in

Tbilisi Fashion Week-ის ფარგლებში, Marketer.ge კიდევ ერთ მარკეტინგულ ღონისძიებას უმასპინძლებს!

28 ოქტომბერს, Tbilisi Fashion Week-ის ფარგლებში, Marketer.ge-ს ორგანიზებით მარკეტინგული ღონისძიება TALKS მეორედ ჩატარდება. TALKS-ის აუდიტორიას უცხოელი სპიკერები მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში არსებულ მარკეტინგულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. საკუთარ გამოცდილებასა და ვიზუალური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრებს Vogue Italia-ს კონტრიბუტორი – Simone Monguzzi. Adidas, Marni-სა და Vivienne Westwood-ის Fashion Stylist და მარანგონის ინსტიტუტის ლექტორი Ludovica Consigli გაგვაცნობს ვიზუალური მერჩენდაიზინგის მნიშვნელობას ბიზნესის ნებისმიერ სახეობაში. გარდა ამისა, მარანგონის ინსტიტუტის ლექტორი და Carne Y Arena-ს პროდაქშენ კოორდინატორი, Pietro Ponticelli ისაუბრებს ვირტუალური რეალობის როლზე მოდასა და ხელოვნებაში. უფრო დეტალურად, როგორია აღნიშნული სპიკერების გამოცდილება მოდის სფეროში? მარკეტერი კომენტარების სახით გთავაზობთ ამ სამი სპეციალისტის მოკლე ბიოგრაფიას:

Pietro Ponticelli

„ვარ პროდაქშენ კოორდინატორი და პირველი ასისტენტ დირექტორი, მაქვს 8 წლიანი გამოცდილება გამოფენების, ღონისძიებების, სატელევიზიო შოუების, სარეკლამო თუ მხატვრული ფილმების სფეროებში. ამ მიმართულებით, მიმუშავია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: აშშ, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, მაროკო, ავსტრალია. ამჟამად, ვარ პროდაქშენ კოორდინატორი Alejandro Gonzales Inarritu, Carne Y Arena-სა და Fondazione Prada-ში (მილანი, იტალია). ჩემი კარიერის განმავლობაში, როგორც პროდაქშენ კოორდინატორს, საშუალება მომეცა, დამეგეგმა რამდენიმე VR ინსტალაცია და ღონისძიება როგორც მილანში, ასევე, კანის კინოფესტივალზე. TALKS-ზე ვისაუბრებ VR-ის ისტორიის, მახასიათებლების, VR-ისა და AR-ის შორის განსხვავების შესახებ. გარდა ამისა, ავხსნი ამ ტექნოლოგიის გამოყენების გზებს, ვისაუბრებ თანამედროვე ბრენდების გამოცდილებაზე ამ მიმართულებით, ასევე, ვირტუალური რელობისა და მოდის ინდუსტრიის გადაკვეთის წერტილებზე. სემინარის დასასრულს კი, ვფიქრობ, აუდიტორიასთან ერთად შევძლებთ აწმყოს ჩარჩოების გარღვევას. ჩვენ ვისწავლით, როგორ ვმართოთ მომავალი!“ – Pietro Ponticelli

Ludovica Consigli

„დავიბადე 1980 წელს, პადუაში (იტალია). 20 წლის ვიყავი, როცა გადავედი მილანში, ჩემი კარიერის მოდის სამყაროში გასაგრძელებლად. Istituto Europeo di Design-ის დამთავრების შემდეგ, დავიწყე მუშაობა მოდის სტილისტად ტელევიზია MTV-ში, იმ პერიოდში, როდესაც MTV კარნახობდა ტენდენციებს თაობას, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა MTV Generation. ამ ტელევიზიაში 7 წლიანი მუშაობის შემდეგ, ვქმნიდი ვიზუალებს მილანის ჟურნალებისთვის, სხვადასხვა არტისტის ვიდეოკლიპისთვის და ვიყავი იმიჯმეიქერი ტელევიზიის წამყვანებისთვის, ბენდებისა და ცალკეული არტისტებისთვის. ამის შემდეგ, ვმუშაობდი Marni-სთვის, ვიზუალური მერჩენდაიზერების კოორდინატორად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვქმნიდი ვიზუალურ გაიდლაინებს, რეკომენდაციებს Marni-ს მაღაზიათა ქსელისთვის, Consuelo Castiglioni-სთან კოლაბორაციით. უკვე 10 წელია ვმუშაობ ლონდონში, მოდის სტილისტად და ვიზუალურ კონსულტანტად, ფოკუსირებული ვარ ელ. კომერციის პლატფორმებზე, ვმუშაობ Adidas-ის ვიზუალებზეც. გარდა ამისა, ვაზიარებ ჩემს გამოცდილებას და ვასწავლი BA Hons-ის კურსებს მარანგონის ინსტიტუტში. TALKS-ზე ჩემი საუბრის თემა შეეხება მოდის ვიზუალურ მერჩენდაიზინგსა და ვიზუალური მერჩენდაიზინგის მნიშვნელობას ბიზნესის ნებისმიერ სახეობაში.“ – Ludovica Consigli 

