Levi’s ცნობილია თავისი საყვარელი ლურჯი ჯინსებით. 1853 წელს გერმანელი ემიგრანტი ლევი შტრაუსის მიერ დაარსებული ბრენდი ინდუსტრიაში საკულტო პოზიციას იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯინსების ყიდვა საკმაოდ ადვილად შეგვიძლია ნებისმიერ შესაბამის მაღაზიაში, არსებობს გარკვეული კლასიკა, რომელიც ვინტაჟური და ძნელად მოსაპოვებელია.
სწორედ ასეთ კლასიკას განეკუთვნება მკვლევარ ბრენტ ანდერვუდის მიერ მიწისქვეშ აღმოჩენილი ჯინსი… კალიფორნიის ძველ, მიტოვებულ მაღაროში ყოფნისას, მან იშვიათი, 100 წლის წინანდელი ჯინსი იპოვა. ჯინსი ხომ თავდაპირველად მუშებისთვის შეიქმნა — მათ შორის, ყველგანმყოფი მაღაროელებისთვის, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოს კალიფორნიაში ჩავიდნენ.
“მე ვიპოვე ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი! ჯინსის შარვალს ამოტვიფრული ზედაპირის მქონეს ღილები აქვს, რომლებიც ძალიან ჰგავს დღევანდელ მოდელებს. მაღაროს გამოყენების თარიღიდან გამომდინარე, შარვალი მინიმუმ 100 წლის და შეიძლება, უფრო მეტისაც იყოს”, — ამბობს ანდერვუდი.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძველ მაღაროებში თავგადასავლების ძიება საკმაოდ დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული და შესაბამის მომზადებას თუ უნარებს მოითხოვს, უსაფრთხო ნავიგაციისთვის. თანაც, ბრენტისთვის ეს პირველი ასეთი მოგზაურობა არ ყოფილა — მისი აღმოჩენები მოიცავს ტყავის ჩანთებს, გამოუყენებელ დინამიტებს და ვინტაჟურ ობიექტებს.