in

ლევან ასათიანი – ამბების და კონცეფციების მაძიებელი!

„ბავშვობიდან, სულ ძიებაში ვიყავი. რაც არ უნდა გამეგო, მთავარ ამბავზე მეტად, ყოველთვის, მისი კონცეპტუალური დატვირთვა მაინტერესებდა. წიგნს რომ წავიკითხავდი, ვიწყებდი ფიქრს, რატომ, რა მოცემულობაში, ან რა იდეით ქმნიდა ავტორი ამ ნაწარმოებს. სულ ვცდილობდი, სიღრმეში ჩავსულიყავი. დღემდე ასე ვარ – ყოველთვის მაინტერესებს და ბოლომდე ვეძიები, რა დგას მთავარი ამბის უკან, მერე – იმის უკან და ასე უსასრულოდ. ამიტომ, არც გამჭირვებია ჩემი მთავარი გატაცება მეპოვა, ეს არის ამბისა და კონცეფციის ძიება“, – მითხრა ლევან ასათიანმა.

და ვინც მას კარგად იცნობს, ალბათ, არც გაუკვირდება ეს ამბავი. მაგალითად, ახლა კომიქსებითაა გატაცებული და ცდილობს, აქაც ამბების უკან გაიხედოს, გაიგოს, როგორ განვითარდება მოვლენები. ფიქრობს, რომ კომიქსი, როგორც ლიტერატურისა და მხატვრობის სინთეზი, ძალიან ძლიერი მედიუმია და მორალურ ღირებულებებზე დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ აინტერესებს, მაგალითად, როგორი იქნება, 500 წელიწადში, ბეტმენი? საერთოდ, რა ბედი ეწევათ ამ პერსონაჟებს მომავალში, ან ისეთივე დატვირთა ექნებათ თუ არა, მათ, როგორიც ღმერთებს აქვთ მითოლოგიაში, რადგან კონცეპტუალურად ერთმანეთს ძალიან ამსგავსებს კომიქსისა და მითოლოგიის გმირებს.

“Studio 123”, ჟურნალები – „ანაბეჭდი“, “MODI“, “National Geographic Georgia“, „ონლაინ“ გამოცემა “WAS“, სააგენტოები:  “Control Ztudio”, “WINDFOR’S”, BetterFly DDB, “Holmes & Watson”, “JWT Metro“ – ეს მისი ძიების შედეგებია 2001 წლიდან, სხვადასხვა დროს მუშაობდა ლოგოების, ვებგვერდების დიზაინზე, ახლახან სკეიდბორდის დიზაინიც კი შექმნა, იყო არტ დირექტორი, რედაქტორი, პროდიუსერი, დაახლოებით, 1 წელია, Saatchi & Saatchi Tbilisi-ს კრეატიული დირექტორია. კითხულობდა და კითხულობს ლექციებს ყველა იმ თემაზე, რაშიც „ბოლომდე დახელოვნდა, სანამ საქმე გართობასავით არ გახდა, მარტივი და სიამოვნებით საკეთებელი“.

მუშაობა მომწონს იქ, მეტი თავისუფლება და ინდივიდუალიზმის გამოვლენის საშუალება მაქვს. პროექტებზეც იგივე შემიძლია, ვთქვა.

საბოლოო ჯამში, ყველა შესწავლილი ახალი საქმე საერთო სურათის დანახვასა და აღქმაში ეხმარება, ყველა წინა გამოცდილება ხელს უწყობს, რომ მომდევნო თავგადასავალი უფრო საინტერესო იყოს.

„ყოველთვის ვცდილობ, ვიპოვო სისტემები, რომლებსაც, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით, ერთმანეთს დავუკავშირებ, შემდეგ განვაზოგადებ და კონკრეტულ საქმეს მოვარგებ. სულ მინდა, რაღაც ალგორითმები დავინახო, ახალ-ახალი კონცეფციები აღმოვაჩინო, იმ ესენციას მივაკვლიო, რისი დახმარებითაც საერთო სურათს შევქმნი. მთელი ცხოვრებაა, ამას ვაკეთებ“.

