in

„აკეთე საყვარელი საქმე ზედმეტი მოლოდინის გარეშე“

ცრურწმენასავით კი ჟღერს, მაგრამ არაერთხელ გვითქვამს ან გონებაში მაინც გაგვივლია, რომ ზედმეტი მოლოდინები იმედგაცრუების წინაპირობაა. თითქოს, ემოციურად მეტისმეტად მაღალ ზღვარს ვაწესებთ, მიღებული შედეგი კი ხშირად ამ ზღვარზე დაბლაა. ესეც რომ არა, მომავალზე ფიქრი „აქ და ახლას“ განცდას გვაკარგვინებს — შინაგან რესურსს ორ ნაწილად ვხლეჩთ, სრულად ვერ ვკონცენტრირდებით.

„ზედმეტი მოლოდინები, რომლებიც შესაძლო იმედგაცრუებას მოგვიტანს, ფუჭია. თავის მხრივ, იმედგაცრუება იწვევს საკუთარი თვითშეფასების დაწევას, ანუ აღარ გჯერა შენი ძალების. თუმცა სრულად მოლოდინებისგან  განთავისუფლება ალბათ შეუძლებელია. ერთგვარი ბალანსი უნდა არსებობდეს რეალობასა და გადაჭარბებულ ოპტიმიზმს შორის“,ამბობს ლევან როგავა, გოჯუ-რიუს სენსეი. სწორედ მასთან ერთად განვიხილავთ, რატომაა მეტისმეტი მოლოდინები მავნებელი…

ნებისმიერი რამ, რაც შინაგან ცენტრს გვაკარგვინებს, უსარგებლო კვალს ტოვებს ჩვენში

M: თუკი „მოლოდინების იმედად“ ვერ ვიქნებით, მოტივაცია სად და როგორ უნდა ვიპოვოთ?                                                        

ვფიქრობ, მოტივაციის პოვნას ინდივიდუალური მიზეზები აქვს ყველა ადამიანში. ჩემს შემთხვევაში, მას ძირითადად მიზნები განსაზღვრავს. როცა ვიცი, რა მინდა და მცირე შედეგსაც კი ვხედავ, სუპერ მოტივირებული ვხდები. სამყაროს უყვარს პოზიტიურად მოტივირებული ადამიანები, ის აუცილებლად შეგაგებებს შანსებს გამარჯვებისთვის. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია სხვა ადამიანებისთვის სარგებლის და ბედნიერების მინიჭებაა და ეს განსაკუთრებით ბავშვებს ეხება.

როცა ვხედავ ადამიანს, რომელსაც ვახარებ, ეს დამატებით მოტივაციასა და ენერგიას მაძლევს

M: ისე, საყვარელი საქმის ზედმეტი მოლოდინების გარეშე კეთება რაღაც მხრივ უპირობო სიყვარულის ტოლფასია?  

დიახ. საყვარელი საქმე წესით უნდა გვასწავლიდეს უპირობო სიყვარულს.     სინამდვილეში, სიყვარული პირობებს არ აღიარებს. ანუ ნებისმიერ მოცემულობაში სიყვარული თავისთავად უზენაესია. ყველაფერი დადებითი, რაც კეთდება სამყაროში, სიყვარულით ან მის გარშემო არსებობს. ძირითადად ჩვენ, ადამიანები, ვაფუჭებთ მას ზედმეტი მოლოდინებით და ამბიციებით.

M: ერთი სიტყვით ან ფრაზით როგორ აღწერდი ადამიანისა და საქმის მიმართებას? რა კავშირია ჩვენსა და იმას შორის, რასაც ვაკეთებთ?              

არსებობს შესანიშნავი ქართული სიტყვა „დახელოვნება“. როდესაც ადამიანი ირჩევს ამა თუ იმ პროფესიას და მასში დახელოვნებას ცდილობს, ესე იგი, საკუთარი თავის შემეცნების გზაზეა. იაპონიაში ნებისმიერ ხელოვნებას აქვს მთავარი ფუნქცია, ადამიანმა იპოვოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და გახდეს სხვისთვის სასარგებლო; მუდმივად იდგეს თვითგანვითარების გზაზე, გახდეს ოსტატი თავისი საქმის და ეს ოსტატობა გამოიყენოს ერთგვარ ინსტრუმენტად, საკუთარი თავის და სამყაროს შეცნობის პროცესში. საქმის მიმართ დამოკიდებულება პასუხისმგებლობის გრძნობაზეც გადის.

ცხადია, პასუხისმგებლიანი ადამიანი უფრო შორს წავა ვიდრე უპასუხისმგებლო

M: წარმოვიდგინოთ, რომ ზუსტად იმას აკეთებთ, რაც ნამდვილად გიყვართ, მაგრამ უცბად სრულად იცლებით მოტივაციისგან… არ გინდათ არაფრის გაგრძელება და საერთოდ ხელის ჩაქნევაზე ფიქრობთ. ასეთ შემთხვევაში სად ვეძებთ სტიმულს?

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არ ყოფილა ერთი წამიც კი, როცა ხელი ჩავიქნიე ჩემს საქმიანობაზე. მიუხედავად ბნელი და მძიმე პერიოდისა, არასდროს არ შემპარვია ეჭვი. ერთხელ ჩემი ნათესავის ბიზნესმენმა მეგობარმა მითხრა, თუ ხედავ რომ შემოსავალი არ გაქვს, პროფესია უნდა შეიცვალოო. ძალიან გავბრაზდი მის ნათქვამზე და ცოტა უხეშადაც ვუპასუხე. მერე ვინანე, ვიფიქრე მთლად ასეც არ უნდა მეპასუხა-მეთქი…

ნამდვილად გიყვარს თუ არა, ამას დრო გამოცდის. საყვარელ საქმეს აუცილებლად უნდა უერთგულო. თუმცა არის ხოლმე მომენტი, როცა ვიღლებით, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორ დროს დასვენება.

