Levi’s-მა მომხარებელს 501-ის ჯინსების 150 წლის იუბილეს აღსანიშნად, ახალი მასშტაბური კამპანია წარუდგინა. კამპანიაში მოთხრობილი ერთ-ერთი რეალური ისტორია კი საქართველოში მომხდარ შემთხვევას აღწერს.
1978 წელი, ხარაგაულის რაიონი სოფელი ვახანი.
მაშინ, როდესაც მაღაზიაში ჯინსების შეძენა წარმოუდგენელი იყო, 26 წლის ავთანდილ ლომსაძემ მეგობრებისგან შეიტყო სურამში მცხოვრები ებრაელების შესახებ, რომლებიც მალულად ყიდდნენ ამერიკიდან შემოტანილ ორიგინალ LEVI’S-ის ჯინსებს.
ჯინსებს, რომელიც შემდგომში რევოლუციური თაობის და თავისუფლების სიმბოლოც კი გახდა საქართველოში.
თავმომწონე ახალგაზრდას, რომელსაც საკუთარი ფერმა და მეურნეობა ჰქონდა, არ ასვენებდა ფიქრები „აკრძალული“ ჯინსების შესახებ, რომლის ტარებაც გამორჩეულ სტილთან და ინდივიდუალიზმთან იყო დაკავშირებული.
გაზაფხული იყო, ავთანდილმა მამასთან ერთად 2 ხარის გაყიდვა გადაწყვიტა ხაშურის ბაზარზე, რომელიც 50-მდე კილომეტრით იყო დაშორებული სოფელი ვახანიდან. შორი გზა ფეხით გაიარეს. ხარები ჩასვლისთანავე გაყიდეს და თანხაც თანაბრად გაინაწილეს.
ახალგაზრდა ავთანდილმა საკუთარი წილი თანხით საოცნებო ლივაისის ჯინსების შეძენა გადაწყვიტა.
ბაზრიდან პირდაპირ სურამისკენ გაეშურა და გზად ნაცნობიც იპოვა, რომელიც ჯინსების საყიდლად მიჰყვებოდა (იმ პერიოდში გადამყიდველებისთვის სანდო პიროვნება უნდა გყოლოდა თანმხლებად, სხვა შემთხვევაში ჯინსებს ვერ შეიძენდი).
470 მანეთად იყიდა ავთანდილმა ლივაისის 501 ჯინსის შარვალი და ქურთუკი, რომელსაც 20 წლის განმავლობაში თავმომწონედ ირგებდა არა მხოლოდ თვითონ, არამედ სამეზობლო და სანათესაოც. განსაკუთრებულ სიტუაციებში ყველა მისგან თხოულობდა ჯინსის შარვალსა და ქურთუკს, რომელიც იმ პერიოდისთვის მაღალი მოდის პროდუქციას წარმოადგენდა.
წლების განმავლობაში ავთანდილის სოფლელები ხუმრობით იხსენებდნენ – როგორ გაყიდა ხარები და იმ ფულით საოცნებო ჯინსები შეიძინა.
ლივაისის 501 ჯინსი, რომელსაც „ლურჯი ჯინსის“ სახელითაც მოიხსენიებენ, 150 წლის იუბილეს მათთან ერთად აღნიშნავს, ვინც ქმნიდა ლივაისის ისტორიას დღემდე და მათთან, ვინც მის მომავალ წარმატებას განაპირობებს.
Levi’s-ის ჯინსებისა და ავთანდილის ქართული თავგადასავალი ამ დიდი ისტორიის ნაწილია, რომლის მოგონებებზე დაყრდნობითაც ბრენდმა ვიდეორგოლი გლობალური კამპანიის ფარგლებში გადაიღო.
[R]