in

მიეცი საკუთარ თავს მწუხარების, გაბრაზების, შიშის უფლება და ასე გათავისუფლდები ამ ემოციებისგან

ეკრანებზე გამოსახული სახეები, დღეს, ჩვენი საქმიანობის განუყოფელ ნაწილად იქცა. დისტანციურად გვიწევს საუბარი ყველაფერზე, მაგალითად, რა ტიპის კონტენტი შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს, ან როგორ გადავიყვანოთ ბიზნესი ელექტრონულ კომერციაზე; მაგრამ გარდა ამისა, იმის საშუალებაც გვაქვს, კოლეგებს ისიც გულწრფელად გავუზიაროთ, თავს როგორ ვგრძნობთ და რომ ვთქვათ, ამ გრძნობას სევდა ჰქვია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

„თუ ამ მდგომარეობისთვის სახელის დარქმევა შეგვიძლია, ესე იგი, მისი მართვაც შეგვიძლია“, – ამბობს დევიდ ქესლერი, სიკვდილისა და მწუხარების ექსპერტი და გვიზიარებს, რატომ არის მწუხარების აღიარება მნიშვნელოვანი, მასთან გამკლავების პროცესში.

დევიდ ქესლერი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ მსოფლიო იცვლება და ჯერჯერობით, ეს პროცესი კვლავ გრძელდება. თითქოს ვიცით, რომ ეს დროებითია, მაგრამ ამასთანავე, ვაანალიზებთ, რომ ძალიან ბევრი რამ ისე აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო: ადრინდელი ჩვეული მდგომარეობა, შიში ეკონომიკურ დანაკარგზე, ერთმანეთთან კავშირი. ამ ცვლილებებზე ფიქრი გვიტევს და გვამწუხრებს. კოლექტიურად.

ამ შეგრძნებას ნაადრევი მწუხარება ჰქვია. ნაადრევი მწუხარება არის გრძნობა, როცა გაურკვეველ მოცემულობაში მყოფი, აუცილებლად ნეგატიურ კონტექსტში განიხილავ მომავალს. ხშირად, ჩვენი გონება სიკვდილზე კონცენტრირდება. ეს გრძნობა უფრო მძაფრდება, როცა შემზარავ დიაგნოზს გვისვამენ, ან როცა ვფიქრობთ, რომ ოდესმე, ჩვენი მშობლები გარდაიცვლებიან… ნაადრევი მწუხარება უფრო ფართოდ წარმოდგენილი მომავალია. თითქოს შტორმი გვიახლოვდება. რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. ვირუსიც ამ ეჭვებს აღძრავს ჩვენში. პრიმიტიული აზროვნებითაც კი ხვდები, რომ რაღაც ცუდი ხდება, მაგრამ მისი დანახვა არ შეგიძლია. ეს ჩვენი უსაფრთხოების გრძნობას ბზარავს. მოკლედ, ყველა ჩვენგანი წუხს მიკრო თუ მაკრო დონეზე.

და რა რეაქცია უნდა გვქონდეს შექმნილ ვითარებაზე?
ინდივიდულაურია. არსებობს უარყოფა: „ეს ვირუსი ჩვენზე გავლენას არ მოახდენს“. გაბრაზება: „სახლში რანაირად უნდა დავრჩე და ჩემი საქმე დისტანციურად ვაკეთო?“ კომპრომისი და იმედი: „კარგი, ორკვირიანი სოციალური დისტანციის შემდეგ, ყველაფერი უკეთესად იქნება, ხომ?“ სევდა: „არ ვიცი, ეს როდის დასრულდება“.

ყველაზე მთავარი მოცემულობის მიღებაა. ჩვენს რეაქციას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია აღიარება, რომ ეს ხდება და მერე იმის გამორკვევა, როგორ უნდა განაგრძო ცხოვრება. სწორედ ესაა ადგილი, სადაც ჩვენი ძალა და ენერგია მდებარეობს – გაცნობიერებასა და აღიარებაში: მე შემიძლია, დავიბანო ხელები, დავიცვა დისტანცია, ვისწავლო ვირტუალურად მუშაობა…