Simone Monguzzi

„დავიწყე მუშაობა როგორც სტილისტმა, ერთ-ერთი დამოუკიდებელი იტალიური ჟურნალისთვის, თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ჩემი მოწოდება წერა იყო. ვიქეცი ჟურნალისტად და დავიწყე მუშაობა მნიშვნელოვან იტალიურ გამოცემებში, როგორიცაა: Flair Magazine, L’Officiel Italia, Amica and Icon. დღეისათვის, ვარ Vogue Italia, Grazia Italia, L’Uomo Vogue-ს კონტრიბუტორი. აი, რაზე ვისაუბრებ ჩემი გამოსვლისასა TALKS-ში, 25 წუთის განმავლობაში: რამდენად მნიშვნელოვანია გამოსახულება და ვიზუალური კომუნიკაცია მედია სამყაროში. ჩემი გამოსვლა დაეყრდნობა ცნობილი მედია გამოცემების მაგალითებს. გარდა ამისა, განვიხილავ სხვადასხვა მედია პლატფორმას, მათ შორის, ინსტაგრამს. გამოსვლის განმავლობაში, ჩემი და შესაბამისად, აუდიტორიის ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ შეუძლია თანამედროვე ადამიანს სოციალური ქსელების დახმარებით, ახალი არტისტების, დიზაინერებისა თუ ილუსტრატორების აღმოჩენა.“ – Simone Monguzzi

რატომ უნდა დავესწროთ TALKS-ს? სფერო, რომელზეც არ საუბრობენ, არ ვითარდება. საქართველოში, მოდის მიმართულებით, არ არსებობს საუნივერსიტეტო განათლების მიღების შესაძლებლობა, მით უფრო, სიახლეა მოდის მარკეტინგის სფერო. მსოფლიოში, მოდის მხრივ, მოწინავე ინსტიტუტის ლექტორების მოსმენის, მათი ცოდნისა და გამოცდილების, ასევე, მსოფლიო მოდის მარკეტინგში არსებული ახალი ტენდენციების გაზიარების შესაძლებლობას TALKS უკვე მეორედ აძლევს ქართველ, მოდით დაინტერესებულ ადამიანებს. „თბილისის მოდის კვირეულისა“ და მარკეტერის თანამშრომლობაზე, ასევე, სპიკერების შერჩევისას გათვალისწინებულ კრიტერიუმებზე Tbilisi Fashion Week-ის საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი – ანანო დოლაბერიძე გვესაუბრა:

ანანო დოლაბერიძე

„TALKS-ისთვის სპიკერების შერჩევის პროცესში ვთანამშრომლობთ მარანგონის ინსტიტუტთან და ვცდილობთ, მათ მიერ რეკომენდებული ადამიანები ჩამოვიყვანოთ. ასეთია პიეტრო და ლუდოვიკა. პიეტროს შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია ძალიან აქტუალურია და თბილისშიც ბევრისთვისაა ცნობილი, მსმენელისთვის საინტერესო იქნება ამ ტექნოლოგიის მოდასა და ხელოვნებაში გამოყენების გზების გაცნობა. რაც შეეხება ლუდოვიკას, ის არის ძალიან ცნობილი სტილისტი და „ედვაისერი“, რომელსაც ძალიან კარგად ესმის პროდუქცია, როგორც კომერცია და ამასთან, უახლესი ტენდენციები. მუშაობს „ვივიენ ვესტვუდში” და მისი გამოცდილებაც ძალიან დიდია. სპიკერებს ვარჩევთ მნიშვნელოვან ბრენდებთან შეხების ქონის კრიტერიუმითაც. ის სტანდარტები და ის მოთხოვნები, რაც მსოფლიო მოდაშია გათვალისწინებული, გვინდა ქართული მოდის ინდუსტრიასაც მოვარგოთ. მესამე სპიკერი – სიმონ მონგუზი, მოდის ძალიან ცნობილი ჟურნალისტია, რომელიც თანამშრომლობს მნიშვნელოვან გამოცემებთან – „ვოგთან“, „გრაციასთან“ და ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს ქუჩის ჩაცმულობის მხრივაც. უკვე მეთექვსმეტე სეზონია, „თბილისის მოდის კვირეულს“ ვატარებთ და ყოველთვის ვცდილობთ, რომ ღონისძიებას თან ახლდეს მასტერკლასები. უკვე მეორე სეზონია, რაც სხვა საფეხურზე გადავედით და მარკეტერთან ერთად ვაორგანიზებთ ღონისძიება TALKS-ს. მოდის ინდუსტრიის მსოფლიო გამოცდილების გაზიარების, სიახლეების ქართულ რეალობაში ადაპტირებისა და მოდის მარკეტინგის მიმართულებით დაინტერესების გაზრდისკენ უფრო დიდ და თანმიმდევრულ ნაბიჯებს ვდგამთ”.

TALKS-ის ადგილი – Radisson Blu Iveria. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომია biletebi.ge-ზე, შემდეგ ბმულზე.
ღონისძიების გენერალური სპონსორია ენერგეტიკული სასმელი effect.

რა მოხდებოდა მხოლოდ ერთი ვარცხნილობა და ერთი სახეობის მატრასი რომ არსებობდეს?  – Tulo-ს სახალისო ვიდეორგოლი

ბულინგის მსხვერპლი ბურგერები მათთვის, ვინც ამ პრობლემაზე თვალს ხუჭავს! – Burger King-ის ორიგინალური კამპანია