31
Aug
2018

„დიდი პრობლემა გვქონდა, შემდგარ მუსიკალურ პროექტებად ვქცეულიყავით ბათუმელი ახალგაზრდები“ – #თაობა, ლევან გელიაშვილი

31 Aug 2018

თუ წინა წლების განმავლობაში მუსიკალური აქტივობები, ძირითადად, დედაქალაქში იყო კონცენტრირებული, ბოლო დროს დაიწყო დეცენტრალიზაციის პროცესი, სხვა დიდი ქალაქების მიმართულებით. ბათუმში, წელს, სხვა ფესტივალებთან ერთად, კიდევ ერთხელ ჩატარდა მასშტაბური Black Sea Sound, რომელიც ძირითადად ლოკალური მუსიკალური სცენის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, ფესტივალის იდეის ავტორის სახელს უკავშირდება Art Up/Street Gallery-ს – პროექტიც, რომელიც ციფრული ხელოვნების განვითარებასა და ალტერნატიული საგამოფენო სივრცის შექმნას ისახავს მიზნად. მიმდინარე და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით მარკეტერი ფესტივალის იდეის ავტორს – ლევან გელიაშვილს ესაუბრა:

M: როგორ გაჩნდა Black Sea Sound-ის ჩატარების იდეა და რამდენი წელია, რაც ფესტივალი არსებობს?
ფესტივალის იდეა 2014 წელს გაჩნდა. მაშინ არ არსებობდა ალტერნატიული, ადგილობრივ მუსიკალურ ჯგუფებზე/ინდივიდუალურ შემსრულებლებზე და საავტორო მუსიკაზე ორიენტრირებული პროექტი. მხოლოდ დიდი კონცერტები ტარდებოდა და ადგილობრივი მუსიკოსები თითქმის ყოველთვის უყურადღებოდ რჩებოდნენ. მოკლედ, დიდი პრობლემა გვქონდა, შემდგარ მუსიკალურ პროექტებად ჩამოვყალიბებულიყავით ბათუმში მყოფი ახალგაზრდები. ძირითადად, ვიკრიბებოდით ჩემ მიერ შექმნილ სივრცეში, რომელსაც EREDELI’s Bar ერქვა და იმ სარდაფში ხდებოდა კონცერტების ორგანიზება, არ ჰქონდა მნიშვნელობა გამოცდილი მუსიკოსი იყავი თუ დამწყები. ყველას გვინდოდა რაღაც გაგვეზიარებინა. 2014 წელს, აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით, შევძელით Black Sea Sound-ის დაწყება. ასევე, რომ არა მუსიკოსების და მეგობრების მხარდაჭერა, პროექტი ვერ განხორციელდებოდა, ჰონორარზე ზედმეტი იყო საუბარი. წელს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროა პარტნიორი, კონცერტებს საგანმანათლებლო კომპონენტი დაემატა, ასევე ქუჩის მუსიკის დღეები და მუსიკასთან ერთად ხელოვნების ფესტივალად ვყალიბდებით, დიდი გეგმებით.

M: მუსიკალური თვალსაზრისით, რა მდგომარეობაა ამჟამად ბათუმში?
ბევრი საინტერესო პროექტის გახორციელება მოვახერხეთ, ამ წლების განმავლობაში, რომელიც ორიენტირებული იყო მუსიკალური ჯგუფების მხარდაჭერაზე, აჭარის რეგიონში. ერთ-ერთი ვფიქრობ ყველაზე წარმატებული და საჭირო იყო, როდესაც მუსიკოსებს დავუმზადეთ ვებგვერდები, სტუდიური ჩანაწერები, ორგანიზება გავუწიეთ ფოტოსესიებს და კონცერტებს. ამჟამად, არსებობს ბევრი „ბენდი“, რომელიც ძალიან საინტერესო მუსიკას ქმნის და პროფესიონალებისგან შედგება. თუ წინა წლებში „დიდი კონცერტები“ ქალაქში მათ გარეშე ტარდებოდა, დღეს, თითქმის ყველა შემდგარი მუსიკოსი/ჯგუფი მონაწილეობს ქალაქის სხვადასხვა მაშტაბურ პროექტში. ეს ყველაფერი გამოიწვია მუსიკოსების იდეების, პროექტებად შეკვრამ, რაც ვფიქრობ, აუცილებელია. წელს, ასევე გვინდოდა უფასო სარეპეტიციო-სტუდიის დაარსება, ფინანსური მხარდამჭერიც გვყავდა, მაგრამ შესაბამისი ადგილის არ ქონის და დროის სიმცირის გამო, დროებით თავი შევიკავეთ ამ პროექტის გახორციელებაზე. ვფიქრობ, ძალიან დეტალურად უნდა დაიგეგმოს ამ სივრცის არსებობის იდეა. მუსიკოსებს მხოლოდ აპარატურით მოწყობილი სარეპეტიციო არ უნდა ჰქონდეთ, იქ განათლების მიღება უნდა ხდებოდეს, პარალელურად, ოღონდ არა სტანდარტული გაგებით (მხოლოდ საქმეში ჩათვლისთვის), რაც ხდება დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, მრავალ სასწავლებელში და აქტივობებზე.

