დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ლევან სონღულაშვილის მულტიმედიური გამოფენა, “Triptychos” გაიმართება. პერსონალური გამოფენა ხელოვნების სხვადასხვა მედიუმს აერთიანებს – მათ შორისაა, კედლის მხატვრობა, ინსტალაციები, ფერწერა და საუნდი.
ქართველი თანამედროვე ხელოვანის ექსპოზიცია იმერსიულ ხასიათს ატარებს და მუზეუმის სამ დარბაზს მოიცავს – ტრიპტიქს ქმნის. სწორედ აქედან მოდის მისი სახელწოდებაც Triptychos. როგორც ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, სამი ნაწილისგან შემდგარი ნამუშევარი “ხელოვანის ეგზისტენციალური მდგომარეობის და ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის სამ გარდამტეხ ეტაპს ეხმიანება, რომელიც რეგენერაციისკენაა მიმართული. ფარული ნარატივით ავტორის პერსონალური გამოცდილება აბსტრაგირდება საყოველთაო ისტორიად, რომელიც დამთვალიერებლის პირად თავგადასავლად იქცევა”.