დავუბრუნდეთ ნაადრევ მწუხარებას: არაჯანსაღი ნაადრევი მწუხარება არის იგივე შფოთი. როცა ჩვენს გონებას იპყრობს ნეგატიური ფიქრები და ყველაზე უიმედო სცენარს ავითარებს. ამ უარყოფითი შეგრძნების დათრგუნვით, მას უფრო ვაღვივებთ. მიზანი კი, რეალურად, ბალანსის პოვნა შეიძლება, იყოს იმ მოვლენების გარშემო, რომელზე ფიქრიც გიწევს. მაგალითად, თუ მომავლის ყველაზე საზარელი სურათი გიდგას თვალწინ, იფიქრე საუკეთესოზეც. „ჩვენ ყველანი ვხდებით ავად“, მაგრამ „ცხოვრება გრძელდება“, „ყველა, ვინც მიყვარს, არ იხოცება“… არცერთი ეს პოლარულად განსხვავებული ფიქრი არ უნდა დავაიგნოროთ, მაგრამ არც უპირატესობა უნდა მივანიჭოთ რომელიმე მათგანს.

თავის დასამშვიდებლად, საჭიროა აწმყოში ყოფნა. ეს, ალბათ, ნაცნობი რჩევა იქნება მათთვის, ვინც მედიტირებს… ამბობენ და მეც ვადასტურებ, რომ ეს ტაქტიკა ნამდვილად მუშაობს – ჩამოთვალე 5 ნივთი შენი ოთახიდან: კომპიუტერი, სკამი, ძაღლის ფოტო, ძველი ხალიჩა, ყავის ჭიქა. მარტივია. ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნქთე. გააანალიზე მიმდინარე მომენტი. შენ რასაც ვარაუდობდი, ის არ ხდება. ამჟამად, შენ კარგად ხარ. გაქვს საჭმელი, არც ავად ხარ. გამოიყენე შენი შეხების ორგანოები და დააკვირდი, როგორია ნივთები შენ გარშემო: მაგიდა მყარია, საბანი რბილი. შეგიძლია, დააკვირდე, როგორ სუნთქავ ცხვირით?

და უბრალოდ, როგორ უნდა გავუშვათ, როგორ მოვიცილოთ თავიდან ის, რასაც ვერ ვაკონტროლებთ? მაგალითად, რასაც შენი მეზობელი აკეთებს, შენს კონტროლს არ ექვემდებარება. შენ შეგიძლია, გააკონტროლო, რომ თავად დაიჭირო ადამიანებისგან დისტანცია, დაახლოებით, 2 მეტრი, ხელები დაიბანო და სხვა. შენ რისი კონტროლიც შეგიძლია, მასზე კონცენტრირდი.

ყველა ჩვენგანს ეშინია, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად ვამჟღავნებთ. იყავით მომთმენი. იფიქრეთ, ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ჩვენ გარშემო ადამიანები როგორები იყვნენ და ნუ განსჯით მათ იმის მიხედვით, პანდემიამ როგორ იმოქმედა და რა სახით გამოვლინდა მათში უჩინარი მტრის შიში.

ესაა დრო, როცა უსაფრთხოების ზომების მიღება ზედმეტი შეიძლება მოგვივიდეს, მაგრამ ვეცადოთ, არ გვქონდეს მეტისმეტად მწვავე რეაგირება. მჯერა, ვიპოვით შესაძლებლობას, ეს გამოცდილება პოზიტიურ შენაძენად იქცეს. მაგალითად, იმის აღმოჩენით, რომ საქმის დისტანციურად კეთება შესაძლებელია, პირადი სივრცისა და თავისუფალი დროის ქონა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე აქამდე ვაანალიზებდით და ა.შ.

რჩევა მათ, ვინც მწუხარებამ წალეკა…
ემოციებს სჭირდება ქმედება. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რას ვუმკლავდებით. ჩვენ საკუთარ თავს ვეუბნებით: „მოწყენილი ვარ, მაგრამ ასე არ უნდა ვიყო“. თუმცა კი, მიეცი საკუთარ თავს მოწყენის, გაბრაზების, შიშის უფლება და ნუ დათრგუნავ მათ. თუ ამ ემოციებს შენში არსებობის უფლებას მისცემ, მათგან გათავისუფლებასაც შეძლებ.

კიდევ ერთხელ, მიეცი საკუთარ თავს მწუხარების ნება და ცხოვრება განაგრძე მშვიდად.

წყარო: HBR



Pulse Concept – კონცეპტ-მანქანა საფრენი კაფსულით

Samsung-ის ყალბი ფანჯარა, საიდანაც მზის ხელოვნური შუქი შემოდის