in

მიეცით თავს უფლება, იყოთ არაპროდუქტიულები – თუნდაც, მცირე ხნით

Harvard Business Review-ს ერთ-ერთი გუნდის წევრი, პიტერ ბრეგმენი გვიზიარებს თავის საკმაოდ სამწუხარო გამოცდილებას, რომელმაც ის საბოლოოდ მიიყვანა დასკვნამდე, რომ არაუშავს, თუ ხანდახან არაპროდუქტიულები ვიქნებით.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მას ცოტა ხნის წინ მამა გარდაეცვალა. რის მერეც თავი დაკარგულად, არაპროდუქტიულად, უიმედოდ და უმოქმედოდ იგრძნო. და ამ უკიდეგანო მწუხარებაში მან გააცნობიერა, რომ გარშემო უამრავი ადამიანია, ვინც მსგავსადვე იწვნია პანდემიის, ეკონომიკური კოლაფსისა და რასობრივი უსამართლობის შედეგები.

ამავდროულად, ბრეგმენი გვიყვება იმ შინაგან მშვიდ და სასიამოვნო ხმაზე, რომელიც გვეუბნება, რომ არაუშავს, თუ არაპროდუქტიულები ვიქნებით.

“სულ მცირე ხნით მაინც – იგრძენი სევდა, იგრძენი დანაკარგი, იგრძენი ცვლილება. გადაეშვი იმ დისკომფორტის შეგრძნებაში, რომელსაც წინსვლის შეფერხება იწვევს, საქმის არგაკეთება იწვევს. უცნაური და ალოგიკურია, თუმცა ხანდახან პროგრესის არქონაც პროდუქტიულობაა. ასეთ დროს, ჩვენგან დამოუკიდებლად, რაღაც ნაყოფიერი ხდება.”

არსებობს ცხოვრებაში მომენტები, როცა ჩვენს გონებაში დიდი გადატრიალება ხდება. ამ გადატრიალებებს ძირითადად დიდი ცვლილებები იწვევს. ამ ცვლილებების გადახარშვა კი არავისთვისაა მარტივი.

როგორ შეგვიძლია, ვანუგეშოთ და დავეხმაროთ საკუთარ თავებს ასეთ მომენტში?

ამ კითხვაზე პასუხს ბევრგან იპოვით, თუმცა, პასუხები იქნება ამგვარი: მედიტაცია, პროზისა და პოეზიის კითხვა, გასეირნება, საყვარელი საქმის კეთება და ა.შ მაგრამ გვეხმარება კი რეალურად ეს ყველაფერი შევანელოთ ჩვენი ცხოვრების ტემპი დროებით და გონებას დასვენების საშუალება მივცეთ? რეალურად, ისინი უფრო მეტის კეთებას გვთავაზობენ. ბრეგმენი კი მისთვის გამართლებულ ხერხს – არაფრის კეთებას გვირჩევს, ან სულ მცირე – ნაკლების კეთებას.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუკი ამის მიღწევა გსურთ?

თქვენს დროს

მოშორდით თქვენს კალენდარს. დაიტოვეთ დრო არაფრის კეთებისთვის – აბსოლუტურად, სრულიად არაფრის კეთებისთვის! ეს არაა ის პერიოდი, როცა თქვენ მიერ გასაგზავნ მეილებზე ან დაგეგმილ შეხვედრებზე უნდა იფიქროთ. არც ის დროა, როცა შესვენებები კიდევ უფრო მეტი ფიქრით დატვირთოთ. გათავისუფლდით ყველა იმ დროებითი დარდისგან, რომლებიც საბოლოო ჯამში არაფერს ნიშნავს და ტყუილად გსტრესავთ. დააფასეთ დრო და არაფრის კეთების უნარი, რომელიც ასე უშრომელად მოგვეცა..

თქვენს აზროვნებას

ნუ იქნებით ყურადღებიანი და მუდამ მოფიქრალი – ეს უფრო მეტ კონტროლთან, წნეხთან, მოთხოვნასთან ასოცირდება. მიეცით თქვენს გონებას საშუალება იქითკენ წარმართოს ფიქრი, საითკენაც სურს. როდესაც სავარჯიშოდ ან სარბენად გახვალთ ნუ მოუსმენთ ყურსასმენებში მუსიკას ან პოდკასტს, უბრალოდ ივარჯიშეთ/ირბინეთ. მაქსიმალურად იზრუნეთ ყურადღების მოდუნებაზე.

თქვენს ურთიერთობებს

თუკი თქვენ გჭირდებათ ხალხთან შეხვედრებისგან დასვენება, დართეთ თავს ამის ნება. ადამიანებთან შეხვედრა ყოველთვის რაღაც ახალს გვძენს, რისთვისაც შესაძლოა, ამ მომენტში მზად არ ვიყოთ. ამიტომაც, არაფრის კეთებისას გაითვალისწინეთ, რომ დროებით მოეშვათ და დაისვენოთ ურთიერთობებისგან.

“სასიამოვნო და მზრუნველი მეგობრები მყავს, რომლებთან ერთადაც ხშირად დავრბივარ, თუმცა მაშინ, როცა მარტო ყოფნა მჭირდება, პირდაპირ ვეუბნები მეგობრებს, რომ ახლა თავს სხვანაირად ვგრძნობ და მარტო სირბილი მირჩევნია. მათ ესმით. თუკი გსურს, რომ შენს მეგობრებთან ახლოს იყო, პირდაპირ, გულწრფელად უნდა უთხრა, რას გრძნობ და როგორ გირჩევნია, მოიქცე,” – ამბობს ბრეგმანი.

წყარო: HBR



როგორ შეიქმნა ბრენდინგი აქ.ახლა

“ვიცე-რექტორობას თავი დავანებე და 38 წლის ასაკში გავხდი სტარტაპერი” – ძიძებისა და მშობლების დამაკავშირებელი პლატფორმა My Nanny