in

გაიგე იმ ჯინსის ისტორია, რომელსაც კომფორტულად ატარებ – Levi’s

როგორი ჯინსი მოგწონს? აწ უკვე კლასიკურ სტილად ქცეული, მაღალწელიანი, მოტკეცილი თუ თავისუფალი? ოდნავ გაცრეცილი თუ მუხლებზე გვარიანად დახეული? შენს გემოვნებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან Levi’s ის ბრენდია, რომელიც მას მაინც დააკმაყოფილებს. შეიძლება ახლა, როცა თან ყავას მიირთმევ და ამ სტატიას კითხულობ, სწორედ ჯინსებში ხარ გამოწყობილი, ამიტომ მოდი, ატარე ჯინსი, რომლის ისტორიაც იცი.

ლივაი შტრაუსი იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა ბრენდი. ის გერმანიაში, თუმცა ებრაულ ოჯახში დაიბადა 1829 წელს, თუმცა 18 წლის ასაკში აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა. მან იქ პატარა საბითუმო მაღაზია გახსნა, საიდანაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტანსაცმლის ბრენდის ისტორიის წერაც დაიწყო. 1853 წელს Levi Strauss & Co. დაფუძნდა სან ფრანცისკოში.

ორი ემიგრანტის დაწყებული საქმე

მართალია, Levi’s ამერიკასთან ასოცირდება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ლივაი შტრაუსის მსგავსად, ბრენდის ჩამოყალიბებაში წვლილი მეორე ემიგრანტს, ლატვიელ ჯეიკობ დევისსაც მიუძღვის, რომელიც Reno-ში მუშაობდა და ქსოვილს შტრაუსს უკვეთავდა. ის კერავდა გამძლე სამუშაო შარვლებს, რომლებიც სპილენძის მოქლონებს შეიცავდა და ცდილობდა, დიზაინის დაპატენტებას, რაშიც დახმარება შტრაუსს სთხოვა. მანაც დააფინანსა საპატენტო განაცხადი და ერთობლივად შექმნეს შარვალი, რომელიც შენ შეიძლება ახლა გაცვია.

Levi’s-ს არ მოიხსენიებდნენ „ჯინსებად” 1950-იან წლებამდე

გამომდინარე იქიდან, რომ თავდაპირველად ეს იყო სამუშაო ფორმა, მას კომბინეზონს ეძახდნენ და სიტყვა ჯინსი ხმარებაში არ იყო. დაახლოებით 50-იანი წლებიდან, როდესაც სამოსი გასცდა ქარხნებს და მისი ჩაცმა ჩვეულებრივმა ადამიანებმაც დაიწყეს, მათ არ მოსწონდათ ტერმინი კომბინეზონი. პირველად სიტყვა ჯინსის გამოყენება მოზარდებმა დაიწყეს, მოგვიანებით კი ის ისე გავრცელდა, რომ უკვე ოფიციალურ ტერმინად იქცა.

Levi’s-ის ლოგო

დაკვირვებიხარ ოდესმე, რა არის გამოსახული შენი საყვარელი ჯინსის ლოგოზე? ეს არის ორი ცხენი, რომელიც ცდილობს გაწელოს Levi’s®-ის კომბინეზონი. ლოგოს იდეა მარტივი იყო. ის ცდილობდა, დაემტკიცებინა ბრენდის მიერ შეკერილი სამოსის გამძლეობა ნებისმიერ სიტუაციაში და დაენახებინა ძალა კონკურენტებისთვის.

ფემინური Levi’s

1934 წლამდე Levi’s ჯინსებს მხოლოდ კაცებისთვის აწარმოებდა. ქალები ხშირად იცვამდნენ ქმრის ან  ძმის შარვალს, როდესაც ბრენდმა აღიარა, რომ ის ქალსაც სჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი დიდი ნაბიჯი გენდერული თანასწორობისკენ ბრენდის მხრიდან, რადგან ის იყო პირველი, რომელსაც ქალის ჯინსების პირველი ხაზი გამოუშვა.

საბჭოთა ქვეყნები და Levi’s

Levi’s საბჭოთა ქვეყნებისთვის ფუფუნების საგანი და ძალიან დიდი იშვიათობა იყო. გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოთა ხელისუფლება ებრძოდა ყოველივე ამერიკულს, აკრძალულ ხილთა რიგებში Levi’s მოხვდა. ერთეულები მაინც ახერხებდნენ მის შეძენას, თუმცა ეს საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება იყო. მეტიც, ამ ქვეყნებში ჩამოსული დასავლელი სტუმარი ფულის ნაცვლად ზოგჯერ ბარტერს სთავაზობდა ხალხს და Levi’s-ის ჯინსით იხდიდა საფასურს.

დღესდღეობით Levi’s მსოფლიოში განთქმული ბრენდია. თავისი არაჩვეულებრივი დიზაინითა და ხარისხით ისევ ფასობს მომხმარებელში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა საწარმო კერავს ჯინსის ტანსაცმელს, როდესაც ნამდვილ „ჯინსისფერ” სამოსზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ იმ პირველ ლურჯ ჯინსს, რომელიც ბრენდმა შემოგვთავაზა.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

როგორ გამოვჩნდეთ ალგორითმებით მართულ სამყაროში?

ხელოვნების ნიმუშები ნაყინს ჭამენ — Stavolta Gelato-ს დიზაინი