in

„მუსიკით რაღაც ისეთს გამოხატავ, რასაც ვერ ამბობ ცხოვრებაში” – ლექსო რატიანი

არსებობენ მუსიკოსები, რომლებმაც ბავშვობიდანვე იციან, ან შეიძლება გრძნობენ, რომ საკუთარი თავი მუსიკას უნდა მიუძღვნან. შემოქმედება და მუზა ისეთი რამეა, არც ასაკს უყურებს და არც გარემოებებს, უბრალოდ, მოდის და თავს გაწერინებს.

ალბათ, ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის შემთხვევაშიც ასე მოხდა, რადგან პირველი სიმღერა ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში დაწერა და მას შემდეგ მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს ადამიანია ლექსო რატიანი. მას ვხედავთ როგორც სხვადასხვა ბენდში, არტისტებთან კოლაბორაციებით, ისე როგორც სოლოშემსრულებელს, სიმღერების მწერალსა და მუსიკოსს.

პირველი, შედარებით ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი ნამუშევარი გახდა „თევზის სიმღერა”, ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში დაწერილი, რომელიც არის არა უბრალოდ სიმღერა მოსასმენად, არამედ ღრმა ლირიკით დახუნძლული, რომელშიც იგრძნობა, თითქოს არტისტი ამბავს გვიყვება, გვესაუბრება და უცხო ადამიანებთან დიალოგში შემოდის.

ლექსო რატიანი:

მუსიკისადმი სიყვარული ჩემთვის გაჩნდა ოჯახიდან, უფრო მამის მხრიდან, რომელიც 60-70-იანი წლების როკსა და ბლუზბენდებს მასმენინებდა და როგორც ბევრ სხვას, ისე მეც, პირველად დასარტყამი ინსტრუმენტების მიმართ გამიჩნდა ინტერესი, თუმცა დრამის სახლში დადგმის საშუალება სირთულეებს წარმოადგენდა, ამიტომ დეიდაშვილმა მათხოვა გიტარა. ამ დროს ალბათ 9 წლის ვიქნებოდი.

პირველი გამოსვლები ძალიან ადრე, დაახლოებით 12 წლის ასაკიდან დავიწყე. ჩემი გიტარის მასწავლებელი იყო რობი კუხიანიძის ბენდის ყოფილი წევრი და გამაცნო რობი, რომელმაც მითხრა, რომ ორ დღეში კონცერტი ჰქონდა და შემეძლო იქ დამეკრა, თუ მენდომებოდა. 

შემდეგ უკვე მოვხვდი საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ბუნებაზე ზრუნვას ეხებოდა და აქცია-პერფორმანსით გამოვდიოდი ჩემი პოზიციის დასაფიქსირებლად. სადღაც 14 წლიდან, ასევე, დავიწყე ჯაზის სწავლა ნიჭიერთა ათწლედში, ხოლო, როცა უნივერსიტეტში ჩაბარების დრო მოვიდა, კონსერვატორიაში ჯაზის მიმართულებით გავაგრძელე სწავლა. 

ამის პარალელურად, უკვე ერთგვარი ერა დაიწყო ბენდებში დაკვრის. პირველი იყო ბაჩო ჯიქიძე, მერე ჯგუფი „არა”, სადაც შვიდი წლის განმავლობაში ვუკრავდი, ბოლო რამდენიმე წელია კი, Tamada-სთან ვუკრავ. 

ამ ყველაფრის ფონზე მივხვდი, რომ ჩემი, როგორც მუსიკოსის სოლოკარიერა ცოტა დამეჩაგრა და საზოგადოებამ უფრო გიტარისტად გამიცნო, ამიტომ ვცდილობ, რომ პირად პროექტებსაც დავუთმო დრო და ჩემს ბენდთან ერთად ისევ გავაცოცხლო სოლოხაზი.

M: როგორია თქვენთვის შემოქმედებითი პროცესი?

ჩემი სიმღერის წერის პროცესი ხშირად მუსიკალური მოტივით იწყება, ჯერ ჩნდება მელოდია ან აკორდები და მერე შეიძლება წლებიც კი დამჭირდეს იმის მისახვედრად, რომ ის შეგრძნება, რაც მუსიკის ენაზე დამებადა, როგორ და რა სიტყვებით შეიძლება გადმოსცე ტექსტში. 

ზოგჯერ პირიქითაც ხდება – ჩემთვის ვღიღინებ რაღაც ცალკეულ ფრაზებს, რომლებიც მაქვს თავში და მერე რაღაც დროს იკვრება ეს ყველაფერი, ერთ სიმღერად ერთიანდება.

M: რა არის ხოლმე თქვენი შემოქმედებითი გზავნილი მსმენელთან?

