ მომავალში აღარ დავეხმარებოდი, მაგრამ შემდეგ დახმარებას თავად ვთავაზობდი — მაშინაც კი, თუ ამას არ მთხოვდა. ამით მას ჩემზე კიდევ უფრო დამოკიდებულს ვხდიდი. მე ვქმნიდი ჩემს ცხოვრებაში ამ ყველაფერს და შემდეგ კომფორტულად ვწუწუნებდი ცხოვრების უსამართლობაზე. პასუხისმგებლობას ჩემს ცხოვრებაზე კი არა, მის ცხოვრებაზე ვიღებდი, რაც ყოველ ჯერზე მარცხით სრულდებოდა და რადგან ამდენ „ინვესტიციას“ ვდებდი და შედეგს ვერ ვიღებდი, მის მიმართ შინაგანი აგრესია მიგროვდებოდა, რაც ჩვენს ურთიერთობაზეც მტკივნეულად აისახებოდა.

არავინ იყო ბედნიერი… ნელ-ნელა იმის გარჩევა დავიწყე, თუ მართლაც რა არის ჩემი პასუხისმგებლობის არეალი და რა სცდება ჩემი პასუხისმგებლობის საზღვრებს. ჩემი პასუხისმგებლობაა მისი წარმატება? ჩემი პასუხისმგებლობაა მისი დახმარება, მაშინაც კი, თუ ამის გაკეთება არ შემიძლია?.. შემიძლია ავირჩიო, გულწრფელად მსურს თუ არა მისი მხარდაჭერა? მაქვს ბედნიერების უფლება მაშინაც კი, თუ ის თავს კარგად არ გრძნობს? დიდი დრო დამჭირდა, სანამ საკუთარ „შემოქმედებაზე“ პასუხისმგებლობა ავიღე, რამაც თვისობრივად შეცვალა ჩემი პერსპექტივა. ვფიქრობ, კვლავ ამ პროცესში ვარ, მაგრამ ახლა ძლიერი განცდა მაქვს, რომ მისი მსხვერპლი არ ვარ, მე ვქმნი ამ რეალობას და ჩემსავე ხელშია მისი შეცვლა. ამან ჩვენი ურთიერთობაც უკეთესობისკენ შეცვალა.

შესაძლოა, ეს ყველაფერი თეორიულად მანამდეც ვიცოდი, მაგრამ ამ შინაგანი აქტით, რომელიც საკმაოდ უსიამოვნო და მტკივნეული იყო ჩემი ეგოსთვის, საკუთარ თავს ახალი რეალობის შექმნის შესაძლებლობა ვაჩუქე. ახლა მანამ, სანამ რეაქტიულად მის „გადარჩენაში“ გადავეშვები , საკუთარ თავს ვეკითხები, ეს მართლაც ჩემი შინაგანი სურვილია, თუ ისევ მსხვერპლის როლში ვარ და არჩევანი არ მაქვს? მაქვს კი ამისთვის საკმარისი რესურსი? ხშირად პასუხად ვიღებ, რომ  მისი მხარდაჭერა კვლავაც მინდა და ამას ვაკეთებ კიდეც, მაგრამ არა ჩემი შინაგანი სიმშვიდის დათმობის ხარჯზე. ისიც ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.

მართალია, ამ ბლოგის ფარგლებში ჩემი მიზანი არ არის, რომ ის რასაც ვსაუბრობ შენს გამოცდილებად იქცეს, ეს ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რადგან ვიცი, რომ ამ პროცესში წარმატება მხოლოდ მრავალგზის პრაქტიკით მიიღწევა. თუმცა ვიმედოვნებ, რომ თუ აქამდე ამგვარად არ გიფიქრია, ჩემი გულწრფელი გაზიარებით, ახალ შესაძლებლობას დაინახავ, რაც სურვილს გაგიჩენს, რომ რომ იმ რეალობის შექმნა დაიწყო, რომელიც გულით გსურს.

[R]

როგორ უნდა დაეხმარონ მენეჯერები ცვლილებებით დაღლილ თანამშრომლებს?

1 ივნისს რესტორანი „Madre“ საქველმოქმედო ვახშამს გამართავს