დაღლა და მოტივაციის დაკარგვა არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში

M: შენი აზრით, რა გვახვედრებს, რომ მართლა საყვარელ საქმეს ვაკეთებთ?  

ოკინავაზე არსებობს ცხოვრებისეული ფილოსოფია, რომელსაც „იკიგაი“ ჰქვია და თარგმანში ნიშნავს საქმეს, რისთვისაც დილით გაღვიძება გიხარია. დღეში დაახლოებით 8 ვარჯიშს ვატარებ და სახლში ძალიან დაღლილი მივდივარ. თუმცა დილით ისევ სავსე ენერგიით, გახარებული და ბედნიერი მოვდივარ დოჯოში. ეს იმიტომ, რომ წარმოუდგენელ ენერგიას და მუხტს ვიღებ იმ საქმიდან, რასაც ვაკეთებ. შეიძლება მკითხველმა იფიქროს, გარკვეულწილად მოტივაცია ფინანსებშიაო, თუმცა მე გეტყვით, რომ იყო დრო, როდესაც წლობით არ მქონდა საკუთარი ფული…

M: ეს პროფესია რომ არ გქონოდა, ვინ იქნებოდი?

ჩემს ტვინს დაბლოკილი აქვს ეს დაშვება. 

სხვა პროფესია რომ მქონდეს, ალბათ, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვიქნებოდი, რადგან ესა თუ ის პროფესია ადამიანად ჩამოყალიბებასა და ჩვენი ფსიქოტიპის ფორმირებაში დიდ როლს ასრულებს. ზუსტად ამაშია ხელოვნების განსაკუთრებული როლი სხვა პროფესიებთან შედარებით. ხელოვნება ხომ ადამიანის ადამიანად ჩამოყალიბების, ღრმად დაფიქრების, საკუთარი თავის პოვნისა და განვითარების საუკეთესო საშუალებაა. შესაბამისად, მე მადლიერი ვარ სამყაროსი, რადგან მოვხვდი ამ სფეროში და მაქვს შესაძლებლობა, ვეზიარო ამ შესანიშნავ პროფესიას.

ხშირად ჩემს პატარა მოსწავლეებს ვეკითხები, თუ ვინ უნდათ, რომ გამოვიდნენ. სამწუხაროდ, არავინ მპასუხობს, რომ მასწავლებლობა უნდა და ეს საგანგაშო მგონია. მასწავლებლობა უნდა გახდეს პრესტიჟული პროფესია, ბავშვები უნდა ხედავდნენ წარმატებულ და შეძლებულ მასწავლებელს და მხოლოდ ამის შემდეგ დაინტერესდებიან თავადაც…

M: კონკურენციის როლზე რას ფიქრობ? ჯანსაღი კონკურენცია დადებითად მოქმედებს ჩვენს წინსვლაზე თუ ამის გარეშე უკეთ ვიქნებით…?   

ჩვენი ფილოსოფია და მიდგომები ცოტა განსხვავებულია. ამოსავალი წერტილი ისაა, რომ საკუთარ თავს ვაჯობოთ. გვირჩევნია, კონკურენციაში ვიყოთ საკუთარ თავთან. თუ მაინცდამაინც აუცილებელია კონკურენცია, მაშინ ალბათ აჯობებს დროს და ტემპებს ავუწყოთ ფეხი. მაქსიმალურად შევეცადოთ, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები ოპტიმალურად, რადგან დაკარგული დრო გაშვებული შესაძლებლობებია ჩემთვის. თუმცა მესმის, რომ რთულია ამ მდგომარეობაში ყოფნა, სადღაც მაინც გაგექცევა ადამიანს ყურადღება და ცდუნება, რადგან ის რომ სხვას აჯობო, ჩვენი თვითგადარჩენის ინსტინქტებში დევს. მაგრამ, თუ საკუთარი ეგოს დაკმაყოფილების ჭრილში მოქმედებ,  ეს უკვე ნეგატიურში გადადის. შესაბამისად, ჩემთვის კონკურენციაში შესვლა სწორი მიმართულებით სვლაში თუ გეხმარება, მაშინ გამართლებულია.

M: ცხოვრების ერთგვარი დევიზი გაქვს, რომელსაც სულ მიჰყვები?   

გოჯუ-რიუში გვაქვს ფიცი, რომლის ერთ-ერთი პრინციპია „არასოდეს დანებდე“. არიან ადამიანები, რომლებიც პირველივე მოსახვევში ყრიან ფარ-ხმალს. ისინი მარცხს ძირითადად სხვებს აბრალებენ, რადგან საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას გაურბიან. ჩემს პროფესიაში პირადი მაგალითებია გადამწყვეტი, მუდმივად უნდა იყო გაცნობიერებულ მდგომარეობაში.           

მცირე შეცდომებს არა უშავს, გააანალიზე, გააკეთე დასკვნები და ხელახლა ცადე. შვიდჯერ თუ წაიქეცი, მერვედ ადექი. წაქცევა მათთვის სისუსტედ აღიქმება, მე კი მგონია, რომ არ ადგომაა სისუსტე.


ავტორი: ქეთია ბელქანია

GPT კალამი თქვენს ჩანაწერებს გააციფრულებს

Canva – სტუდენტური ბიზნესიდეა, რომელსაც 2 მილიარდზე მეტი დიზაინერი იყენებს