in

ლევან კეცხოველი – #პირველისამსახური

სოციალურ აქტივობებში ბავშვობიდან ვიყავი ჩაბმული. ყველაზე დიდი გავლენა ამ მხრივ ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ლიბერტას”, რომელიც სხვადასხვა აქტივობებით, ბანაკებით და პროექტებით ცდილობდა, სხვადასხვა უმცირესობების, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და დანარჩენი საზოგადოების ინტეგრირება მოეხდინა. ეს არ იყო ტიპური სამსახური სკოლის პერიოდში, შესაბამისად, არც რაიმე სახის ფინანსური დაინტერესება მქონია, თუმცა, მიმაჩნია,  რომ  ამ ადამიანებთან ურთიერთობამ უმნიშვნელოვანესი გამოცდილება შემძინა და ჩემი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე იქონია გავლენა.

რეალურად, პირველი უკვე ოფიციალური სამსახური ხელშეკრულებით, პირველ კურსზე, ჟურნალ “ტაბულაში” დავიწყე, სადაც რეკომენდაციით მოვხვდი სტაჟირებაზე. თავდაპირველად ანაზღაურების გარეშე ვმუშაობდი და საქმეც არაერთგვაროვანი იყო, თუმცა, მალე აღმოვჩნდი გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდში, სადაც ვცადე გაყიდვებზე მუშაობა და კარგად გამომივიდა. “ტაბულაში”, საერთო ჯამში, 4 წელი გავატარე. ამასობაში, ჟურნალი გაფართოვდა და  ბეჭდური გამოცემიდან ტელევიზიასა და Web-ზე გადავიდა. ეს იყო განვითარების ძალიან საინტერესო პროცესი, განსაკუთრებით გაყიდვების კუთხით. ჩემი ფუნქცია იყო, მომეძიებინა ახალი კლიენტები, შემედგინა მათზე მორგებული შეთავაზებები და მოლაპარაკებები წარმატებით წარმემართა. ამ პერიოდის განმავლობაში გამოვიმუშავე ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები უნარები, რომლებიც დღესაც მეხმარება საქმის კეთებაში.

ამის შემდეგ იყო ციფრულ სააგენტო „რედბერიში“ გატარებული 1 წელი, რამაც, ალბათ, საბოლოოდ განსაზღვრა ჩემი ინტერესები და კარიერული განვითარების სასურველი გზა.

ბოლო ერთი წელი „საქართველოს ბანკში“ დავყავი ონლაინ პროექტების მენეჯერად. ახლა ციფრულ სააგენტო Redberry-ში უკან “გადაბარგების” პროცესში ვარ, სადაც უკვე კომპანიის პარტნიორისა და ექაუნთ დირექტორის როლით ვბრუნდები.

მუსიკასთან ახლოს – ლიკანი ცოცხალი მუსიკის და თაობის მხარდასაჭერად!

ლუდი ყველასთვის! მათთვისაც კი, ვისაც ალკოჰოლი არ უყვარს – Heineken