გზავნილი წინასწარ არასოდესაა ჩაფიქრებული, იმიტომ რომ ტექსტებს ხშირად გაუცნობიერებლად ვწერ, უბრალოდ, ვხვდები, რომ გულწრფელ ემოციაც გადავცემ და ინტუიცია მიმანიშნებს, რომ ეს უნდა დავწერო. ზუსტად მე თვითონაც შეიძლება არ ვიცოდე, რაზე ვწერ და რას ეხება. თვეების ან წლების შემდეგ რომ მოვისმენ, შესაძლოა, გამიჩნდეს ის აზრი, რომ ეს სიმღერა მარტოობაზეა, ან რაღაცის ნაკლებობაზე და ა.შ.

მგონია, ხელოვანი იმიტომ ქმნის ხელოვნებას, რომ ამ ფორმით რაღაც ისეთს გამოხატავს, რასაც ვერ ახერხებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს შეგრძნება სულ თან გდევს, რომ რაღაც გაქვს სათქმელი, რაღაცის დანაკლისს განიცდი. ალბათ, ჩემს მუსიკაშიც ეს იკითხება.

M: რომელიმე პროექტი ან მუშაობის პროცესი თუ გახსენდებათ განსაკუთრებულად?

სიმღერა ჩემთვის თვითთერაპიის საშუალებაა ხოლმე და მაქვს ერთი ასეთი, რომელიც ჩემს თავს დავუწერე, როგორც ერთგვარი „იავნანა”, ოღონდ არა დასაძინებლად, არამედ დასამშვიდებლად. 

თუმცა მოგვიანებით დამიდგა ისეთი პერიოდი, როცა მივხვდი, რომ ჩემი თავის დამშვიდება ისედაც შემიძლია, ამ სიმღერის გარეშე და ნელ-ნელა დამავიწყდა სიტყვებიც, აკორდებიც. შემდეგ გამახსენდა, გარკვეული დროის მერე კი ისევ დამავიწყდა, რაც, ვფიქრობ, რომ ტყუილად არ ხდება – თუ მავიწყდება, ესე იგი, ამ მდგომარეობას მოწყვეტილი ვარ და ახლა არ მჭირდება მისი მოსმენა. 

ერთადერთი, ვიცი, რომ სადღაც არსებობს ჩემი სიმღერა, რომელიც, თუ გამიჭირდება, ვიცი, რომ მაქვს და შემიძლია, ისევ მაგით მოვუარო ჩემს თავს.

M: რას იტყოდით დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიაზე, ორიოდე სიტყვით როგორ შეაფასებდით?

თუკი ადრე მუსიკით მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ დაკავებული, რომლებიც სამეფო კარზე მსახურობდნენ, დღეს ამ საქმის კეთება ნებისმიერს შეუძლია. ახლა ყველა ადამიანი თავისებურად გამოხატავს თავს და მუსიკაც მივიდა იქამდე, რომ შეიძლება არ მოგწონდეს, ესა თუ ის ადამიანი როგორ გამოხატავს თავის თავს, მაგრამ თავად აქტი იმისა, რომ მას აქვს ხელსაწყო, რითაც თავს მოურიდებლად გადმოსცემს, უკვე კარგია და უკვე ხელოვნების ძალას გვაჩვენებს.

თანამედროვე ქართულ მუსიკაში არიან საინტერესო არტისტები. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ რაოდენობა კიდევ გაიზარდოს და კიდევ უფრო ვისურვებდი იმას, რომ მეტი სივრცე ჰქონდეს მუსიკოსს ამ ყველაფრისთვის. 

M: ამჟამად როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ახლა ჩემთან ასეთი ამბებია – აქტიურად ვმუშაობ ახალ ჩანაწერებზე და საკუთარ მუსიკაზე. გამოვა ჩემი ახალი სიმღერაც, რომელიც დაახლოებით სამი წელი თაროზე მქონდა შემოდებული და ახლა იხილავს დღის სინათლეს.

ამ ზაფხულს პირველი კონცერტი გვქონდა ბენდს ახალი შემადგენლობით „ლექსო რატიანი და ბედი”, ახლა კი, შემოდგომის მეორე ნახევრიდან კიდევ ვგეგმავთ ცოცხალ შესრულებებს.

M: დაბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?

დავუტოვებ ჩემს სიმღერას, რომელიც სულ ახალთახალი გამოქვეყნებულია.

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ პარტნიორებს ლიკვიდობის მართვის ახალი შესაძლებლობები წარუდგინეს

გვისმენს თუ არა Instagram ჩვენი მიკროფონის საშუალებით? — კითხვას ადამ მოსერი პასუხობს