გალერეა „ცალკე სივრცე“ ხვალ, 20 სექტემბერს ახალ გამოფენას ხსნის — ის ლევან ხარანაულის, ზეინაბ ბარნოვისა და თეო მუხიგულის პერსონალურ ნამუშევრებს აერთიანებს.
მოუხედავად იმისა რომ სამივე ხელოვანის მიერ წარმოდგენილი ექსპოზიციები სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისაგან, არა მხოლოდ იდეური დატვირთვით, არამედ მედიუმებითაც (თეო მუხიგული — ანსამბლაჟბი; ზეინაბ ბარნოვი — ფოტოგრაფია, ვიდეო ინსტალაცია, ლევან ხარანაული — გრაფიკა, ფერწერა), სამივე მათგანის ექსპოზიციები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უკავშირდება მოძრაობის იმ იდეას, რომლის საშუალებით სივრცით-დროითი მიმართებების, ადამიანისა და საკუთრივ ობიექტის გარდაქმნა ხდება შესაძლებელი.
მხატვარ ლევან ხარანაულის მიერ შესრულებული სამი ნამუშევრისაგან შემდგარი ავტოპორტრეტთა სერიაში ნათლად იკითხება დროთა სვლის პარალელურად ჩვენ გარშემო განვითარებული მოვლენების ზემოქმედება ინდივიდის ცხოვრებისეულ გზაზე.

ავტოპორტრეტები, რომელებზეც მუშაობა ლევან ხარანაულისათვის შემოქმედებით პროცესში დაბრუნებასთან ასოცირდება, მხატვრის ცხოვრების სამ ეტაპს (ბავშვობა, ყმაწვილკაცობა და თანადროულობა) ასახავს და მიემართება ზოგადად პიროვნების ცვალებადობის გზას, რომელიც ფორტუნას ძალის წყალობით, მოულოდნელ გარდაქმნას უქადის ადამიანს.


ხელოვან ზეინაბ ბარნოვის ავტორობით შექმნილი გმირთა მოედნის პროექტი — „მოედანი გმირი 1990-2022“, რომელიც სოციო-კულტურულ და არქიტექტურულ კონტექსტში, თბილისის ურბანული განაშენიანების ერთ-ერთი მთავარი ნაწილის — გმირთა მოედნის ფორმირების, იმავდროულად ინდივიდებისა და საზოგადოების, მათი ცხოვრების, ყოველდღიურობის, ყოფისა და მათ გარშემო მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ვიზუალურად მოგვითხრობს.


ხელოვან თეო მუხიგულის მიერ შერეული ტექნიკით შექმნილი ანსამბლაჟების სერია — „გული ყოველგვარი ბედის“, რომელიც დინამიზმით, რიტმულობით, კომპოზიციის ორგანულად აგებითა და ობიექტებში განსხეულებული ექსპრესიული მოძრაობით გადმოსცემს ხელოვანის მეხსიერებაში არსებულ სხვდასხვა ვიზუალურ სახეს.


გამოფენა, სალომე ერისთავის კურატორობით, 20 სექტემბერს, 19:00 საათზე იხსენება — აქ მეტის დაწერისა და წაკითხვის ნაცვლად კი შეგიძლიათ, თავად ნახოთ გამოფენილი ნამუშევრები.
„ცალკე სივრცე“
გალერეა „ცალკე სივრცე“ გასული წლის დეკემბერში, ზეინაბ ბარნოვისა და ლევან ხარანაულის გამოფენებით გაიხსნა. ეს არის დამოუკიდებელი პლატფორმა, რომელიც მუზეუმებისა და გალერეებისაგან განსხვავებული გარემოს შექმნას ცდილობს. სახელოვნებო პლატფორმა მიმართულია შემოქმედებითი ადამიანების გაერთიანებისაკენ, თანადროულ ხელოვნებაში მოღვაწე არიტსტების მხარდაჭერისა და ახალი ტალანტების აღმოჩენისაკენ. ამასთან, ის ხელოვანებს სრულ თავისუფლებას სთავაზობს და ხელოვანებს თვითგამოხატვის მაქსიმალურ საშუალებას აძლევს. „ეს არის სივრცე რომელიც მიმართულია შემოქმედებსა და საზოგადოებას შორის დიალოგის შექმნისაკენ“.
საგულისხმოა, დამოუკიდებელი პლატფორმის დამფუძნებელია ტუსი ჩოგოვაძე — კავკასიაში პირველი ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის სულის ჩამდგმელი. პლატფორმის სახელწოდების იდეა კი, რომელიც პირდაპირ კავშირშია მის მისიასა და მიზანთან, პორეტ ბესიკ ხარანაულის ეკუთვნის, ხოლო ლოგო თვით ხარანაულების ოჯახის შექმნილია.