უკვე ხუთ წელზე მეტია, Leo Institute საქართველოში ფუნქციონირებს, როგორც ადამიანებისა და ორგანიზაციებისთვის ტრანსფორმაციის შესაძლებლობა. მისი მიზანია, ადამიანს ცნობიერი მიზნის განხორციელებაში შეუწყოს ხელი და ამ გზაზე სრულიად მოხსნას ნებისმიერი სახის შეზღუდვა, დამაბრკოლებელი ბარიერი… სხვა სიტყვებით, „ლეო ინსტიტუტის“ მეთოდოლოგია ყველაფერს შესაძლებელს ხდის — შედეგად, უმჯობესდება როგორც ცხოვრების, ისე საქმიანობის ხარისხი.
„ლეო ინსტიტუტის“ მიზანს რამდენიმე სიტყვით თუ აღვწერთ, ასეთ რამეს მივიღებთ: ადამიანებმა ისწავლონ, იყვნენ საკუთარი ცხოვრების ცნობიერად შემოქმედები, რათა შექმნან ის, რაც გულით უნდათ: ურთიერთობები, კარიერა, პირადი ცხოვრება, თუ თითოეული მომენტი ჩვენი ცხოვრების. ამისათვის კი ვნახულობთ, რა არის ის, რაც ამ ყველაფრის შექმნაში ხელს გვიშლის და როგორ გავთავისუფლდეთ ამ შეზღუდვებისგან…
გახდი საკუთარი ცხოვრების შემოქმედი ნაცვლად იმისა, რომ ფიქრების ან გარემოებების გავლენის ქვეშ იყო
როგორც „ლეო ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბურჭულაძე, განმარტავს, ლეო მეთოდოლოგია არის ყველასთვის, ვისაც სასურველი ცხოვრების შექმნა უნდა. „ჩვენ ვართ ინდივიდებისა და ორგანიზაციების პარტნიორები. მათ თავიანთი ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე ვეხმარებით. ძირითადი მისიაა, ადამიანები თავად იქცნენ საკუთარი ცხოვრების შემოქმედებად, ნაცვლად იმისა, რომ რეაქციაში იყვნენ ან გარე სამყაროსთან, ან რეაქტიულ ფიქრებთან. მათ იმის დანახვაში ვეხმარებით, როგორ მუშაობს გონება — ე. წ. „ავტომატური მექანიზმი“, რომელიც რეალურად ყველაფერს აკონტროლებს და ამას ვერც ვაცნობიერებთ. ამასობაში კი მთელი ცხოვრება გვეკარგება“, — ამბობს გიორგი ბურჭულაძე, CEO.
თინა კუხიანიძე, „ლეო ინსტიტუტის“ ბიზნესისა და ლიდერობის პროგრამების დირექტორი, ქოუჩი: „პირველ რიგში, 40-წლიანი მეთოდოლოგია კომპანიებში ნდობაზე დაფუძნებულ კულტურას ნერგავს. ამას თან სდევს „ნორმალური“ შედეგების გადაჭარბება — იმის მიღება, რასაც მანამდე მხოლოდ ოცნებებსა თუ სურვილებში წარმოიდგენდნენ. ეს არის უნიკალური ბაზისი, რომელიც შეგიძლია, ნებისმიერი მიმართულებით გამოიყენო: როგორც ინდივიდუალურ ცხოვრებაში, ისე კორპორაციულ სამყაროში. რეალურად, მეთოდოლოგია მუშაობს ადამიანზე, როგორც ინდივიდზე, და ასევე, ადამიანთა შორის ურთიერთობებზე. ამ უკანასკნელის დალაგებით და მეტი რესურსის გამოთავისუფლებით, ის, რასაც ჩვეულებრივ რიტმში ქმნიდი, შეგიძლია ბევრად მაღალ წარმადობაში გადაიტანო“.
