არაფორმალური განათლების როლი დღევანდელ სამყაროში დღითიდღე იზრდება, მათ შორის მოზარდების ცხოვრებაშიც. ყველა ბავშვზე ორიენტირებული მშობელი ცდილობს, შვილს შინაარსიანად დროის გატარების საშუალება მისცეს, დაეხმაროს, მიიღოს მეტი განათლება და საჭირო უნარები, მით უფრო იმ ფონზე, რომ ინტერნეტსივრცე და სმარტფონები სულ უფრო მეტ დროს სტაცებს მოზარდებს, ხოლო ფორმალური განათლების სისტემას უჭირს ბავშვებში სწავლისადმი ინტერესის გაღვივება და მოსწავლეების სათანადო ცოდნითა თუ უნარებით აღჭურვა. არაფორმალური განათლების აკადემია „ლეტერატო“ სწორედ ამ პრობლემების გადაჭრას ემსახურება. ის უკვე 7 წელია ბაზარს მოზარდებისათვის ექსკლუზიურ ეკოსისტემას სთავაზობს.
ლეტერატოს არსზე, სწავლების პროცესსა და მიღწეულ შედეგებზე მისი დამფუძნებელი თაკო რაზმაძე გვესაუბრება. ის ამბობს, რომ ლეტერატოში სწავლის პროცესი არამხოლოდ მოზარდებისთვისაა ტრანსფორმაციული, არამედ პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ჩვენს საზოგადოებაზეც. ხარისხიანი განათლების გარდა, ინტერესი, თვითრეალიზაციის საშუალება და მოტივაცია, რასაც ლეტერატო უღვივებს მოზარდებს, მათ წარმატებული ზრდასრული ცხოვრებისთვის ამზადებს. მისი კურსდამთავრებულები დღეს უკვე საქართველოსა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სტუდენტები არიან. ზოგიერთი მათგანი კი უკვე გლობალურ კომპანიებშია დასაქმებული.
M: გვიამბეთ ლეტერატოს დაარსების შესახებ, რატომ არაფორმალური განათლების აკადემია მოზარდებისთვის?
ლეტერატო 2017 წელს დაარსდა. ეს იდეა კარგა ხანი მწიფდებოდა გამომდინარე იმ პრობლემებიდან, რაც ჩვენს საზოგადოებაში და, ზოგადად, თანამედროვე სამყაროში არსებობდა. გააზრების პრობლემა, მოწოდებული მასალის ზედაპირულად და ცალმხრივად აღქმა, ცრუ ინფორმაციის ნდობა, მოუქნელი ფორმალური განათლება და სწავლების მოძველებული მეთოდოლოგია — ეს ყველაფერი, შესაძლოა, ერთი შეხედვით არააქტუალურად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში უზარმაზარ გავლენას ახდენს მთლიანად საზოგადოების ცხოვრების ხარისხზე. ის ყველა სფეროში იჭრება, იქნება ეს ეკონომიკა, პოლიტიკა, მეცნიერება, ტექნოლოგიები თუ ჯანდაცვა. პოსტსაბჭოთა საზოგადოებები ბოლომდე ვერ განთავისუფლდნენ ტოტალიტარიზმის ზეგავლენისგან. ეს კი ხელს უშლის თავისუფალ აზროვნებასა და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თანამედროვე სამყაროში წარმატების მიღწევისათვის აუცილებელია: მეცნიერება იქნება ეს თუ ტექნოლოგიები, ჩარჩოებს მიღმა აზროვნების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია რაიმე ახლის შექმნა. ამის მაგალითი უამრავია და ნებისმიერი სფეროდან შემიძლია მოვიყვანო. ჩვენთან კი განათლება ისევ დაზეპირებაზე, მასწავლებლისთვის სასურველის მოსმენასა და ხელშეუხებელ ჭეშმარიტებებზეა აგებული. ეს განვითარებისათვის სერიოზულ ბარიერებს ქმნის. კვლევების თანახმად, მოსწავლეთა მხოლოდ 6% და მშობელთა დაახლოებით 48% თვლის, რომ სკოლა აკმაყოფილებს მათ საგანმანათლებლო საჭიროებებს.
ლეტერატოც სწორედ ამ მისიით შეიქმნა: ესწავლებინა მოზარდებისათვის პრობლემების არასტანდარტული გზით გადაჭრა, თავისუფალი აზროვნება და მოემზადებინა ისინი რეალიზებული ზრდასრული ცხოვრებისთვის, რასაც ფორმალური საგანმანათლებლო სისტემა ვერ ახერხებს და ბოლომდე ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენი ღირებულებებია ცოდნა, კრიტიკული აზროვნება, მომავლის უნარები. რაც შეეხება იმას, თუ რატომ აკადემია მოზარდებისთვის, ეს ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ნაყოფიერი ასაკია. მეცნიერებმა კარგა ხანია დაადგინეს, რომ ტვინში მიმდინარე პროცესები სწორედ ამ პერიოდშია ზეაქტიური და ამიტომაც, ამ დროს მიღებული ცოდნა და უნარები ის საყრდენია, რომელიც პიროვნებას მთელი ცხოვრების გზაზე გაჰყვება.
M: როგორია ლეტერატოში სწავლის პროცესი?
ლეტერატოს სწავლების მეთოდოლოგიაში საუკეთესოდ არის შერწყმული ფორმა და შინაარსი. სასწავლო მასალა, ანუ შინაარსი — საკმაოდ რთული და მოცულობითია, მაგრამ ამ ყველაფერს მოსწავლეებს ვაწოდებთ საინტერესო და სახალისო ფორმით: ქეისებით, როლური თამაშებით, ვიზუალური მასალისა და გუნდური დავალებების გამოყენებით. კლასები ინტერაქტიურია და იმგვარადაა დაგეგმილი, რომ შეუძლებელია მასალას მხოლოდ ერთი მხრიდან შეხედო. გარდა ამისა, თითოეული დავალება და დასმული პრობლემა კონკრეტული უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. არ არსებობს არცერთი გაკვეთილი, რომელსაც ეს ამოცანები არ გააჩნია. მოზარდები სწავლობენ ლოგიკურ აზროვნებას, საკითხის ღრმად და მრავალმხრივად გააზრებას, ერთმანეთთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას, აზრის თავისუფლად და გამართულად გადმოცემას, პრობლემისადმი არასტანდარტულ მიდგომას და სხვა — ეს ჩამონათვალი ძალზე გრძელია და მათი უმეტესობა სწორედ ის უნარებია, რომლებიც გადამწყვეტი იქნება მომავლის სამყაროში.
რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხორციელდება მცირე ჯგუფებში, ჩაღრმავებული სწავლებითა და თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომით. ფორმალური განათლების ერთ-ერთი გამოწვევა ისიცაა, რომ საგაკვეთილო პროცესისას რთულია, ყველა მოსწავლეს თანაბრად მიაქციო ყურადღება და მისცე ის, რაც მას, როგორც ინდივიდს, ესაჭიროება. ეს პრობლემა ჩვენთან არ დგას. ჩვენ ძალიან ახლოს ვიცნობთ თითოეულ მოსწავლეს, ყოველდღიურად ვფიქრობთ მათ საჭიროებებზე, ყოველი მოზარდის პოტენციალის გახსნაზე, მისი ძლიერი მხარეების გამოვლენისათვის სათანადო გარემოს შექმნაზე და ვმუშაობთ სისუსტეების აღმოფხვრაზე, რომ ისინი ძლიერ მხარეებად ვაქციოთ. ჩვენი პედაგოგები ფსიქოლოგებიც არიან, რაც გვეხმარება, კარგად გავუგოთ ჩვენს მოსწავლეებს და მათ მენტალურ მდგომარეობაზეც ვიზრუნოთ.
M: განათლებისა და საჭირო უნარების გარდა, რას სთავაზობს მოზარდებს ლეტერატო? რას გულისხმობს თქვენი ეკოსისტემა?
ამოცანა მოზარდების პოტენციალის მაქსიმალური გახსნაა. ამიტომაც, გვაქვს არაერთი დამატებითი აქტივობა, რომლებიც ამაში გვეხმარება. მაგალითად, სწავლების პროცესის გარდა, ყოველთვიურად გვაქვს დამატებითი სემინარები მოსწავლეებისათვის. ამ სემინარებისათვის ვიწვევთ წარმატებულ ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან, მწერლებს, დიპლომატებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, ფსიქოლოგებს, რომლებიც ჩვენს მოსწავლეებს მნიშვნელოვან გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებენ. უკვე რამდენიმე წელია გვაქვს შემეცნებითი და ინტელექტუალური ონლაინ ჟურნალი მოზარდებისთვის „მატრიცა“. ამ ჟურნალს ჩვენი მოსწავლეები ქმნიან. აქვთ თავისი სარედაქციო კოლეგია, რომელიც რედაქტორსა და არტ დირექტორს ირჩევს, ერთად მუშაობენ რუბრიკებზე, სტატიების თემებზე.
