თანამედროვე პროფესიები აქტუალურობას არ კარგავს, პირიქით, მათზე მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ყველა ინდუსტრიაშია საჭირო ისეთი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიით ნაირნაირ გადაწყვეტას პოულობს ან ვიზუალურ მასალას ქმნის. ისეთი უნარები, როგორიცაა გრაფიკული და 3D დიზაინი, არქიტექტურული დიზაინი და სხვა, დიდ როლს თამაშობს, ერთი მხრივ, როგორც თავად ამ ტექნოლოგიების, ისე იმ ინდუსტრიების წინსვლაში, სადაც ისინი გამოიყენება. ალბათ ბევრს აინტერესებს ეს პროფესიები, სად შეიძლება მათი შესწავლა და რა პერსპექტივებია.
Level Up ახალი სასწავლო ცენტრია, სადაც 3D MAX, Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Revit და ArchiCAD პროგრამები ისწავლება. მისი დამფუძნებელი, გიორგი გონდაური გვეუბნება, რომ ამ სასწავლო ცენტრის დაარსების იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა, თუმცა ოფიციალურად ბაზარზე ზუსტად 2022 წლის 1 იანვარს, საახალწლოდ შემოვიდნენ და უკვე წარმატებით საქმიანობენ. სასწავლო ცენტრი როგორც საბაზისო, ისე პროფესიულ კურსებს სთავაზობს დაინტერესებულებს და თითოეული პროგრამის ფარგლებში ისეთი სილაბუსები და მეთოდები აქვს შემუშავებული, რომ სტუდენტმა მაქსიმალურად სწრაფად და მარტივად შეძლოს მასალის ათვისება, კურსის ბოლოს კი, ცხადია, სერტიფიკატი გაიცემა.
M: როგორ გაჩნდა Level Up-ის დაარსების იდეა?
კომპანიის დაარსების იდეა დიდი ხნის წინ გამიჩნდა. დიდხანს ვფიქრობდით და ვმუშაობდით, როგორ წარმოვჩენილიყავით ბაზარზე, როგორც ბრენდი. ვფიქრობდით სახელზე, ლოგოზე, სრულ ვიზუალურ იდენტობაზე. ამ მიმართულებით რამდენიმე ადამიანი გვეხმარებოდა და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო. ესენი არიან: ნიკა (მაქს) ხუნდაძე, რომელსაც ვუმადლით კომპანიის სახელწოდებას, ასევე მან იმუშავა ლექტორთა პორტრეტებზე. ვიდეო გადაიღო ირაკლი (პითა) სოლომონიშვილმა. სტუდია-9-მ კი ვიდეოსთვის ლოკაცია დაგვითმო. ბრენდის ვიზუალური იდენტობისთვის კომპანია “ჰოლიმოტორს”, კერძოდ გიორგი ავალიანსა და ნიკოლოზ კუმბარს ვუხდით მადლობას.
ამ ადამიანების და ჩვენი ერთობით შეიქმნა Level Up და უკვე 4 თვეა, წარმატებით ვმუშაობთ.
M: გიორგი, გვითხარით, რითია მოთხოვნადი ის პროფესიები, რომლებსაც თქვენს ცენტრში სთავაზობთ?
რაც არ უნდა კეთდებოდეს გლობალურად, ყველაფერს სჭირდება ვიზუალური შეფუთვა. ყველგან, სადაც არქიტექტურაა, საჭიროა მაღალ დონეზე შესრულებული რენდერების შექმნა. მეც სწორედ 3D MAX-ს ვასწავლი, რომელიც ამ ინდუსტრიის სტანდარტია და ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა. იგივე შეიძლება ვთქვათ ArchiCAD-ზეც. ასეთივე პოპულარობისაა Revit. შეიძლება ითქვას, რომ სწორად ამ პროგრამებზე დგას თანამედროვე არქიტექტურული ბიზნესი. რაც შეეხება Adobe Photoshop-სა და Illustrator-ს, ესენი გრაფიკულ დიზაინს მიეკუთვნება. მოგეხსენებათ თუ როგორი მოთხოვნადი სფეროა დღეს გრაფიკული დიზაინი. ეს პროგრამები არქიტექტურაშიც გამოიყენება, ამიტომაც ჩავდეთ ჩვენს სასწავლო პროგრამებში.
