10
Dec
2019

მემანქანეობიდან, ტურიზმში გაFreeნამდე – ამბავი ლევან გიორგაძეზე

10 Dec 2019

საკუთარი თავის ერთი სიტყვით აღწერა რომ ვთხოვე, მითხრა, “კარიერისტიო”, თუმცა, მე თუ მკითხავთ, “მოუსვენარი” უფრო შეეფერება. ჯერ კიდევ, სკოლის ასაკიდან მოყოლებული, თბილისის Free Walking Tours-ის თავკაცი ლევან გიორგაძე, უძრავად გაკვეთილის 45 წუთის განმავლობაშიც კი ვერ ძლებდა. კლასიდან როგორღაც გარეთ გამოაღწევდა და სულს მოძრაობაში მოითქვამდა ხოლმე. მასწავლებლებისთვის, ეს ხულიგნობა იყო, მისთვის კი – რაღაც ახლის აღმოჩენის საშუალება. თუმცა, არც ეს სიტყვა “ხულიგანი” ხვდებოდა ყურს ცუდად. ხულიგნობა კარგიც შეიძლება იყოსო, ამბობს. არა, განა ზარმაცობდა? კარგად ვსწავლობდიო. მაგრამ დაუდგრომელი ხასიათი სძლევდა ხოლმე და აი, ასე – ერთხელ კოლეჯიდან გამოუშვეს, მეორედ – უმაღლესი სასწავლებლიდან. არადა, მუშაობა კარიერისტმა ლევან გიორგაძემ 15 წლის ასაკში დაიწყო, შეიძინა რამდენიმე პროფესია არაერთი წელიწადი რადიოში, ტელევიზიასა და სხვა სამსახურებში გაატარა. დღეს, საკუთარი ბიზნესი აქვს, თბილისის უფასო საფეხმავლო ტურებს უძღვება.

“მიყვარს შრომა, არ მიყვარს გაჩერება და ყველაფერში ვეძებ მრავალფეროვნებას. სწორედ ამ ცნობისმოყვარეობამ შემიწყო ხელი, მესწავლა ძალიან ბევრი რამ და ჩემი თავი უამრავ სფეროში გამომეცადა: რადიოთი და ტელევიზიით დაწყებული, მასწავლებლობით და გიდობით დამთავრებული. გამოცდილება საკმაოდ მრავალფეროვანი მაქვს, ვებდიზაინიც ვისწავლე, ფოტოგრაფიაც და თამამად შემიძლია ვთქვა, რაც ოდესმე მიკეთებია, ყველაფერი გამომადგა. თითქოს, ის ყველაფერი შეიკრიბა და იმ საქმეში მოიყარა თავი, რასაც ახლა ვაკეთებ – Free Walking Tours-ს.”

M: შენი თავი “დიდობაში” როგორ წარმოგედგინა?

გაგეცინება და, მემანქანე მინდოდა გამოვსულიყავი. მამაჩემს ჰყავდა მეგობარი, მემანქანე იყო. ერთხელაც წამიყვანა და მატარებლის სამართავ კაბინაში მამგზავრა. მგონი, 3D ეფექტი პირველად მაშინ ვნახე, გვირაბში მგზავრობას წინა რიგიდან რომ ვადევნებდი თვალს. დაუვიწყარი სანახაობა იყო. მერე, სკოლაში, როცა მკითხეს, რა გინდა გამოხვიდეო, დაუფიქრებლად ვუპასუხე, მემანქანე-მეთქი.

M: პირველი სამსახური როგორ დაიწყე?

15 წლის ვიყავი, პირველ რადიოში რომ დავიწყე მუშაობა. ეს ის დროა, როცა რადიო ძალიან პოპულარული იყო. ახლა 32-ის ვარ, ასე რომ, მარტივი მისახვედრია, რომელ პერიოდზეც ვსაუბრობ. ჩემი 300 ლარიანი ხელფასი კი, დღევანდელ 3000-ს უდრიდა. ძალიან დიდი მოტივაცია მქონდა, ამეწყო კარიერა და სწორედ ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი.

M: რამ მოახდინა გავლენა შენს პროფესიული არჩევანზე?

ვერასოდეს წარმომედგინა, რომ ოდესმე ტურიზმი იქნებოდა ჩემი საქმიანობის სფერო, რადგან სრულიად სხვა რაღაც მაქვს დამთავრებული. მე-9 კლასის შემდეგ, მშობლებს გამოვუცხადე, სკოლაში აღარ მინდა სწავლა, რაღაც სხვა უნდა ვაკეთო მეთქი. ასე მოვხვდი გრიგოლ რობაქიძის სახელობის კოლეჯში, იურიდიულზე. ეს პროფესია არ მომწონდა და ჩუმად გადავიპარე ჟურნალისტიკაზე. საბოლოოდ, კოლეჯიდან ჰალსტუხის არ ტარების გამო გამომიშვეს. რა ვქნა, ვერ ვატარებდი, ცხოვრებაში ჰალსტუხი არ მკეთებია, ქორწილებშიც კი. მოკლედ, ერთი წელი გამიცდა. შემდეგ, თეატრალურში ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე, ექსტერნად. ძალიან რთული იყო იქ მოხვედრა, მხოლოდ სოფიკო ჭიაურელი მიჭერდა მხარს, სხვები – არა.

M: შენს პროფესიულ გამოცდილებაზე რას იტყვი?

უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ დაიწყო ჩემი TV “იმედში” მოღვაწეობა, ჯერ იყო გადაცემა “დუბლი2”, შემდეგ “ქრონიკაში” ვიყავი სტაჟირებაზე. “ქრონიკიდან” გადავინაცვლე რეალითი ბიზნეს შოუ “ინდუსტრიაში” ინტერვიუერად და მონაწილეებისთვის რაღაც დამპლობების თქმა მევალებოდა ხოლმე. მონაწილე გუნდებს ევალებოდათ, ეფექტურად გაეყიდათ კონკრეტული ბრენდის ლუდი, დაეგეგმათ მარკეტინგული და PR კამპანია. ჩემი მიზანი იყო, ჭრილობაზე დამეჭირა მონაწილეებისთვის: “აი, იმათ 1000 გაყიდეს და თქვენ, ჯერ კიდევ, ერთი გაქვთ გაყიდული. მგონი, გოგა ვერ მუშაობს…”

ასე მივიღე პირველი სატელევიზიო გამოცდილება. თუმცა, უნივერსიტეტში შემექმნა პრობლემები, რადგან მუშაობის გამო, ვეღარ დავდიოდი. კი დაურეკეს ლექტორს პროდუსერებმა, მაგრამ არაფერმა გაჭრა და გამომიშვეს, ჟურნალისტიკის მეორე კურსიდან. ავდექი და გადავედი PR-ზე. წმინდა პროფესიული თვალსაზრისით, მეტი ცოდნა სამუშაო გამოცდილებიდან მივიღე.

M: შენს ერთ-ერთ დიდ სიყვარულზე, ფოტოგრაფიაზე გვიამბე…

ფოტოგრაფიით 17 წლიდან ვიყავი გატაცებული და მეგობრებმა შევქმენით საიტი Graf.ge. Boke.ge-ზეც ვიყავი, საზოგადოებასთან ერთიერთობას ვუძღვებოდი. საბოლოოდ, გამოჩნდა Facebook და ორივე ვებგვერდი დავიწყებას მიეცა. ფოტოგრაფია დღემდე ძალიან მიყვარს და ჩემი შემოსავლის წყაროცაა. სწორედ ფოტოგრაფიამ მიმიყვანა ერთ-ერთ სამსახურამდე. Eastern Promotion-მდე – 2009 წელს მოვხვდი პირველად ჯაზ-ფესტივალზე, ვიღებდი ფოტოებს, დავდე ფეისბუკზე, დავთაგე “ისთერნ ფრომოუშენი”. ფოტოები მოეწონათ და სამუშაოდ მიმიწვიეს. ჯერ ფოტოგრაფად, შემდეგ მედია კოორდინატორად. საერთო ჯამში, 7 წელი გავატარე “ისთერნ ფრომოუშენში”. ეს იყო უდიდესი გამოცდილება – ვისწავლე მენეჯმენტი, კოორდინირება, მაგრამ ყველაზე მთავარი – მე ვისწავლე “ჩვენ”. გუნდურობა ბევრად მნიშვნელოვანია იმაზე, თუ “ვინ დაიწყო”. ეს ძალიან მადგება ჩემს დღევანდელ ბიზნესშიც  – ამ ყველაფერს მარტო ნამდვილად ვერ შევძლებდი.

M: რას გულისხმობ, როცა ამბობ “უნდა დაკარგო, რომ იპოვო”?

დაახლოებით, 5.5 წლის წინ წამოვედი Eastern Promotion-დან. ვიცოდი, რაღაც ახალ გზას უნდა დავდგომოდი, თუმცა, არ მქონდა რაიმე გეგმა. რაღაც ახალი რომ მიიღო, ჯერ ის უნდა გაუშვა, რაც გაქვს. მეც ასე გავთავისუფლდი, სამოგზაუროდ წავედი და იქ ავიღე პირველად უფასო ტური. ასეთი ტური მთლიანად აგებულია თანამედროვე ცხოვრების სტილზე და არა ისტორიულ თავისებურებებზე. ტური უფასოა და მთლიანად Tips-ზეა დამოკიდებული. მივხვდი, რომ არ იყო სტანდარტული ტური და ეს კონცეფცია ძალიან მიმზიდველი იქნებოდა ადამიანებისთვის. იმ დროისთვის, საქართველოში ასეთი პრაქტიკა არ არსებობდა, ამიტომაც გადავწყვიტე, Free Walking Tours სწორედ აქ წამომეწყო.

M: 15 დეკემბერს, მსმენელს “სფოთლაითის” სცენიდან გაესაუბრები. რა იქნება შენი სასაუბრო თემა?

“მარკეტინგი უფასოდ”. ჩემს ბიზნესს ერთლარიან ბიზნესს ვეძახი ხოლმე. მახსოვს, მარშუტკით წავედი და დავდექი შეხვედრის ადგილას, რომ პირველი უფასო ტური ჩამეტარებინა. პირველი აღებული თანხით, ფლაერები დავბეჭდე და გავავრცელე. დღესდღეობით, უკვე ისეა, რომ უფასო ტურებთან ერთად, მოთხოვნიდან გამომდინარე, დავამატეთ ფასიანი, თუმცა, კვლავაც არასტანდარტული ტურები. თუმცა, ყველაფერს ახლა არ გაგიმხელთ, დანარჩენს “სფოთლაითზე” მოისმენთ…

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა