8
Oct
2019

“ჩვენი მთავარი ღირებულება ხალხია” – ბუტიკ სასტუმრო ზუგდიდში “ლეთო”

8 Oct 2019

ცოტა ხნის წინ სატესტო რეჟიმში ზუგდიდის ცენტრში ახალი ბუტიკ სასტუმრო “ლეთო” გაიხსნა. თანამედროვე დიზაინით შექმნილი სასტუმრო, შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებლებს საკმაოდ მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. როგორც თავად სასტუმროს წარმომადგენლები ამბობენ, “ლეთოს” მისიას უცხოელებისთვის და ქართველებისთვის ზუგდიდის გაცნობა და მისით დაინტერესება წარმოადგენს. სასტუმროს კონცეფციაზე, მომსახურებასა და სამომავლო გეგმებზე “ლეთოს” მარკეტინგის მენეჯერს, სალი აბრალავას გავესაუბრეთ:

M: როდის დაარსდა ლეთო?

სასტუმროს მშენებლობა 2008 წელს დაიწყო, თუმცა, 2019 წლის 3 ივნისს სატესტო რეჟიმში გაიხსნა პირველი 5 ვარსკვლავიანი ბუტიკ სასტუმრო, ზუგდიდის ცენტრში.

M: რა წინაპირობები ჰქონდა ლეთოს დაარსებას?

ამ პროექტის შექმნის მთავარი მიზანი იყო, შექმნილიყო პროდუქტი იმ რეგიონში, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში, თუმცა – ტურისტულად ნაკლებად დატვირთული. ჩვენი მთავარი მიზანია, გავაცნოთ ქართველ და უცხოელ ტურისტებს სამეგრელო და მისი საოცარი, საუკუნოვანი ისტორია.

ყველამ ვიცით, რომ ზუგდიდი სამეგრელოს მარგალიტია და კულტურული თუ გასტრონომიული მრავალფეროვნებით რეგიონის გამორჩეული ნაწილია. ჩვენ ვცდილობთ, ერთხელ ჩამოსული სტუმარი მაქსიმალურად კმაყოფილი წავიდეს ჩვენგან და აუცილებლად დაბრუნდეს უკან – სამეგრელოში, რადგან შეუძლებელია, ბოლომდე შეისწავლო, ბოლომდე ნახო ყველაფერი, რაც ამ მხარეს გააჩნია.

M: როგორია ლეთოს კონცეფცია და რას სთავაზობს იგი სტუმრებს? 

ლეთო დამსვენებლებს რამდენიმე კატეგორიად დაყოფილ 39 კეთილმოწყობილ ნომერს სთავაზობს.

პირველ სართულზე სტუმრებს ელოდებათ: ლობი-კაფე, უგემრელესი დესერტებით და გამაგრილებელი სასმელებით, ჩვენმა ტკბილეულმა საოცრად დიდი მოწონება დაიმსახურა ადგილობრივებსა თუ ჩამოსულ სტუმრებში, ყველა განსაკუთრებულად აღნიშნავს პროდუქტების საოცარ გემოს.

მეორე სართული ეთმობა საკონცერტო-რესტორანს, სადაც ჩვენი საოცარი შეფები, სტუმრებს სთავაზობენ როგორც ქართულ, ასევე ევროპულ კერძებს. რესტორნის ინტერიერის დომინანტი ფერებია: კლასიკური შავი, რძისფერი, ხის და ყავისფერი ტონები. ინსპირაციის წყაროა “მზე”, როგორც ყველაფრის საწყისი. ბარი და ავეჯი გაფორმებულია მზის ძალიან სადა სიმბოლოებით, რომლებიც, ვფიქრობ, ბრწინვალებას სძენს მას. საუკეთესო ადგილია, როგორც წვეულებისთვის, ასევე საქმიანი შეხვედრებისა და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.

დარბაზი აღჭურვილია ჯეო ვოისის, უმაღლესი ხარისხის აპარატურით და ხშირად იმართება სხვადასხვა კონცერტი.

მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულები დათმობილია სასტუმროს ნომრებისთვის. აქ წარმოდგენილია ფართო და ნათელი ოთახები, ძალიან კომფორტული მატრასებით და თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის აბაზანებით, დამოუკიდებელი შესასვლელით. ოთახები აღჭურვილია პრივილეგირებული სერვისებით და საშუალებებით, რათა სასიამოვნო დასვენება უზრუნველვყოთ.

სასტუმროს მეშვიდე სართულზე გახლავთ”ლეთო ტერასა”, სადაც განთავსებულია პანორამული საუნა, ფიტნეს-ცენტრი და უზარმაზარი სამდონიანი ტერასა ულამაზესი აუზით. აქ ერთმანეთს საოცრად ჰარმონიულად ერწყმის მწვანე, თეთრი, ცისფერი და ხისფერი ტონები, ასევე ინვენტარი, რომელიც სტუმრის აბსოლუტური კომფორტის შექმნისთვის არის გათვლილი. ღამის ფერადი განათება კი ნამდვილ დღესასწაულს ქმნის ამ ადილას. მერვე და მეცხრე სართულზე პანორამული ლაუნჯის ტიპის რეტორანია განთავსებული, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში სანახაობრივია. მთლიანად გამჭვირვალე სივრცეში მთელ სილამაზეს ქმნის ღამით ქალაქის ხედი, დღისით კი – ჰორიზონტის ხაზზე ერთი მხრიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლი და მეორე მხრიდან -სვანეთის ულამაზესი მთის პანო. წელიწადის ოთხივე დროს ეს ადგილი არის შეუდარებელი და მომაჯადოვებელი.

მერვე სართული ეთმობა, სქაი ბარს, საიდანაც ზუგდიდის საუკეთესო ხედები იშლება, 360 გრადუსიანი სქაი ბარიდან მზის ჩასვლისა თუ ამოსვლის ყურება ჩვენი დამსვენებლების ერთ-ერთი საყვარელი ტრადიციაა.

M: საკმაოდ ბევრი კონკურენტი გყავთ, თქვენი აზრით, რითია გამორჩეული ლეთო?

გარდა იმისა, რომ ჩვენი ინტერიერი და ექსტერიერი საოცრად ლამაზი, დახვეწილი და თითქმის ყველა გემოვნებას მორგებული ადამიანისთვისაა, ამასთან ერთად, ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.

ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე დიდი ღირებულება ხალხია. ნამდვილი მეგრული სტუმართმოყვარეობა და ხასიათი რომ გაიცნოთ, აუცილებელად სწორად უნდა შეარჩიოთ ადგილი , სადაც მასპინძელს ანდობთ თქვენზე ზრუნვას, მე კი ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი ადგილი გახლავთ ლეთო.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ჩვენი დიდი სურვილია, რეგიონის განვითარებაში დიდი წვლილი შევიტანოთ, ამისათვის ჩვენი გუნდის წევრები დაუღალავად შრომობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ეწვიოს სამეგრელოს.

როგორც ვახსენე, ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში ვმუშაობთ, ახლო მომავალში კი ვგეგმავთ გრანდიოზულ გახსნას.

[R]

განხილვა