M: რამდენად დიდია მოთხოვნა თავად ამ კურსებით დაინტერესებული ადამიანების მხრიდან?
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე საკმაოდ ახალი შემოსულები ვართ, დაინტერესება უდავოდ დიდია. ჩვენი ლექტორების ცნობადობა კარიერული გამოცდილებიდან და/ან სხვადასხვა პროექტებიდან, წინაპირობაა სტუდენტების დაინტერესების.
ამ ეტაპზე 3D Max-ზე ყველაზე მეტი მსურველია, თუმცა გვყავს სტუდენტები გრაფიკულ დიზაინსა და სხვა პროგრამებზეც.
M: რას გვეტყვით ლექტორების შესახებ? ვინ არიან ისინი და რა გამოცდილება აქვთ?
ლექტორები, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თავიანთ ინდუსტრიებში მოღვაწე წარმატებული პროფესიონალები არიან. ერთ-ერთი ლექტორი მე თვითონ გახლავართ.
10 წელზე მეტია, ამ საქმეს ვასწავლი და კიდევ უფრო მეტი, რაც ამ სფეროში ვმოღვაწეობ. თავიდან Google-ისთვის ვმუშაობდი, მოგვიანებით სტუდიაში, სადაც მხატვრულ ფილმებზე ვმუშაობდით. მაშინ შევქმენით სრულმეტრაჟიანი 3D ანიმაცია. ამის შემდეგ სამშენებლო და საპროექტო კომპანიებში. საბოლოოდ ჩემი გზა Level Up თან მოვიდა. რაც შეეხება დანარჩენ ლექტორებს, მათაც არანაკლები გამოცდილება აქვთ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში. გარდა ამისა, გვყავს ლექტორები. ზოგიერთს მრავალწლიანი სწავლების გამოცდილებაც უმაგრებს ზურგს.
M: ეხმარებით თუ არა თქვენს კურსდამთავრებულებს შესაბამისი მიმართულებით დასაქმებაში?
ნამდვილად. წარმატებულ სტუდენტებს მაქსიმალურად ვუწევთ რეკომენდაციებს
სხვადასხვა კომპანიასთან. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც მათთან პრაქტიკა ჩვენგან წასულ წარმატებულ სტუდენტს გაუვლია. გარდა ამისა, ნიჭიერ სტუდენტებს, ჩემს საკუთარ პროექტებზეც აქვთ წვდომა, როგორც ასისტენტებს. ეს მათთვის, პირველ რიგში, გამოცდილებაა, მოტივაციაც და წინსვლის საშუალებაც.
M: რას თვლით Level Up-ის უპირატესობად სხვა სასწავლო ცენტრებთან შედარებით?
უპირველეს ყოვლისა, ესაა უნიკალური სილაბუსი. პრაქტიკული ცოდნა ჩადებული მაქსიმალურად მოკლე დროის პერიოდში. სილაბუსის შემუშავებისას შევეცადეთ ჩავტეულვიყავით არამარტო საბაზისო დონეზე, არამედ უფრო მაღალი საფეხურის ცოდნაზეც. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Level-UP ში კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სრულიად მზად იქნებით დასაქმებისთვის.
M: აპირებთ თუ არა სამომავლოდ ახალი კურსების დამატებას?
ვფიქრობთ მოდელირების კუთხით, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზეა. ერთი კურსი, რომელზეც უკვე შემიძლია ვისაუბრო – ფინანსური მენეჯმენტია. ამ პროგრამის მიზანიც, ჩვენი სხვა კურსების მსგავსად, არის მოკლე დროში ცოდნის და უნარების გამომუშავება, რათა კურსდამთავრებულმა რეალურ/პროფესიულ გარემოში შეძლოს ფინანსების მართვა.
[R]