ამბის, კონცეფციების, საერთო ფორმებისა და მოდელების მაძიებელი რომ ყოფილიყო, ერთ დღეს ნამდვილად არ გადაუწყვეტია. აქამდე ნაბიჯ- ნაბიჯ მივიდა და ყველაფერს თავისი საწყისი, წინაპირობა და გავლენა ჰქონდა.

ლევან ასათიანი: ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა ჩემმა ძმამ მოახდინა. 14 წლით უფროსია, მაგრამ ყოველთვის ძალიან მემეგობრებოდა  – ყველგან თან დავყავდი მეგობრებთან, სამხატვრო აკადემიაში, სადაც მაშინ სწავლობდა. წრეც ისეთი ჰყავდა არტისტები, მუსიკოსები. ალბათ, ამან განაპირობა, რომ თავიდანვე ვიზუალური ხელოვნებით დავინტერესდი და მერე უკვე ამ სფეროში დავიწყე მუშაობა. უფრო ღრმად თუ ჩავალთ, ანუ ისე, როგორც მე მიყვარს, ამბის უკან, კიდევ ამბის ძებნა, ჩემს ძმას ხელოვნებისადმი ინტერესი მამაჩემმა გაუღვივა. მას ძალიან დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა, უყვარდა კითხვა, ხელოვნება. მხატვრების ალბომების კოლექციები და საერთოდ, ხელოვნებაზე მართლა ბევრი ლიტერატურა გვქონდა სახლში. აი, ასე ავირჩიეთ პროფესიები და საქმე – ჩემმა ძმამ – მამის, მე კი – ჩემი ძმის გავლენით.

ანუ, ბავშვობიდანვე იცოდი, ვინ იქნებოდი და რას გააკეთებდი. მაგრამ დღეს, როცა კრეატიულ ინდუსტრიაში ხარ, ბავშვობისდროინდელი წარმოდგენები ემთხვევა შენს აწმყოს?

ყოველთვის ვიცოდი, რომ ვიზუალურ ხელოვნებასთან ახლოს ვიქნებოდი. პატარაობიდან ხატვაც მაინტერესებდა, დიზაინიც მიტაცებდა. ამიტომ, დავიწყე დიზაინით, შემდეგ არტ დაირექშენით გავაგრძელე, ახლა კი კრეატიული დირექტორი ვარ. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ბევრად გასცდა მხოლოდ ვიზუალური ხელოვნების საზღვრებს. სულ უფრო სიღრმეებში რომ უნდა ჩავიდე, ამბის უკან სხვა ამბავი ვეძებო, იმის უკან კიდევ სხვა და ასე, უსასრულოდ. ამან, საბოლოოდ, მიმახვედრა, რომ კონცეფციები მიტაცებდა და გავხდი კიდეც ამბებისა და კონცეფციების მაძიებელი.

ეს ცნობისმოყვარეობასთან არის კავშირში?

ეგზისტენციალური მომენტია და რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ცნობისმოყვარეობასთან. კონცეფციების ძიება ცხოვრების აზრის ძიებასაც ჰგავს. ამბის პირდაპირ მიღება ისეთი მიმზიდველი არ არის. როცა მას აზრს შესძენ და სიღრმეებში ჩახვალ, გაცილებით უფრო საინტერესოა, ისევე როგორც – ცხოვრება.საბოლოო ჯამში, თან ზედაპირზე ხარ, თან – უსასრულოდ სიღრმეში. დიზაინერობაშიც, არტ დირექტორობასა და კრეატიულ დირექტორობაშიც მთავარი ის არის, რომ ვქმნი ხელოვნებას. მაგრამ:

ჩვეულებრივი ხელოვნებისგან განსხვავებით, რეკლამა წამიერი ხელოვნებაა,

კინოს გადასაღებად, შეიძლება, 3 წელი დაგჭირდეს, რეკლამა კი 2 საათში მოიფიქრო და რამდენიმე დღეში რეალობად აქციო. ოღონდ, რეკლამის შემთხვევაში, მზეს კი არ ქმნი, რომელიც მილიარდი წელი გაანათებს, არამედ  – პატარა კომეტებს, უცბად რომ გაიბრწყინებს და ლამაზი იქნება. რეკლამის მინუსიც ეს არის და პლუსიც.