ესეც დამატებითი აქტივობაა და მასში გაწევრიანება ნებისმიერ ჩვენს მოსწავლეს შეუძლია. ესაა შესაძლებლობა მოზარდმა თავი გამოსცადოს წერაში, გუნდურობაში, ურთიერთობებში. აქ ის ისწავლის კვლევის ჩატარებას, წერას, ვადების დაცვას, კომუნიკაციას — ეს უნარებიც არანაკლებ საჭიროა და მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ეს ჟურნალი უფასოდ სთავაზობს ყველა მათ თანატოლს, გაეცნონ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მაგალითად რა წაიკითხონ, რას უყურონ, რას მოუსმინონ. ყველა ნომერში არის ინტერვიუ და სასარგებლო რჩევები. ეს ლეტერატოელებს სხვების დახმარებასა და საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანასაც ასწავლის ისევე, როგორც ჩვენი პოდკასტების სერია Spotify-ზე, რომელიც ამავე ამოცანას ემსახურება. მოზარდები „ლეტერატოს“ პოდკასტების წყალობით არამარტო საკუთარ თავს გამოხატავენ, არამედ თანატოლებს უამრავ სასარგებლო მოსაზრებასა და რჩევას უზიარებენ, ხოლო რამდენად დიდია მათი ასაკისთვის ის ცოდნა და განათლება, რაც აქ დააგროვეს, თავადაც შეგიძლიათ იხილოთ.
ეს ეკოსისტემა კიდევ გულისხმობს მოზარდისათვის საინტერესო წრისა და სამეგობროს ჩამოყალიბებას. ჩვენი მოსწავლეები კარგად იცნობენ ერთმანეთს და მეგობრობენ კიდეც. ამისთვის გვაქვს გასვლითი კლასები, ვიზიტები მუზეუმებში, წლის დახურვისა და ახალი წლის წვეულება. ეს ყველაფერი შედის სწავლების საფასურში და მიზნად ისახავს იმის ჩვენებასაც, რომ შინაარსიანი დასვენებაც ძალზე მნიშვნელოვანია.
M: წელს რა პროგრამებს სთავაზობთ დაინტერესებულ მშობლებს, გაქვთ რაიმე სიახლე?
გარდა ტრადიციული წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების პროგრამებისა, წელს პირველად გვაქვს ინგლისურენოვანი წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების კურსი, რომელსაც საუკეთესო ამერიკელი პედაგოგები უძღვებიან. კრიტიკული აზროვნების ინგლისურენოვანი სასერტიფიკატო პროგრამა დაარსების დღიდან გვაქვს. მისი ამოცანაა, მოამზადოს მოზარდები წამყვან უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლისა და წარმატებით რეალიზებისათვის, მაგრამ წელს მას დაემატა წიგნიერების მოდულიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მოზარდები ლიტერატურულ ნაწარმოებებსაც გაეცნობიან, უფრო სიღრმისეულად დაამუშავებენ ტექსტებს და ამ მიმართულებითაც შეიძენენ კრიტიკული აზროვნების უნარებს.
M: რას მიიჩნევთ ლეტერატოს მიღწევად?
პირველ რიგში დიდი მიღწევაა ის, რომ ყველა მოსწავლეს უყვარს ლეტერატო და თავისი ნებით დადის ჩვენთან. გარდა ამისა, ამ ხნის განმავლობაში 200-ზე მეტი მოსწავლე გვყოლია და მათი მშობლების უმეტესობა თავადვე ხედავს იმ პროგრესს, რომელსაც მოზარდი ჩვენთან განიცდის. უკანასკნელი კვლევებით მშობელთა 78% ამბობს, რომ მოზარდს არ უყვარდა წიგნები, ლეტერატომ კი დააწყებინა კითხვა. 84% აღნიშნავს, რომ ბავშვს განუვითარდა ანალიტიკური აზროვნების უნარი და 71% ამჩნევს, რომ მოზარდი გაიხსნა, ნაკლებად უჭირს ურთიერთობები, გაეზარდა სწავლისა და თვითრეალიზაციის მოტივაცია. განათლება, ზოგადად, გრძელვადიანი პროცესია და რთულია ხოლმე ასე უცებ მისი ეფექტის დანახვა. ალბათ, ყველაზე დიდი მიღწევა სწორედ ისაა, რომ მოზარდის ტრანსფორმაცია ასე მალევეა შესამჩნევი.
[პარტნიორის კონტენტი]