4
Sep
2019

რა ხდება, როცა კარიერაში ფულზე მაღლა სიამოვნებას აყენებთ?

4 Sep 2019

წარმატებას რით ზომავთ? მაგალითად, ფულით? შესაძლოა, ოცნებობთ, დააგროვოთ დიდი კაპიტალი, იყიდოთ უფრო დიდი სახლი, სადაც ბოლოს და ბოლოს, თავს ბედნიერად იგრძნობთ… თითქოს, საქმის კეთებისას გონებაში სულ კალკულატორია ჩართული, რომელიც ფულადი ნაკადის მატებას აღნუსხავს და მოუსვენრად გაძლევთ სიგნალს, რომ გზა დანიშნულების წერტილამდე, ჯერ კიდევ, გრძელია. შრომობთ ბევრს, მაგრამ საღამოობით, სადღაც გულის სიღრმეში, ხვდებით, რომ რაღაც არ მოგწონთ. დაფიქრებულხართ, საკუთარ საქმეზე, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებდათ? შესაძლოა, ნაკლებშემოსავლიანი იყოს, მაგრამ სამაგიეროდ, ბედნიერად იგრძნობდით თავს. დათმობდით ფინანსებს სიამოვნების სანაცვლოდ? ერთი შეხედვით, ეს რომანტიკულად ჟღერს, მეორე მხრივ, საშიშად და ყურში ჩაგვესმის ეჭვიანი კითხვა: “გამომივა?”. კითხვა სამართლიანია, მით უფრო, რომ ფონად ამ ყველაფერს, ფინანსებთან დაკავშირებული გამოწვევები ახლავს, რისგანაც რაც შეიძლება შორს გსურთ ყოფნა. მაშ ასე, ფული თუ სიამოვნება? მოდით, ზოგადი საუბარი რომ ავირიდოთ თავიდან Procter & Gamble-ის ყოფილი დირექტორის, სკოტ მაუცის, ამბავს მოგიყვებით.

pasha-statiebi
pasha-statiebi

როგორც თავად საუბრობს, ათწლეულების განმავლობაში კონცენტრირებული იყო შემოსავლებზე. ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა დათანხმებოდა უფრო ნაკლებ ანაზღაურებას. თუმცა, გრძნობდა, რომ რაღაც განსხვავებული სჭირდებოდა და ეს იყო სიამოვნება.

იგრძნო დაუძლეველი სურვილი, მდგარიყო სცენაზე, ესწავლებინა, ეწერა… თუმცა, ეს ნიშნავდა, ჩამოშორებულიყო კორპორატიულ გარემოს და დაეწყო საკუთარი ბიზნესი, მეუღლესთან ერთად. ეს იყო ნახტომი შეუცნობელში, რომელსაც საკმაოდ დიდი ფინანსური რისკები ახლდა. თუმცა, სკოტმა გააცნობიერა, რომ იყო რაღაც, ფულზე უფრო პრიორიტეტული. ჯერ კიდევ მუშაობდა, როდესაც ენტრეპრენერული საქმიანობის დაგეგმვა დაიწყო, შეიმუშავა სასემინარო პროგრამა და ქოუჩინგის მოდელი. როცა მზაობა იგრძნო, სამსახურიდანაც სიხარულით წამოვიდა.

ჰო, რაც შეეხება ფულს: სკოტი და მისი მეუღლე მივიდნენ აზრამდე, რომ ბედნიერებისთვის დიდი ფული არ სჭირდებოდათ და შეთანხმდნენ, ეცხოვრათ არა მდიდრულად, არამედ კომფორტულად.

დაიწყეს ფინანსური გეგმის შემუშავება, რაც ცხოვრების ახლებურ და შედარებით მოკრძალებულ სტილს მოერგებოდა. სწორედ ეს იყო მდგომარეობა, რომელზეც ვამბობთ ხოლმე ფრაზას “less is more” (უფრო ნაკლები უფრო მეტია). სკოტმა და მისმა მეუღლემ სრულიად ახალ, მათთვის უცნობ სამყაროში შეაბიჯეს.

სრულიად მოულოდნელად

ფინანსური წნეხი აღარ არსებობდა. ამან სკოტს საშუალება მისცა, მთელი სიამოვნებით ჩაბმულიყო ბიზნესის წარმართვაში და პრიორიტეტი არა ფულისთვის, არამედ იმ ბედნიერებისთვის მიენიჭებინა, რაც საქმეს ახლდა. ფულზე ფიქრის ხაფანგისგან თავისუფალმა წყვილმა საქმის პროდუქტიულად შესრულება დაიწყო. ადვილად მიდიოდნენ რისკზე და არც ექსპერიმენტებს ერიდებოდნენ. ხალისიანმა მიდგომამ განაპირობა, რომ ყველა დეტალი, სტატია, სემინარი თუ სასწავლო კურსი უშეცდომოდ მზადდებოდა და ამას კლიენტებიც ამჩნევდნენ. პერმანენტულად იზრდებოდა მოთხოვნა. დღეს კი, წყვილის შემოსავალი უწინდებურს ბევრად სჭარბობს.

როგორც ჩანს, საქმიდან მიღებული სიხარული, ფულზე მეტად, სხვა ნიუანსებს უკავშირდება.

რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ მას შემდეგ, რაც ამას გავაცნობიერებთ?

ამ კითხვას ცალსახა პასუხი არ აქვს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სტატიის წაკითხვის შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა წამოხვიდეთ სამსახურიდან და ხელნაკეთი ნივთების ჯიხური გახსნათ, სადღაც, პლიაჟზე. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. შესაძლოა, უკვე დაკავებული ხართ კიდეც საქმით, რაც გიყვართ და შემოსავალსაც გაძლევთ. მაგრამ თუკი ჯერ კიდევ განიხილავთ, როგორ მოიქცეთ, როგორ აკეთოთ საყვარელი საქმე, უნდა იცოდეთ, რომ ეს არ ნიშნავს აუცილებლად ნაკლებ ძალისხმევას. ამასთან, არ დაგავიწყდეთ გაითვალისწინოთ ნახტომი: თუკი საინვესტიციო ბანკირის პოზიციიდან წამოსვლას აპირებთ, რომ მასწავლებლობა დაიწყოთ, ეს უფრო მძიმედ დაეტყობა თქვენს ბიუჯეტს, ვიდრე მომიჯნავე სფეროში გადასვლა.

თქვენ როგორ ფიქრობთ? შეგიძლიათ დაკავდეთ საქმით, რომელსაც მეტი სიხარული მოაქვს, იმის მიუხედავად, ნაკლებშემოსავლიანი იქნება ის თუ არა? გამონახავდით დროს, იმუშაოთ უფრო მეტი იმ საქმეში, რომელიც გიყვართ?

 

წყარო: inc



განხილვა