© ლევან ასათიანი

როდის დაიწყე ამ კომეტების შექმნა?  შემოქმედებით ინდუსტრიაში ძალიან დიდი გზა გაიარე, ჯერ კიდევ მაშინ მუშაობდი დიზაინზე, როცა ბოლომდე არც გვესმოდა, ეს  რა პროფესია იყო. . .

პირველი სერიოზული სამსახური “Studio 1 2 3“ იყო. 13 წლის ვიყავი და როგორც IT, ისე მივედი. თან დიზაინის მიმართაც გამიჩნდა ინტერესი, მე თვითონ ვსწავლობდი. მერე ანიმაციამაც დამაინტერესა, მაშინ ძალიან პოპულარული პროგრამა იყო Flash. დამოუკიდებლად “ჩავუჯექი“ და რაღაცებში გავერკვიე. ზუსტად ამ პერიოდში, ბასა ფოცხიშვილი იღებდა კლიპს, სოსო თოლორაიას და მარიკა თხელიძის სიმღერაზე „ქვეყანა აირია“. კონცეფციის მიხედვით, პოპ არტის ელემენტები უნდა გამოეყენებინა ვიდეოში. მე ავამოძრავე Flash-ში ისინი და ბასას ისე მოეწონა, რომ მთელი ანიმაციები, რაც კლიპშია, მე გავაკეთე. შეიძლება, დღევანდელი გადმოსახედიდან, გაგვეღიმოს კიდეც, მაგრამ იმ დროისთვის მართლა მასშტაბურ პროექტად ითვლებოდა. ეს ძალიან დიდი მოტივაცია იყო და ჩემთვის გარდამტეხიც აღმოჩნდა,  ამ მომენტიდან ჩავერთე დიზაინში.

© ლევან ასათიანი

ასეთი დამოკიდებულება დიდი გამოცდილების მიღების შემდეგ გაგიჩნდა? მაძიებელი ადამიანისგან, ცოტა უცნაურია, რასაც ახლა ამბობ . . . 

ჩემი პრობლემა სულ ის იყო, რომ არჩევანს ვერ ვაკეთებდი. ანიმაციაც მაინტერესებდა, დიზაინიც, ილუსტრაციებიც, ლოგოს კეთებაც, Lay Out-იც, ვებ დიზაინიც, დღეს რომ UX/UI-ს ვეძახით. აქეთ-იქით დავხტუნაობდი. მერე ამაზე ვნერვიულობდი, მეშინოდა, ისეთი არ ვყოფილიყავი, ვითომ ყველაფრის მცოდნეები რომ არიან და სინამდვილეში, პროფესიონალურ დონეზე, არაფერი იციან. ვერ ვირჩევდი, საით წავსულიყავი. შემდეგ, Windrof’s-ში (Senior Graphic Designer, 2008-2009) მეტ-ნაკლებად მივხდი, რა მინდოდა. Holmes & Watson-ში (2018) უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ არტ დაირექშენი მაინტერესებდა. თუმცა მერე კიდევ შევიცვალე დამოკიდებულება და როგორც იქნა, საბოლოოდ ჩამოვყალიბდი – ყველაზე მეტად კონცეფციების მოფიქრება მაინტერესებს. სულ ბოლო წერტილებში ჩაჯდომა, უკანასკნელი დეტალების დახვეწაზე ფიქრი ჩემთვის საინტერესო არ არის. მირჩევნია, ეს ისეთმა ადამიანმა აკეთოს, ვინც ძალიან მაგრად იცის საქმე, მე კი ახალი იდეების მოფიქრებაზე გადავიდე. მგონია, რომ დღეს ეს გამომდის ყველაზე კარგად. ჩემგან ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, უფრო სწორად, მას მძიმე საქმედ არ აღვიქვამ, უფრო გართობაა. როგორც ჩანს, დღემდე რეკლამაში იმიტომ ვარ, რომ ყველაზე მარტივი საქმე ჩემთვის ესაა.

© ლევან ასათიანი

როდის გახდა ეს საქმე ისეთი მარტივი, როგორც გართობა?

დაახლოებით, 3-4 წლის წინ ვიგრძენი, რომ უკვე გართობა იყო ჩემთვის, მოვეშვი და ბოლომდე მივყევი დინებას. ძალიან კარგი კომფორტის ზონა ვიპოვე. დღესაც ვაკეთებ ლოგოს დიზაინებს, მაგრამ მირჩევნია, კონცეფცია მოვიფიქრო და მის ბრენდინგში გაშლაზე აღარ ვიფიქრო. დახვეწა, ბოლო ჩუქურთმის მოხაზვა, თითქოს, უკვე მეზარება. შეიძლება, ეს სიზარმაცეც არ არის და უბრალოდ, აღარ მაინტერესებს. თან ისიცაა, რომ ახლა, პარალელურად, ძალიან ბევრი რაღაცის კეთება მიწევს. საერთოდ, მგონია, რომ ჩემი ნამუშევრები, დიზაინში იქნება, ბრენდინგში თუ ვიზუალური ხელოვნების სხვა დარგში, კონცეფციის ხარჯზე, უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვიდრე – ტექნიკურად. სიმარტივეს რომ დავუბრუნდეთ, კრეატიულ დირექტორობამდე კიდევ რაღაცები ვისწავლე. მაგალითად, კოპირაიტინგი, ამას არტ დაირექშენიც რომ დავამატე, ზუსტად მივედი იქ, სადაც, თურმე, ამდენ ხანს მინდოდა. საბოლოო ჯამში,

ჩემი ძლიერი მხარე, არა რამე კონკრეტულის ცოდნა, არამედ იმ ცოდნისა და გამოცდილების ერთობლიობაა, რაც წლების მანძილზე დამიგროვდა.

ხომ ამბობენ, თუ ერთი საქმის ოსტატი ხარ, მაშინ ყველაფრის ოსტატი იქნები?! ჩემთვის, ეს, სიმბოლურად იმას კი არ ნიშნავს, რომ ერთდროულად, უპრობლემოდ შეგიძლია ბევრი რამე აკეთო, არამედ – როცა რაღაც საქმეში ძალიან მაგარი ხარ, სხვა ეტაპზე გადასვლა და სხვა რამის ათვისება არ გაგიჭირდება. მეც ამ პრინციპით ვცხოვრობ. ერთი რამის შესწავლას რომ დავასრულებ, მერე, მომიჯნავე თემით ვინტერესდები და ა.შ. მაგრამ, პარალელურად, რაღაც შეზღუდვებს ვუწესებ საკუთარ თავს, ძალიან შორს რომ არ წავიდე და არ გავიფანტო.

საქმეში, უკვე ისე დახელოვნება, რომ ყველაფერი მარტივად გამოგდის, ხომ არ მიგიყვანს იმ კომფორტის ზონამდე, რომლის შემდეგაც ვეღარ ვითარდება ადამიანი?

ჩემი საქმე, დღეს, სულაც არ მეჩვენება ისეთი ადვილი, რომ ზედაპირულობაში გადავიდეს, შემდეგ კი ისეთ კომფორტის ზონაში აღმოვჩნდე, რომ ზრდა და განვითარება შევწყვიტო. პირიქით, ახლა საკმაოდ რთული პერიოდი გვაქვს – გუნდის აწყობის პროცესში ვარ, ერთდროულად, ძალიან ბევრი რამის კეთება მიწევს. რაღაც მომენტში, ის დროც მენატრება, 1, ან 2 თემა რომ მებარა და ბოლომდე იმაში ვიყავი ჩაფლული. ბევრ რამეს ერთად რომ ადევნებ თვალ-ყურს, თითქოს, კრეატიულობა კლებულობს, ერთ კონკრეტულ თემაზე ვერ კონცენტრირდები, მენეჯერული ელემენტები შემოდის. მაგრამ მე მაინც ვცდილობ, უფრო შემოქმედებით ტიპად დავრჩე, ამ კუთხით ვმართო სიტუაცია და არა – ტიპური მენეჯერივით. თორემ, ასე რომ მოხდეს, უფრო და უფრო ნაკლებად საინტერესო გახდება, ჩემთვის, ეს საქმე.