ამავდროულად, „ლეო ინსტიტუტი“ კომპანიას აღიქვამს, როგორც ადამიანურ ერთეულთა ერთობლიობას. თინას თქმით, დღის განმავლობაში გახარჯულ ენერგიათა და რესურსთა უმეტესობა „ავტომატურ მექანიზმს“ ეთმობა. გვეჩვენება, რომ როცა სამსახურში ვართ, ყველაფერი საქმეს ეხება — სინამდვილეში კი, მთელი შინაგანი ენერგიის ძალიან დიდი ნაწილი იხარჯება ქვედა დინებაზე, რომელსაც ეს „ავტომატური მექანიზმი“ გვთავაზობს. მაგალითად, როცა რაღაც სასწრაფოდ გვაქვს მოსასწრები, გონებრივი და ემოციური რესურსის უმეტესი ნაწილი მისი გაკეთებისკენ კი არაა მიმართული, არამედ დედლაინის შფოთვასა თუ სტრესზე. მეთოდოლოგიის პრინციპიც იმის გარკვევა-მოგვარებაა, სად იხარჯება ეს ჩვენი რესურსი და როგორც შეიძლება მისი სწორი მიმართულებით გამოყენება.
„ჩვენ ვეხმარებით გუნდებს და ორგანიზაციებს, შეცვალონ მოსალოდნელი შედეგები სასურველი დიდი მიზნებით. ჩვენ ვხედავთ კომპანიებს ადამიანების განზომილებაში და გვჯერა, რომ ბიზნესს აქვს A შედეგი, რადგან გუნდი, ადამიანები ინდივიდუალურად და ერთმანეთთან მიმართებით, არიან A მდგომარეობაში. ხშირად ბიზნესლიდერებმა იციან რა უნდათ, რომ იყოს B შედეგი, თუმცა შესაბამისი B მდგომარეობის დანახვა და ამ მდგომარეობაში გარდასახვა უჭირთ. ეს არის ლეო ინსტიტუტის კომპეტენცია და ამას ვაკეთებთ დაჯერებებზე და შემზღუდავ რწმენებზე მუშაობით, რომლის გარეშეც ვთვლით, რომ ნებისმიერი სემინარი თუ პროგრამა კოსმეტიკურია“, — აღნიშნავს გიორგი ბურჭულაძე.
ცხადია, სათქმელად ადვილია: „ნუ ღელავ, მოასწრებ ყველაფერს“, მაგრამ რეალურ სამყაროში რთულია სიმშვიდის შენარჩუნება, როცა შენს ქმედებებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ამას ემატება სტრესული გარემო, რთული გამოწვევები… სწორედ ამის მოგვარებას ეხება „ლეო ინსტიტუტის“ მეთოდოლოგია — ნებისმიერი ბარიერის გადალახვას და საბოლოო მიზნის წარმატებით მიღწევას, მიუხედავად ირგვლივ არსებული პრობლემებისა.
ფინური ფარმაცევტული კომპანიის წარმატებული შედეგი
მხოლოდ თეორიული ნაწილით რომ არ ვისაუბროთ, ფინური ფარმაცევტული კომპანიის იმ დაუჯერებელ შედეგზეც გიამბობთ, რომელიც „ლეო ინსტიტუტის“ გუნდთან ერთად გახდა შესაძლებელი. საუბარია „ფინვექტორზე“, რომელიც გენური თერაპიის პროდუქტებს აწარმოებს. კომპანია 25 წელი მუშაობდა შარდის ბუშტის სიმსივნის მედიკამენტის კვლევისა და განვითარების ფაზაზე. 2021-ში კი მათი მიზანი პრეპარატისთვის FDA-ის ავტორიზაციის მიღება იყო.
ალბათ, წარმოგიდგენიათ, რამდენად რთული პერიოდი იყო ეს კომპანიისთვის, ვინაიდან FDA-ის ავტორიზაციის მიღება ბევრ პროცედურას და თითქმის ყველა დეპარტამენტის ჩართულობას საჭიროებს. მით უმეტეს, განაცხადის მომზადების პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რამაც თანამშრომლებში დიდი უიმედობის ტალღა გამოიწვია. ამას ემატებოდა კონკურენციის გაჩენის საფრთხე. მთლიანობაში, შეიქმნა ისეთი გარემო, სადაც სტრესი და შფოთვა მაღალ დონეზეა, 32 თანამშრომლისგან კი მხოლოდ ორს სჯეროდა პოტენციური წარმატების — 30 ამბობდა, რომ წარმოუდგენელი იყო სასურველი შედეგის მიღება.
სწორედ აქ გაჩნდა „ლეო ინსტიტუტის“ ჩართულობის აუცილებლობა, რომელმაც 17 დღის განმავლობაში იმუშავა „ფინვექტორთან“. „ჩვენი სრულფასოვანი ინტერვენცია სამდონიან ჩარევას მოიცავს. პირველი, ეს არის InsideMySelf — ინდივიდების ქმედებების გავლენის დანახვა გუნდის წევრებზე. საკუთარი ეგოს მოთხოვნილებების დანახვა და იმის დადგენა, როგორ შეიძლება ქცევის ცვლილება აზროვნების ცვლილებით. რეალურად, ამ ეგოს დონეზე მოდის 80% დანაკარგი და გადახვევა საერთო მიზნიდან… მეორე, InsideMyTeam გულისხმობს დინამიკის დანახვას თითოეულ გუნდში. ეს მოიცავს აზრების თანხვედრას და ერთობლივ მუშაობას; ამ დროს გუნდის ინტერესები პირადზე მაღლა დგება. დაბოლოს, InsideMyOrganisation — ამ ეტაპზე რაც შეიძლება მეტი გუნდი უნდა თანხმდებოდეს ერთ ხედვაზე, რათა ორგანიზაციის მთავარ მიზანთან ერთად მივიდნენ. სწორედ ეს აერთიანებს კომპანიას“, — განმარტავს გიორგი ბურჭულაძე.
ამასთანავე, „ლეო ინსტიტუტის“ გუნდი მუშაობის ფარგლებში პროცესების ცენტრალიზების პრობლემას წააწყდა. ამ დროს გადაწყვეტილების მიღება ზედა რგოლში ხდება, ხოლო მართვა შუა და ქვედა რგოლებისთვის ინსტრუქციების მიცემით და შესრულებული სამუშაოს შემოწმებით მიმდინარეობს. ამიტომაც, პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, „ლეო ინსტიტუტმა“ შუა რგოლის მენეჯერებს Follow-Up შესთავაზა, რომელიც ჯგუფური ქოუჩინგის რამდენიმე შეხვედრას მოიცავდა. სავარჯიშოს მეშვეობით, მენეჯერებმა დაინახეს, რაზე და როგორ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა, რა უნდა გადამისამართებულიყო შემდეგი დონის ლიდერებთან და რა უნდა დაედელეგირებინათ გუნდის წევრებთან.
საბედნიეროდ, ეს მცირეხნიანი მუშაობაც კი საკმარისი აღმოჩნდა მანამდე დაუჯერებელი შედეგის მისაღებად… როდესაც 6 თვის შემდეგ კვლავ მიიწვიეს „ლეო ინსტიტუტის“ გუნდი ფინეთში კიდევ ერთი სემინარის ჩასატარებლად, მათ სულ სხვაგვარი სიტუაცია დახვდათ. აქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც სტრესის და შფოთვის გარეშე მუშაობდნენ, იცოდნენ, ვის რა უნდა ეკეთებინა. სწორედ ამ ყველაფრის შედეგად, 2022 წლის დეკემბერში „ლეო ინსტიტუტის“ პროგრამის ბოლო ნაწილის დასრულებიდან 6 თვეში პრეპარატმა FDA-ის ავტორიზაცია მიიღო.
„ეგოს და გონებას ძალიან კარგი ადაპტაციის უნარი აქვს. ამიტომ, სემინარების შემდეგ აუცილებელია მუდმივი „ვარჯიში“ და „ავტომატური მექანიზმის“ სათანადოდ დატრენინგება, რათა ამ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოეწყოს ჩვენი გონება, ფიქრები თუ ქმედებები“, — გვიზიარებს თინა კუხიანიძე.
ამის მაგალითია ფინური ფარმაცევტული კომპანიის შემთხვევაც, რომელშიც ყველამ სათანადოდ გაითავისა საკუთარი როლი როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. აქვე გიორგი და თინა დასძენენ, რომ ყველა კომპანიაში სხვადასხვა ტიპის პრობლემებია, რომელთაც მიღმაც ერთი საწყისია — ამ საწყისის მრავალფეროვანი ვარიაციების მოგვარებაზე ზრუნავს „ლეო ინსტიტუტიც“.
[R]