27
Nov
2018

“ლეთა” – ბებიის რეცეპტით შექმნილი ჯემები

27 Nov 2018

Startauperi
Startauperi


ორი წლის წინ ქართულ ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური ჯემების ახალი წარმოება “ლეთა” გამოჩნდა. ბებიის ორიგინალური რეცეპტი მისი შემქმნელებისთვის ერთგვარ ინსპირაციად იქცა, ეწარმოებინათ ჯემები, რომლებიც კონსერვანტებისა და დანამატების გარეშე იქნებოდა. “ლეთას” შესახებ მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, თამარ ათუაშვილს ვესაუბრეთ:

M: საიდან და როდის გაჩნდა „ლეთას“ შექმნის იდეა? 

ლეთას შექმნის იდეა გაჩნდა ორი წლის წინ, აგვისტოში, როდესაც მე და ჩემი მეგობარი ჩემს სოფელში ვისვენებდით. იმ პერიოდში დედამ ბებიას რეცეპტით მოცხარის ჯემი მოამზადა და პატარა, ლამაზ ქილებში ჩაასხა. საუზმედ ერთ-ერთი გავხსენით და იმდენად აღფრთოვანდა ჩემი მეგობარი ჯემის არომატითა და ჟელატინის მსგავსი კონსისტენციით, რომ მაშინვე გაგვიჩნდა იდეა, უფრო ფართო მასშტაბით დაგვეწყო ჯემების წარმოება. დღემდე შავი მოცხარის ჯემი რჩება „ლეთას“ შექმნის ინსპირაციად და უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ მოთხოვნადია.

M: კონკრეტულად, რა პროდუქციას ქმნით და სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენ ვქმნით ნატურალურ ხილის ჯემებს ხელოვნური დანამატების გარეშე. აღსანიშნავია კენკროვანთა ჯემები (მოცხარი, ჟოლო, მოცვი). ჩვენი ნაწარმი გამოირჩევა განსაკუთრებული ცოცხალი არომატითა და ბუნებრივი ჟელატინის სტრუქტურით. მომხმარებელს ვთავაზობთ წლების განმავლობაში დამუშავებული რეცეპტურით მომზადებულ ქართულ ნატურალურ ნაწარმს.

M: რა მასალას და ტექნოლოგიას იყენებთ მათ დასამზადებლად?

ჩვენი ჯემების მოსამზადებლად ვიყენებთ ხილის რბილობს, ძირითადად, გადამუშავებული სახით (კურკისა და ქერქის გარეშე), შაქარს და ბებიის რეცეპტით გათვალისწინებულ მომზადების მეთოდს, რომელსაც საიდუმლოდ დავტოვებ.

M: როგორ ფიქრობთ, რითი არის თქვენი პროდუქცია ბაზარზე გამორჩეული?

სხვა კონკურენტებთან შედარებთ ჩვენი პროდუქციის უპირატესობაა მისი განსაკუთრებული არომატი და სტრუქტურა. ასევე, არ ვიყენებთ ხელოვნურ დანამატებს და კენკროვანი ჯემები დამზადებულია ცოცხალი სახით, რაც გულისხმობს იმას, რომ მდიდარია ვიტამინებით და სამკურნალო თვისებებით.

M: როგორია ბრენდის სამომავლო ხედვა? 

გვსურს, ადგილი დავიმკვიდროთ ქართულ ბაზარზე. ასევე, სამომავლოდ იგეგმება ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლაც, თუმცა, მანამდე იგეგმება წარმოების გაზრდა, რისთვისაც აქტიურად ვეძებთ სპონსორს. სამომავლო პერსპექტივაშია ტურისტულ ზონებში მოძრავი დახლის შექმნაც ადგილობრივი დეგუსტაციით.

M: რაიმე პროექტსა ან კამპანიაში თუ ყოფილხართ ჩართული, ამაზეც გვესაუბრეთ..

გასულ წელს მონაწილეობას ვიღებდით „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში“, რომელიც დიდი  ტრამპლინი აღმოჩნდა ჩვენთვის. 2018 წლის აპრილში ჩვენი პროდუქტი გატანილი გვქონდა „მეწარმეთა სივრცე 2018-ზე”, ხოლო სექტემბერში „ფერმერთა დღეზე”, რომელიც გაიმართა ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.

M: როგორი სერვისებით შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?

ჩვენი პროდუქციის შეძენა ამჟამად ონლაინ შეკვეთით არის შესაძლებელი, თუმცა, ახლო მომავალში ვგეგმავთ მაღაზიებში განთავსებასაც. ასევე, მისი დაგემოვნება შესაძლებელია დესერტის სახით „მოკი-ში”.

M: როგორ ფიქრობთ, ვისთვის არის „ლეთას“ პროდუქცია?

„ლეთას“ პროდუქცია არის ყველასთვის, ვისაც უყვარს ჯანსაღი, ნატურალური და არომატული ნუგბარი.

განხილვა