„ონლაინ“ გამოცემა WAS, რომელიც 2008 წელს, მეგობართან ერთად შექმნა. ლოგო – ლევან ასათიანისა

მაშინ, იმ წერტილამდე როგორ უნდა მიხვიდე, სიამოვნებით რომ აკეთო საქმე, მთელი სიმძიმე რომ ჩამოხსნილი გაქვს, მაგრამ ზრდას და განვითარებას მაინც ახერხებ? 

გამოცდილება მაძლევს საშუალებას, პროექტში ისე ჩავერთო, რომ დიდი წნეხი არ იყოს. მე, ჩემი საქმიანობით გავიზარდე აქამდე. ამის გარდა, პროცესს სასიამოვნოს ხდის გუნდი. შეიძლება, მეგობართან ერთად ბიზნესი არ დავიწყო, მაგრამ კრეატიულ პროექტებზე, ისეთ ადამიანთან ვერაფრით ვიმუშავებ, ვინც ჩემი მეგობარი არ არის, ან მომავალში ვერ დავუმეგობრდები. ჩვენს საქმეში, მთავარი, ხომ რაღაცის მოფიქრება, ფიქრის პროცესია?! რამე საინტერესო რომ მოიფიქრო, ძალიან თავისუფლად უნდა გრძნობდე თავს. რაც მეტად „გახსნილი“ იქნები, მით უფრო კრეატიულ იდეებს „დადებ“. და უკეთესად „გაიხსნები“, თუ მყუდრო და მეგობრული გარემო გექნება. როცა ადამიანს ვერ ვეწყობი, მირჩევნია, სულ მარტო დავჯდე და ისე ვიფიქრო, რომ საკუთარ თავს თავისუფალი გარემო შევუქმნა. ასეთია ჩემი ფილოსოფია.

როცა თავისუფლად ხარ, გარშემო მეგობრები გახვევია და შეგიძლია, შენს გამოცდილებას, იდეებს და რაც მთავარია, ხუმრობებს გასაქანი მისცე, ზუსტად ეს არის მომენტი, როცა საქმე იქცევა გართობად.

© ლევან ასათიანი

ზუსტად ამას ვგულისხმობდი გართობის პროცესში. ხუმრობის გარეშე, შანსი არ არის, კარგი პროდუქტი შექმნა ჩვენს სფეროში. გუნდის წევრებთან, არაფრის უნდა გრცხვენოდეს, პირიქით, ყველაფერი უნდა თქვა, რაც თავში მოგივა და დარწმუნებული იყო, რომ არავინ დაგცინებს, გაგაქილიკებს ან არ იტყვის, რომ არასწორია. ანუ აბსოლუტური თავისუფლება გექნება. არ ვიცი, ეს სწორია თუ არა, მაგრამ მე სხვანაირად არ შემიძლია. ასეთია, ჩემთვის, ფიქრის, იდეების მოფიქრების პროცესია.

რეკლამისა და ხელოვნების შედარებას რომ დავუბრუნდეთ, თუ რეკლამა მცირე კომეტებია და არა მზე, რომელიც სულ ანათებს, მას შეუძლია ადამიანებზე ზეგავლენა მოახდინოს? 

ალბათ, რომელიმე ცალკეულ რგოლს ვერ ექნება ისეთი გავლენა, როგორც ლეონარდო და ვინჩის  Mona Lisa-ს აქვს, მაგრამ რეკლამების ერთობლიობა [ნამდვილად] წარმოადგენს ბრენდის სახეს. ჩვენ კი იმდენ პროდუქტს მოვიხმართ, რომ ბრენდები უკვე ჩვენს სახეს წარმოადგენენ. შესაბამისად, დღეს, ყველაზე დიდი გავლენა ადამიანებზე ბრენდებს აქვს. რეკლამის დანიშნულებაა, კონკრეტულ მომენტში, აქტუალურ თემას გამოეხმაუროს და იყოს მაქსიმალურად ეფექტური. ხელოვნების ნიმუში კი პირიქითაა – რაც უფრო აქტუალური იქნება ქმნილება მომავალში, მით მეტად საინტერესოა. ამ ორს შორის სხვაობა ის არის, რომ ხელოვნების ნიმუშს, მაგალითად, ნახატს არ აქვს მიზანი, რაიმე ინფორმაცია გადმოგცეს, პირიქით, ის გიჩენს შეკითხვებს. კრეატიულ ინდუსტრიაზე თუ ვისაუბრებთ და ვთქვათ, პოსტერს ავიღებთ, მისი ფუნქციაა, რაღაც, ძალიან კონკრეტული ინფორმაცია გადმოგცეს, მაგრამ ეს რომ ეფექტურად და საინტერესოდ გააკეთოს, ხელოვნების და ოსტატობის მიქსია საჭირო. მაგალითად, დიზაინის ნიმუში, რაც არ უნდა ლამაზი იყოს, თუ მთავარ, საკომუნიკაციო ფუნქციას არ ასრულებს, ჩათვალეთ, რომ ცუდი ნამუშევარია. ნახატმა კი შეიძლება, მხოლოდ ესთეტიური ტკბობა გამოიწვიოს.

© ლევან ასათიანი

შეიძლება ვთქვათ, რომ რეკლამის შემთხვევაში ეს გავლენა გაცილებით მერკანტილურია? 

საბოლოო ჯამში, ყველა რეკლამის მიზანია, დაგარწმუნოს, რომ კონკრეტული პროდუქტი გაგაბედნიერებს. მაგრამ ამაში ხომ ვერასოდეს იქნება რეალური ბედნიერება?! შეიძლება, იყიდო რაღაც და წამიერად, მართლა ბედნიერად იგრძნო თავი. თუმცა, მაქსიმუმი, რაც შეგიძლია მისგან მიიღო, მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულებით გამოყენებაა. რაც უფრო მეტ პროდუქტს შეიძენ, მით მეტად შეგიშლის ხელს, რომ ნამდვილ ბედნიერებამდე მიხვიდე, მაგრამ ეს პატარა ბედნიერებები ისეთი სასიამოვნოა, რომ მათ გარეშეც ვერ ვძლებთ“.

სამაგიეროდ, რეკლამა რევოლუციას არ მოგანდომებს, ხელოვნებამ კი შეიძლება, მოგანდომოს და ამაში დაგეხმაროს კიდეც.

შემოქმედებით ინდუსტრიაში, თითქმის, 20 წლიანი გამოცდილებით, რა შეგიძლია თქვა, როგორ შეიცვალა ეს სფერო? 

ძალიან შეიცვალა, დღეს, ბევრად უფრო საინტერესოა, იმიტომ, რომ ბევრად კომპლექსური გახდა მიდგომები. ადრე, ერთი ადამიანი ითავსებდა რამდენიმე ფუნქციას, ახლა გაქვს საშუალება, ყველა მიმართულების პროფესიონალები შემოიკრიბო. თუმცა, ახლა სხვა სირთულეა, სტაგნაციაა და მგონია, რომ რეკლამის მომავალი სტარტაპების ხელშია, ისინი უნდა გააქტიურდნენ, როგორც დამკვეთები. ამ სტაგნაციას თავისი მიზეზები აქვს, მედია შეიცვალა. ინტერნეტმა შეცვალა სამყარო, ხალხს აჩვენა, რომ შეიძლება, დიჯიტალ რეკლამაში $1000 დახარჯო და იგივე შედეგი მიიღო, რაშიც, სატელევიზიო რეკლამაში, $ 1 000 000 გადაიხდიდი. თუმცა, ეს უნიკალური მედიუმი, ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე შესწავლილი.

თითქოს, სააგენტოების „ოქროს ხანა“ დასრულდა

კი, სულ იქნებიან დიდი კომპანიები Apple, Coca-Cola, Nike, ვინც ისევ დიდ ფულს ჩადებს რეკლამაში, მაგრამ თუ ადრე კლიენტი ნებისმიერ თანხას იხდიდა, რომ რაც შეიძლებოდა, ლამაზი რეკლამა ჰქონოდა, ახლა ასე აღარ არის.