M: თქვენი ღონისძიებები მხოლოდ ბათუმს უკავშირდება, თუ სახელწოდებიდან გამომდინარე აპირებთ საქართველოს სხვა საზღვაო მხარეებიც მოიცვათ?
ვფიქრობ, ერთი აქტივობა მომავალ წელს ქობულეთშიც გავაკეთოთ, რადგან ეს ადგილი საერთოდ უყურადღებოდ არის, ამ მიმართულებით. 2 წელი პატარა როკ კონცერტებს ვატარებდით, თუმცა შევაჩერეთ, რადგან Black Sea Sound გაგვეძლიერებინა და უფრო მასშტაბურად გაგვეკეთებინა სამომავლოდ ქობულეთში აქტივობები. ასევე, არასდროს ვარ ნამყოფი სანაპიროზე, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. გულის სიღრმეში, მაინც მჯერა, ფესტივალის აქტივობების ნაწილი, ერთ დღეს, იქაც ჩატარდება.

M: რა შესაძლებლობები აქვთ ადგილობრივ შემსრულებლებს საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის მიმართულებით?
ფესტივალის ფარგლებში, მუსიკოსებს არჩევს ჩვენი გუნდი, თუმცა სარეგისტრაციო ფორმაც გვაქვს, სადაც ყველას შეუძლია მოგვაწვდინოს ხმა. მუსიკოსებს ეთმობათ ქუჩაში მოწყობილი სივრცეები ტექნიკით, ასევე ხდება კონცერტების ორგანიზება, როგორიც გვქონდა ევროპის მოედანზე და გვაქვს დაგეგმილი ბათუმის დრამატულ თეატრში, სადაც Kid Jesus და სიმებიანი კვარტეტი იქნება წარმოდგენილი 6 სექტემბერს ბათუმელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის. საავტორო მუსიკის მასობრივად წარმოდგენა, მისი გაზიარება არის ყველაზე მთავარი მიზანი. სამწუხაროდ ბაზარზე მხოლოდ ცნობილი ჰიტების მოთხოვნა ხდება დამკვეთის მიერ, რის გამოც, მუსიკოსები ვერ ვითარდებიან შემოქმედებითად.

M: მუსიკალურად, რა განწობის მატარებელია ფესტივალი, ცდილობთ რამე სახის სტილისტურ ჩარჩოებში მოქცევას?
ვცდილობთ ჩარჩოებში არ მოვექცეთ, რადგან ეს კიდევ უფრო შეზღუდავს საქართველოში, კერძოდ ბათუმში მოღვაწე მუსიკოსებს. ფესტივალის მიზანია მუსიკოსების მხარდაჭერა, ამიტომ ვმუშაობთ, რომ მუსიკალურად მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროგრამა გვქონდეს.

M: გარდა მუსიკალური ღონისძიებებისა რა სახის აქტივობებია დაგეგმილი ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში?
ერთ-ერთი მთავარი აქტივობა, ვფიქრობ, არის ვორქშოფების და შეხვედრების ნაწილი, სადაც სხვადასხვა წარმატებული ადამიანი უზიარებს გამოცდილებას მუსიკოსებს, არტ მენეჯერებს და უბრალოდ, დაინტერესებულ ახალგზარდებს. ეს ნაწილი უფრო უნდა გავააქტიუროთ და მასიური გავხადოთ, რადგან აქ ხდება გამოცდილების გაზიარების გარდა კონტაქტი. კონტაქტის შედეგად შეიძლება დიდი იდეები დაიბადოს და გახორციელდეს. მომოვალ წელს, ვორქშოფებთან და კონცერტებთან ერთად, გამოფენების, ვიდეო პროექციებისა და ქუჩის ინსტალაციების ორგანიზებას ვგეგმავთ.

