Yes, We Cannes! – ლევან ლეფსვერიძე Cannes Lions-ის მსოფლიო ჩემპიონატის ჟიურიში მიიწვიეს. ის PR კატეგორიაში შეაფასებს ნამუშევრებს მთელი მსოფლიოდან. კანის კრეატიული ფესტივალი 17-21 ივნისს გაიმართება საფრანგეთის ქალაქ კანში.
შეგახსენებთ, ამ დროისათვის, კანის საერთაშორისო ახალგაზრდულ კონკურსზე მოსახვედრად 250-ზე მეტი გუნდი იბრძვის საქართველოდან, რომელთაგან 6 გამარჯვებული იასპარეზებს ჩვენი ქვეყნის სახელით, 6 კატეგორიაში.
ჟიურის წევრობის შესახებ ლევან ლეფსვერიძე გვიყვება.
M: ლევან, როგორ ხდება შერჩევა ჟიურის წევრების კანის ლომებზე?
კანის ფესტივალს აქვს უდიდესი ბაზა, სადაც ფიქსირდება ყველა გამარჯვებული. როგორც წესი, დიდი კვოტები იმ ქვეყნებს ეძლევათ ხოლმე, რომლებიც კანის ბევრ ჯილდოს იგებენ წლის განმავლობაში. რაკი საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, ჩვენთვის ეს კვოტა საკმაოდ შეზღუდული იყო წინა წლებში. ჩვენდა გასაოცრად, წელს, დაუშვეს ასეთი რამ და ძალიან გამიხარდა, ასეთი პატივი რომ მხვდა წილად.
M: რატომ PR-ის კატეგორია?
ალბათ, PR კატეგორიაში სწორედ იმიტომ შემარჩიეს, რომ ჩვენ მიერ მოგებული კანის ჯილდოები სწორედ PR კატეგორიას უკავშირდება. ასევე, მნიშვნელობა ენიჭება ისეთ სხვა ფესტივალებში მიღებულ გამოცდილებას, როგორიცაა Eurobest.
M: რას ნიშნავს შენთვის ასეთი როლი კანის ლომებზე?
ჩემთვის უდიდესი პატივი და გამოცდილებაა, ვიყო მსოფლიოს უდიდეს ფესტივალზე, წამყვანი პროფესიონალების გვერდით, სადაც მათი გაცნობის, მუშაობის სტილის ახლოდან დანახვის საშუალება. დარწმუნებული ვარ, სასარგებლო კავშირებს აღმოვაჩენ და ვფიქრობ, ეს ქართული კრეატიული ინდუსტრიისთვის დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი