მდგრადობის კონსულტანტი ამანდა ლი მაკარტი იხსენებს მომენტს, როცა Forever 21-ის მაისურზე გაჩენილი ნახევი სტეპლერით დაამაგრა – ზუსტად იმდენი ხნით, რამდენიც სამუშაო დღის ბოლომდე გასაძლებად სჭირდებოდა, შემდეგ კი სანაგვეში მოისროლა. 2000-იანების დასაწყისში, როცა „სწრაფმა მოდამ“ ბაზარი იაფი ტანსაცმლით წალეკა, სამოსი იმდენად გაიაფდა, რომ მისი გადაგდება და ახლით ჩანაცვლება ჩვეულებრივ ამბად იქცა. მართალია, ტანსაცმელი უხარისხო იყო და მალე იხეოდა, მაგრამ ამას არავინ აქცევდა ყურადღებას – ისინი ხომ თავიდანვე ერთჯერადი მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. როგორც ამანდა ამბობს, მაისურის გამთელება დროის კარგვად არ ღირდა, თანაც იმ პერიოდში ნემსისა და ძაფის ხმარება არ იცოდა.
როგორ გაქრა ნემსისა და ძაფის ხელოვნება
მაკარტი არ არის გამონაკლისი. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან 1970-იან წლებამდე სკოლებში მოსწავლეებს (ძირითადად გოგონებს) კერვასა და ტანსაცმლის აღდგენას ასწავლიდნენ. თუმცა, გენდერული როლების კრიტიკისა და საგანმანათლებლო პროგრამების ცვლილების შედეგად, ეს გაკვეთილები ნელ-ნელა გაქრა. შედეგად მივიღეთ თაობები, რომლებსაც ღილის დაკერებაც კი არ შეუძლიათ. Levi’s-ის ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, ზეტ თაობის წარმომადგენლების 41%-ს არ აქვს ტანსაცმლის შეკეთების ელემენტარული ცოდნა, რაც უფროსი თაობის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
ამას დაემთხვა გლობალური მიწოდების ჯაჭვის განვითარება და ტანსაცმლის გაიაფება, რამაც შეკეთების ეკონომიკური აუცილებლობა გააქრო. დღეს საშუალო ამერიკელი წელიწადში დაახლოებით 37 კილოგრამ ტანსაცმელს ყრის, რაც საბოლოოდ ეკოლოგიურ კატასტროფაში გადაიზარდა – ნაგავსაყრელები, უდაბნოები და ოკეანეები გადაყრილი ტექსტილითაა სავსე.
Levi’s-ის ინიციატივა
ამ პრობლემასთან საბრძოლველად, Levi’s-მა გადაწყვიტა, ზეტ თაობას კერვა ასწავლოს. ბრენდმა Discovery Education-თან პარტნიორობით, შექმნა სასწავლო პროგრამა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს ღილის დაკერებას, დახეული ტანსაცმლის შეკეთებასა და შარვლის დამოკლებას ასწავლის. ეს კურსი უფასოა და მასწავლებლებს მისი ინტეგრირება სხვადასხვა საგანში – იქნება ეს მათემატიკა თუ სოციალური მეცნიერებები – თავისუფლად შეუძლიათ.
იდეა Levi’s-ის პროდუქტის ინოვაციების ხელმძღვანელ პოლ დილინჯერს პოკერის თამაშისას დაებადა, როცა მეგობარს პერანგზე ღილი მოსძვრა და ახალი პერანგის ყიდვა გადაწყვიტა, რადგან შეკეთების არც დრო ჰქონდა და არც ცოდნა. დილინჯერმა 20 წუთში ასწავლა მეგობრებს ღილის დაკერება და მიხვდა, რომ ნემსისა და ძაფის გამოყენების სწავლით ბევრი რამის შეცვლა შეიძლებოდა.
Levi’s-ის მიერ დაფინანსებული პროექტი არ არის უბრალოდ „საოჯახო ეკონომიკის“ აღდგენა. Discovery Education-ის წარმომადგენლის თქმით, ეს არის პრაქტიკული, კარიერული უნარების განვითარება. პროგრამის მიზანია შეცვალოს ახალგაზრდების დამოკიდებულება ტანსაცმლის მიმართ – აღიქვან ის არა როგორც ერთჯერადი ნივთი, არამედ როგორც ღირებულება, რომელსაც მოვლა სჭირდება. დილინჯერის თქმით, როცა ნივთის შეკეთებაში დროსა და ენერგიას დებ, ის შინაური მცენარესავით ან ცხოველივით ხდება – რაღაც, რაზეც პასუხისმგებლობას გრძნობ.
რა თქმა უნდა, კერვის სწავლა გლობალურ პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებს. ამანდა მაკარტი, რომელიც დღეს უკვე თავად აკეთებს ტანსაცმელს, აღნიშნავს, რომ ინდუსტრიის მთავარი პრობლემა იაფი პროდუქციის ჭარბი წარმოებაა. ის აკრიტიკებს Levi’s-საც იმის გამო, რომ პრემიუმ ხაზის გარდა, ბრენდი დიდი რაოდენობით იაფფასიან ჯინსებსაც აწარმოებს, რომლებიც სინთეტიკური მასალისგან იკერება და რთულად ექვემდებარება შეკეთებას.
Wear Longer პროგრამა ახალგაზრდებს არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებს აძლევს, არამედ ეხმარება გაიაზრონ ჭარბი მოხმარების შედეგები. როგორც დილინჯერი ამბობს, როცა ტანსაცმლის სიცოცხლის ციკლის მონაწილე ხდები, უფრო რთულია თვალი დახუჭო იმ ინდუსტრიულ რეალობაზე, თუ როგორ იქმნება სამოსი. საბოლოო ჯამში, ტანსაცმლის აღდგენის ცოდნა არის გზა, გახდე უფრო პასუხისმგებლიანი მომხმარებელი და კრიტიკულად შეხედო მოდის ინდუსტრიას.
წყარო: Fastcompany











