in ,

გაკვეთილები, რაც „დისნეის“ ჯადოსნურმა საახალწლო რეკლამამ შეიძლება გვასწავლოს

როცა საქმე სადღესასწაულო რეკლამებს ეხება, მოლოდინი ყოველთვის დიდია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასპარეზზე დისნეი გამოდის. წელს კომპანიამ სააგენტო adam&eveDDB-სთან ითანამშრომლა და გაცოცხლებული ნახატის, „დუდლის“ ისტორია მოგვიყვა. Gut-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული თავმჯდომარე, ანსელმო რამოსი ახალ ნამუშევარს აფასებს და იმ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ბრენდს ძველ დიდებას უბრუნებს.

რამოსის თქმით, წარმატების მთავარი ინდიკატორი კი ისაა, როცა მთელმა მსოფლიომ ზუსტად იცის, რას ემსახურები. სოციალურ ქსელებში ახალ რგოლს მაყურებელი „ნამდვილ ჯადოქრობას“ უწოდებს და ბავშვობის დროინდელ ემოციებს იხსენებს. როდესაც აუდიტორია შენს ნამუშევარს სპონტანურად სწორედ იმ სიტყვით („Magic“) ახასიათებს, რაც შენი ბრენდის ფუნდამენტია, ეს უკვე გამარჯვებაა.

დიდი რეკლამის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი ისტორიის პროდუქტზე დაშენებაა. „ვერ მოყვები ამბავს პროდუქტის გარეშე“ – ეს წესი აქაც იდეალურადაა დაცული. „დუდლის“ პერსონაჟი თავის ხასიათს ვერ გამოავლენდა, რომ არა „მისტერ კარტოფილის“ პირი და ულვაში. სწორედ ამიტომ, ეს რგოლი გაცილებით ძლიერია, ვიდრე წინა ნამუშევარი „ბიჭი და რვაფეხა“, რომელიც უფრო ზოგად ბრენდინგზე იყო ფოკუსირებული. აქ კი, საშობაო განწყობასთან ერთად, კონკრეტული პროდუქტების წინა პლანზე წამოწევაც ოსტატურადაა გადაწყვეტილი.

ვირუსული გავრცელებისთვის კი რეცეპტი მარტივია: აიღეთ სტიჩი, გროგუ, „მისტერ კარტოფილი“, დაამატეთ ტაიკა ვაიტიტის უნიკალური ხედვა და რენდი ნიუმენის საკულტო “You’ve Got a Friend in Me”. მთავარ პერსონაჟს კი ჯონ გუდმანის („მონსტრების კორპორაციის“ სალი) ხმა აჩუქეთ. შედეგად ვიღებთ ნაზავს, რომელიც მილიონობით ნახვასა და გაზიარებას განაპირობებს.

რაც შეეხება შემსრულებლებს, adam&eveDDB-მ თავი უკვე დაიმკვიდრა საშობაო რეკლამების ექსპერტად ჯონ ლუისთან თანამშრომლობით, რასაც ინდუსტრია დღემდე ნოსტალგიით იხსენებს. დისნეის არჩევანიც ლოგიკური იყო. თუმცა, როგორც ჩანს, სააგენტო ჯერ მხოლოდ კრეფს სიჩქარეს. იმედია, ეს ტანდემი კიდევ დიდხანს გაგვახარებს ჯადოსნური დუეტების ისტორიებით და ვინ იცის, იქნებ საშობაო რეკლამების ახალი „ოქროს სტანდარტი“ სწორედ დისნეი გახდეს.

წყარო: Adweek

Spotify ბრიტანული იუმორით Wrapped 2025-ის ამბებს ჰყვება — კინემატოგრაფიული ფილმი

კვლევა: კომენტარებზე პასუხი LinkedIn-ზე ჩართულობას 30%-ით ზრდის