რა არის ის მთავარი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა, სანამ ყველაფერს ნულიდან დაიწყებ? ხშირად, ცხოვრებისეული ცვლილებები ერთი მარტივი, მაგრამ ყველაზე გამბედავი კითხვით იწყება. ეს კითხვა კი ყველასთვის განსხვავებულია. „თიბისი ბიზნესის“ მხარდაჭერით, Marketer.ge-ის რუბრიკაში #პირველიკითხვა გიზიარებთ ისტორიას იმაზე, თუ როგორ გარდაიქმნება დაგროვილი გამოცდილება და პროფესიული ამბიცია საკუთარ საქმედ. ამჯერად, საკუთარ „პირველ კითხვაზე“ Highway VFX-ის თანადამფუძნებელი ლევან ლაფაჩი გვიყვება.
ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან მხიბლავდა გუნდური აქტივობები, სადაც თითოეულ ადამიანს თავისი უნიკალური როლი აქვს და ეს ერთობა ქმნის დიდ, გამართულ მექანიზმს, რომელსაც გაცილებით მასშტაბური მიზნების მიღწევა შეუძლია. კარიერაში ადრეულ ასაკში ჩართვამ, სხვადასხვა პროექტზე მუშაობამ და უცხოური კომპანიების წარმატებული მაგალითების გაცნობამ ეს ხედვა კიდევ უფრო გაამყარა და დაამწიფა. თუმცა, მაინც დადგა ის ერთი გარდამტეხი მომენტი, როცა საკუთარ თავს საკმაოდ პირდაპირი და მკაფიო კითხვა დავუსვი: „თუ უკვე წლებია ამას ვაკეთებ სხვისთვის, ვიღებ პასუხისმგებლობას, ვაგვარებ პრობლემებს და ვდებ შედეგს, რატომ არ უნდა ვცადო იგივე ჩემი სახელით და ჩემი ხედვით?“
ამ ფიქრებთან მარტო დიდხანს არ დავრჩენილვარ. მალევე, ერთ-ერთ პროექტზე ჩემი გზები ძველ თანამშრომლებსა და აწ უკვე პარტნიორებს გადაეკვეთა. თითქოს სამყარომ შეტყობინება გამომიგზავნა, რომ იდეა უკვე მზად იყო განხორციელებისთვის, მთავარი მხოლოდ სწორი ადამიანების შეკრება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაბიჯის გადადგმის გამბედაობა იყო. ეს არ ყოფილა მხოლოდ ცივი გონებით გათვლილი გეგმა, თუმცა, არც მხოლოდ ემოციურ იმპულსს ავყოლივართ – სიმართლე სადღაც ოქროს შუალედშია. გვქონდა ზოგადი გეგმა, ვიცოდით ჩვენი გამოცდილების ფასი და ისიც, თუ რა ღირებულების შექმნა შეგვეძლო, მაგრამ მხოლოდ პრაგმატული გათვლებით ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი. ჩვენი საქმიანობა ხომ, პირველ რიგში, ადამიანებში ემოციების აღძვრას ემსახურება. სურვილი, რომ საკუთარი ხედვა გამომეცადა და პასუხისმგებლობა ბოლომდე საკუთარ თავზეამეღო, სულ არსებობდა. საბოლოო ბიძგი შინაგანმა შეგრძნებამ მოგვცა – მივხვდით, რომ „ახლაა დრო“. ეს იყო სტრატეგიისა და ემოციის ჯანსაღი ნაზავი, სადაც ერთი მეორის გარეშე უბრალოდ ვერ იმუშავებდა.
რა თქმა უნდა, იყო „მუხრუჭიც“ და მთავარი ეჭვი, რაც უკან გვხევდა, პასუხისმგებლობის მასშტაბს უკავშირდებოდა. როცა „დასაქმებულის“ პოზიციიდან გამოდიხარ, საქმე მხოლოდ იმაში აღარ არის, გამოგივა თუ არა კონკრეტული დავალება. აქ პასუხისმგებლობას ინაწილებ გუნდთან და მომავალ კლიენტებთან. ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა ხარისხის შენარჩუნებას გაზრდილი წნეხის ფონზე და, რაც მთავარია, შევძლებდი თუ არა ბიზნესის მართვას ისე, რომ შემოქმედებითი მხარე არ დაგვეკარგა. ეჭვები ფინანსურ სტაბილურობასაც ეხებოდა, რადგან ყველაფერი ნულიდან, საკუთარი ხარჯებითა და აპარატურით დავიწყეთ. თუმცა საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ ყველაზე დიდი შეცდომა საერთოდ არცდის სინანული იქნებოდა. დანარჩენი კი მართვადი, თავგადასავლებით სავსე გამოწვევა აღმოჩნდა.
საინტერესოა, რომ მოლოდინი და რეალობა ერთმანეთს არ დაემთხვა. მეგონა, მთავარი სირთულე ტექნიკური და შემოქმედებითი ნაწილი – ხარისხის დაჭერა იქნებოდა. რეალურად კი ეს ყველაზე მარტივი აღმოჩნდა, რადგან ზუსტად ეს იყო ის საქმე, რასაც წლებია ვაკეთებდით. ნამდვილი გამოწვევა ბიზნესის ყოველდღიური მართვა, პროცესების აწყობა და კომუნიკაცია გახდა. ერთდროულად გიწევს იყო კრეატიული მენეჯერიც და საკუთარი თავის HR-იც. თუმცა, სასიამოვნო სიურპრიზი ის იყო, თუ რამდენად სწრაფად რეაგირებს ბაზარი ხარისხსა და პასუხისმგებლობაზე. რეალობამ მასწავლა, რომ ბიზნესის სტარტზე რომანტიკა ნაკლებია, დისციპლინა კი – გადამწყვეტი. ამის გარეშე არაფერი გამოდის, მაგრამ თუ ამ ეტაპს გადალახავ, სტაბილურობაც მოდის.
პირველი დიდი გამარჯვება და ვალიდაცია, რომ სწორ გზას ვადექით, Sibler Films-თან თანამშრომლობა იყო. ერთ-ერთი ქართული კომპანიისთვის ნულიდან უნდა შეგვექმნა ტრანსფორმერი რობოტების პერსონაჟები. ამოცანა ურთულესი იყო: ვიზუალი და ქცევა იმდენად რეალისტური უნდა ყოფილიყო, რომ კამერით გადაღებულ კადრებში, რეალური ობიექტებისა და მსახიობების გვერდით, მათი ინტეგრაცია ბუნებრივად მომხდარიყო. სულ მცირე დეტალიც კი მთელ შრომას წყალში ჩაყრიდა. თავიდან იდეა იმდენად მასშტაბური ჩანდა, ცოტა დაუჯერებელიც კი იყო, რომ საქართველოს ბაზრისთვის ამ დონის პროექტს ვაკეთებდით. მრავალი სირთულის მიუხედავად, პროექტი წარმატებით დასრულდა. ეს იყო დასტური, რომ მზად ვიყავით კიდევ უფრო დიდი გამოწვევებისთვის.
დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემს თავს ვურჩევდი, მეტად მინდობოდა პროცესს და ნაკლები ენერვიულა ისეთ საკითხებზე, რომლებიც დროთა განმავლობაში მაინც თავისით გვარდება. ვურჩევდი, უფრო ხშირად გამოსულიყო კომფორტის ზონიდან და უფრო ადრე გამოეთავისუფლებინა დრო გრძელვადიანი სტრატეგიისთვის. როცა კომპანიას აშენებ, ყოველდღიური რუტინა ხშირად „აბლაბუდასავით“ გითრეევს და მხედველობას გიზღუდავს. საკმარისია, სულ ცოტა ხნით ამოყო თავი, რომ თვალსაწიერი ფართოვდება და აზრები ლაგდება. ბიზნესში არ არსებობს უტყუარი წესები, არსებობს მხოლოდ შენი გამოცდილება და შენი გზა, რომელსაც ბოლომდე უნდა მიაწვე.
თუ დასაწყისში მთავარი კითხვა იყო „გამოვა თუ არა?“, ტექნოლოგიების სწრაფი ცვლილების ეპოქაში ეს კითხვა მაინც აქტუალური რჩება, თუმცა მას კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი დაემატა. ჩვენ ვმუშაობთ სფეროში, რომელიც ყოველდღიურად განიცდის ტრანსფორმაციას. უძრაობა არასდროს ყოფილა ჩემი ხასიათის ნაწილი, ამიტომ დღეს ჩემი მთავარი კითხვაა: „როგორ მივიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც რელევანტური იქნება არა მხოლოდ დღეს, არამედ 5 წლის შემდეგაც?“ თუ არ გაქვს ხედვა და მიზანი, დროის სვლა უმოწყალოდ „გადაგყლაპავს“. ადაპტაცია და მუდმივი განვითარება – ეს არის ერთადერთი გზა, რომ სრულიად ახალ რეალობაში არ მოგიწიოს გაღვიძება.