© ლევან ასათიანი

ეს სტაგნაცია როგორ უნდა დაიძრას, ან სტარტაპები რის  ხარჯზე ითამაშებენ დიდ როლს? 

აუცილებელია ახალი ბუმი, დღეს, რეკლამები ისეთ შთაბეჭდილებას აღარ ახდენს ხალხზე, როგორც – 10 და 15 წლის წინ, როცა მსჯელობდნენ და განიხილავდნენ ყველა ახალგამოსულ კამპანიას.

მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც კეთდება, თითქოს, არც ერთი კომუნიკაციის საშუალება ისეთი შთამბეჭდავი აღარ არის. და დღესაც არსებობს რაღაცები, რაზეც რეკლამაში ვერ ილაპარაკებ. ეს სამწუხარო მოცემულობაა, თუმცა, მგონი, მხოლოდ რეკლამაში არა, ყველგან იგივე ვითარებაა – კინოში, მუსიკაში. არც მხოლოდ საქართველოშია, მსოფლიოს მასშტაბით ასე ხდება, უბრალოდ ჩვენთან პატარა ბაზარია და კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს. რაღაც აფეთქება უნდა მოხდეს, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები და სააგენტოები, ისეთ რამეს რომ იტყვიან და გააკეთებენ, რაც აქამდე მიღებული არ იყო.

 

ამბობ, რომ დღეს, სარეკლამო კამპანიები ადრინდელივით შთამბეჭდავი აღარ არის. გრანდიოზული პროექტების შესაქმნელად, როგორ ფიქრობ, ინსპირაცია რამდენად მნიშვნელოვანია? ან შემოქმედებით კრიზისზე რა შეგიძლია თქვა? 

ცოტა ხნის წინ, ვუყურე სერიალს Abstract, რომელიც არის დიზაინერებზე, არქიტექტორებზე, ილუსტრატორებსა და ზოგადად, ხელოვან ადამიანებზე. იქ ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რაღაც ძალიან მაგარი რომ გავაკეთე და ახალი დამკვეთიც ისეთივე შედევრის შექმნას მთხოვდა, პანიკა დამეწყო, ის ხომ „ჯეკპოტის“ მოგება იყო და მეორედ როგორღა უნდა გამემეორებინაო, მაგრამ დრო რომ გავიდა, მიხვდი, ინსპირაცია მხოლოდ დამწყებებისთვის არის, პროფესიონალები დილით ადრე ვდგებით და მუშაობას ვიწყებთო. შეიძლება, მთლად ასე მარტივად არ არის საქმე, მაგრამ ნაწილობრივ სიმართლეა. არა იმიტომ, რომ ინსპირაცია არ არსებობს და შრომა არ სჭირდება, არამედ, ინსპირაცია მოდის მაშინ, როცა შენი რესურსის სრულ ინვესტიციას

აკეთებ საქმეში. თუ რაღაცაზე კონცენტრირდები და შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს აქეთ მიმართავ, ინსპირაცია აუცილებლად მოვა. თუ დილით, იმ მოტივაციით ადგები, რომ დღეს რაღაც ახალს და განსაკუთრებულს გააკეთებ, ასეც იქნება. მთავარია შენი განწყობა, რომ დღეს, რაღაც ჯადოსნური უნდა გავაკეთო. გარდა ამისა, ჩვენს საქმეში საჭიროა დისციპლინა, ხელოვნებისგან განსხვავებით. მოკლედ, ბალანსი უნდა იპოვო. მაგალითად, მე, სულ მქონდა ინტერესი, როდის გახდებოდა ჩემი საქმე გართობა. და აი, ამ ფაზამდეც მივედი.

© ლევან ასათიანი

როგორ მუშაობს დისციპლინა და შემოქმედებითი, ცოტა ქაოტური პროცესი ერთად?  

კანადელ პროფესორს, ფსიქოლოგ ჯორდან პიტერსონს თუ დავესესხებით, თავის წიგნში „ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი“ ამბობს, რომ ადამიანი შედგება ქაოსისა და წესრიგისაგანროცა რაღაც ახალი გინდა შექმნა, აუცილებლად ქაოსში უნდა გადახვიდე და იქიდან წამოიღო, მაგრამ ფორმა უკვე წესრიგის სამყაროში უნდა მისცე.

ნებისმიერ ადამიანში არის შიგნიდან გენიალური ხელოვნების ნიმუში, მაგრამ ყველას ერთნაირად არ შეუძლია, ან არ უნდა ქაოსიდან წესრიგის სამყაროში გადმონაცვლება.

ჩემი სამუშაო პროცესიც ამის მიქსია, ქაოსის გარეშე შანსი არ არის, რამე კარგი იდეა მომივიდეს, მაგრამ ის რომ განხორციელდეს, უკვე წესრიგია საჭირო.

ვინ არის ლევან ასათიანისთვის გამორჩეული არტისტი, ის, ვისაც ინსპირაციის წყარო შეგიძლია უწოდო? 

ალბათ, ჩემზე, ყველაზე დიდ გავლენას მხატვარი და გრაფიკოსი მარკ შაგალი ახდენს. ხატვით რომ დავინტერესდი, ბევრი სხვა ფაქტორის გარდა, ერთ-ერთი მისი შემოქმედებაც გახლდათ. შაგალის ნამუშევრები, ნამდვილად ხელოვნების ნიმუშებია, თან – ძალიან მარტივია. ამიტომ, რაღაც მომენტში, მეგონა, დასახატადაც ადვილი იყო და ვფიქრობდი, მეც შევძლებდი ასე ხატვას.

Family Portrait

ინსპირაციასა და გავლენას შორის სად გადის ზღვარი?

ძალიან მიყვარს მუსიკა, სულ ვუსმენ და ყოველთვის ვპოულობ გავლენებს, სხვადასხვა ჟანრებსა და მიმდინარეობებს შორის. ეს უსასრულო ჯაჭვია. ხვდები, რომ ყველაფერს წინაპირობა აქვს, რაღაცა აუცილებლად ახდენს გავლენას. ალბათ, უფრო ძიებაა, ადამიანების არსისა და ბოლოს, შეიძლება, იმ პირველ სიტყვამდეც ჩახვიდე, რაც არის ღმერთი და საიდანაც, წარმოიშვა ყველაფერი. ამიტომ, ცოტა სუბიექტური მგონია, ზუსტად განსაზღვრო, რა არის ინსპირაცია და რა – ზეგავლენა, ნებით თუ უნებლიეთ აღებული. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ინსპირაცია ძალიან სპონტანურია და  შეიძლება ახლა, ჩვენი საუბრიდანაც გაჩნდეს, გავლენა კი ალბათ, ის იქნება, მიზანმიმართულად რომ რაღაცა გადავაკეთო, ან ჩემს ნამუშევარს მოვარგო.

წარმატებისთვის რა არის ამ სფეროში საჭირო?

უნდა შეისწავლო, გამოცდილება მიიღო. აქაც, როგორც ყველა საქმეში, საჭიროა, საკუთარი შესაძლებლობები და შენი პიროვნება ჩადო, ყველაფერი ის, რაც უნიკალური გაქვს. ეს ძალიან რთულია. ყველა ადამიანშია გენიოსი, მაგრამ მისი გადმოტანა საშინელი პროცესია, გეშინია, არ იცი, რა რეაქცია ექნება სხვას. არა და, შემოქმედებით სფეროში, ზუსტად ის ტიპები აღწევენ წარმატებას, ვინც სხვებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს და თავისუფლად გადმოაქვს ყველაფერი, რასაც საკუთარ თავში პოულობს და აღმოაჩენს.

ხვალ რა იქნება? 

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად უკეთესი იქნება. ეს მამოძრავებს. დარწმუნებული ვარ, ჩემს პროფესიაში, ოჯახში, მეგობრებში, ყველაფერი იქნება იმაზე უკეთ, ვიდრე დღეს არის.

 

 

ავტორი: ლილე ხმალაძე 

Cannes Lions-ის ფესტივალი წელსაც ციფრულად გაიმართება

Facebook-მა Clubhouse-ის კონკურენტი აპლიკაცია შექმნა!