M: რაც შეეხება, Art Up/Street Gallery-ს, რა სახის სერვისს სთავაზობს იგი მომხმარებელს და ვისთვისაა ეს სივრცე?
დაახლოებით, 10 წელია ვმუშაობთ ხელოვანებთან და აქტიურ ადამიანებთან ერთად ინოვაციური ექსპერიმენტული და საჭირო პლატფორმების შექმნისთვის. ბევრი გამოფენა, მუსიკალური ფესტივალი და სხვადასხვა ტიპის ღონისძიება გვაქვს ორგანიზებული, ამ წლების მანძილზე. ამ პროექტზე მუშაობა 2016 წელს დავიწყეთ. ისეთ, კლასიკური გაგების გალერეაში პრინტ არტის, ახალგაზრდა არტისტების რაოდენობრივად შეზღუდული ნამუშევრების გამოტანა რთულია. ასევე, დიდ პრობლემას ქმნის ფინანსური მხარე. გალერეებსაც უფრო და უფრო ნაკლებად სტუმრობენ ადამიანები. ამიტომ, გალერეა გამოვიტანეთ გარეთ ქუჩებში, კაფეების კედლებზე, ჰოსტელების ტერიტორიაზე და აქტიური ლოკაციები ავითვისეთ.

ART UP – Street Gallery, არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ხელოვნების განვითარებას, ასევე ალტერნატიული, ყველასთვის ხელმისაწვდომი საგამოფენო სივრცის შექმნას საქართველოში. პროექტი შესაძლებლობას აძლევს  ხელოვანებს საკუთარი ნამუშევრები გამოფინონ თბილისისა და ბათუმის ქუჩებში, არტ ბოქსების გამოყენებით, ან გაყიდონ ისინი ონლაინ პლატფორმაზე Artup.ge. ხელოვანებს საკუთარი ნამუშევრების ბოქსებში განთავსება და გამოფენის ორგანიზება შეუძლიათ სპეციალური ფორმის შევსებით. ჩვენ სრულად ვფარავთ ნამუშევრების ბეჭდვისა და განთავსების საფასურს.

ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ჩვენი ვებგვერდია. ეს მხოლოდ საინფორმაციო გვერდი არ არის, აქ რეგისტრირდები, აქვეყნებ საკუთარ ნამუშევრებს, თუ გსურს გაყიდვა ნამუშევრის, ათავსებ და ყიდი (ჩვენ მხოლოდ ვამოწმებთ ხარისხს და სხვა ტექნიკურ დეტალებს), ნახულობ ნახვებისა და გაზიარების სტატისტიკას და ა.შ. აქვს სხვა ბევრი ფუნქცია, რაც ვფიქრობ, საქართველოში ერთ ვებგვერდზე თავმოყრილი, ამ კატეგორიაში არ არის, იმედი გვაქვს, სამომომავლოდ, სოც-ქსელის სახეს მიიღებს არტისტებისთვის.

ჩვენი ძირითადი მიზანი ხელოვანის მხარდაჭერაა. საქართველოში ეს სფერო ახლა იწყებს ამუშავებს, დრო და ბევრი მუშაობაა საჭირო. მხატვრებმა აუცილებლად უფრო მეტი ნამუშევარი უნდა შექმნან, რომ არ მოხდეს, სიმცირის გამო, ციფრული ხელოვნების განვითარების შეჩერება, ან შეფერხება. ჩვენ ვცდილობთ მათ მხარდაჭერას, თუნდაც ცნობადობის ამაღლებით და გამოფენის დაფინანსების სახით. მხოლოდ ჩვენი პროექტი, ან მხოლოდ ხელოვანები ვერ განვვითარდებით. ერთი სისტემა უნდა შევქმნათ რისი კეთებაც დაწყებული გვაქვს.

გუნდში რამდენიმე ადამიანი ვართ: პროგრამერი, დიზაინერი, პროექტის ხელმღვანელი, მედია მეჯერი. ასევე, 5 კაციანი გუნდი, რომელიც სპეციალურად შევარჩიეთ და განიხილავს მიღებულ ნამუშევრებს გამოფენისთვის – მხატვარი, ჟურნალისტი, NGO-ს წარმომადგენელი, პროექტის ხელმძღვანელი, ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანი.

ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ, კულტურაში მოღვაწე ორგანიზაციებთან. გვსურს, პარტნიორები მოვიძიოთ და ქართველი ხელოვანების ნამუშევრები სხვა ქალაქის ქუჩებშიც გამოვფინოთ, ჩვენ მიერ განთავსებულ არტ ბოქსებში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმა ეს არის. თუ რომელიმე ქვეყნიდან დაინტერესებული ადამიანები/ორგანიზაცია ჩაერთვება, ეს ძალიან დიდ პროცესს შეუწყობს ხელს. ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, თანამედროვე ხელოვნების განვითარება და მისი მხარდაჭერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. 2019 წელს გვსურს მოვიძიოთ ფინანსები სტუდია – გალერეის შექმნისთვის, უნდა შევქმნათ სივრცე, სადაც მოხდება საგანმანათლებლო პროგრამების, გამოფენების და გაყიდვების ორგანიზება ციფრული ხელოვნების მიმართულებით. მომავალი წლის დასაწყისში ვგეგმავთ საინტერესო ღონისძიებებს, რომლებზეც მოგვიანებით მოგიყვებით.



განხილვა