in , ,

ლექსო ხუბულავა– Jobs.ge

ლექსო ხუბულავა

„ნუ ინერვიულებ ხვალინდელ დღეზე, თუკი დღევანდელი დღისთვის ყველაფერი გააკეთე“

ლექსო ხუბულავა

მარკეტერი Jobs.ge–ს დამფუძნებელს ბ–ნ ლექსო ხუბულავას ესაუბრა

განათლება…

დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში, შესაბამისად სკოლაც იქ დავამთავრე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. არანაირი განათლება არ მიმიღია არც პროგრამირებაში და არც ბიზნესის ადმინისტრირებაში. მყავს მეუღლე, რომელთანაც უკვე 17 წელია ვცხოვრობ და 2 შვილი.

პირველი სამსახური და ანაზღაურება

ჩემი პირველი სამსახური იყო გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისია, სადაც ვმუშაობდი თარჯიმნად. კარგად მახსოვს, პირველი ხელფასი 216 დოლარი იყო, რადგან ამ სამსახურზე დასამტკიცებლად მომიწია სოხუმში წასვლა. ეს იყო ომის შემდეგ. გაეროს სადამკვირებლო მისიის ოფისი, რომელიც მდებარეობდა სოხუმში. მე და ჩემი კოლეგა იძულებული გავხდით გაეროს მანქანით წავსულიყავით ოკუპირებულ სოხუმში. მართალია გაეროს მანდატი გვიცავდა, მაგრამ იყო ასეთი ინციდენტი, როდესაც შუა გზაზე საბურავი დაგვეშვა და იძულებული ვიყავით გადმოვსულიყავით მტრების ტერიტორიაზე.

ძალიან საინტერესო ისტორია აქვს Jobs.ge-ს, მაგრამ ეს ბევრმა არ იცის, რომ მოგვიყვეთ როგორ დაიწყეთ ამ საიტის გაკეთება და როგორ იქცა საბოლოო ჯამში იგი თქვენს ბიზნესად?

Jobs.ge დაარსდა 1998 წელს, მაშინ როდესაც მე დავიწყე მუშაობა ერთ–ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში. ეს იყო ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია. ჩვენს ოფისში იყო განცხადებების დაფა, სადაც ხშირად ვაკრავდით ვაკანსიებს, რომლებიც მოდიოდა პარტნიორი ორგანიზაციებიდან. მყავდა მეგობრები, რომლებიც ეძებდნენ სამსახურს. დავიწყე ელექტრონული ფოსტის საშუალებით მათთვის ამ განცხადებების გაგზავნა. მაშინ მიწევდა ქაღალდის აღება, მთელი ტექსტის აკრეფვა და მათთვის გაგზავნა. შემდეგ ჩემმა მეგობრებმა თავის მეგობრებს უთხრეს, რომ არსებობს ადამიანი ვინც ამ ვაკანსიებს აგზავნის და მთხოვეს, რომ დამემატებინა ისინი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ასეულ ადამიანს, ელექტრონული ფოსტით, ამ განცხადებებს ვუგზავნიდი.

სწორედ მაშინ გადავწყვიტე გამეკეთებინა საიტი, სადაც ყველა განცხადება გამოქვეყნდებოდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ინტერნეტი ახალი ათვისებული გვქონდა. მაშინ არსებობდა და ახლაც არსებობს უფასო სერვისები, სადაც შეგვიძლია პრიმიტიული საიტები გავაკეთოთ. ასე შეიქმნა Jobs.ge–ს პირველი ვერსია. იდეაში Jobs.ge თავიდან არ იყო ჩაფიქრებული, როგორც ბიზნესი. მაშინ მას Jobs.ge არც ერქვა და თვითონ საიტი, ძალიან პრიმიტიულად და ბანალურად გამოიყურებოდა, მაგრამ მთავარი უპირატესობა იყო ის, რომ იქ ღირებული ინფორმაცია ქვეყნდებოდა. როგორც ბიზნესი უკვე 2004 წელს ჩამოყალიბდა.

1998 წლიდან უამრავი განცხადება გამოქვეყნდა თქვენს ვებ–გვერდზე, როგორ ფიქრობთ დაახლოებით, რამდენ ადამიანს დაეხმარეთ სამსახურის პოვნაში?

სამწუხაროდ სტატისტიკა ამის შესახებ არ გამაჩნია, რადგან ის თუ ვინ იპოვა სამსახური ეს ინფორმაცია ჩვენთან არ მოდის. არც დასაქმებული გვატყობინებს და არც დამქირავებელი, მაგრამ იმდენად ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებიც მეუბნებიან თქვენი საიტის მეშვეობით სამსახური ვიშოვეო, შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ადამიანი დასაქმდა.

გარდა Jobs.ge–სა მე ვმუშაობ კომპანია Insource-ში, რომელიც არჩევს საშუალო და მაღალი დონის კადრებს მსხვილი დამქირავებლისთვის. მათ, ვისაც სურს გარკვეული კადრის პოვნა, ან პირიქით სამსახურის პოვნა თავისი შესაძლებლობების შესაბამისად, შეგიძლიათ მოგვმართოთ ოფიციალურ გვერდზე:  http://insource.ge/

მას შემდეგ, რაც მთლიანად გადმოერთეთ საკუთარ ბიზნესზე, ოდესმე გინანიათ ეს გადაწყვეტილება? ხომ არ გიფიქრიათ, რომ სჯობდა ჩვეულებრივ სამსახურში გემუშავათ და კარიერულ განვითარებაზე გეფიქრათ? ნაკლები გეფიქრათ საქმეზე და თვიდან თვემდე აგეღოთ ფიქსირებული ხელფასი?

როდესაც Jobs.Ge გახდა კომერციული, მაშინ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ერთ–ერთ კონტრაქტორ ორგანიზაციაში ვმუშაობდი, სადაც მქონდა ფიქსირებული ხელფასი. ბუნებრივია იყო შიში, რომ შეიძლება ამ ბიზნესს არ გაემართლებინა, ამიტომაც იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც მე Jobs.Ge–საც ვაკეთებდი და სხვა სამსახურშიც ვმუშობდი, მაგრამ შემდეგ დავინახე Jobs.Ge–ს გაცილებით მეტი შემოსავალი ჰქონდა და ორივეზე აღარც მყოფნიდა დრო, ამიტომ იძულებული გავხდი, სამსახურიდან წამოვსულიყავი და მთლიანად გადმოვრთულიყავი Jobs.Ge–ზე.

რა უპირატესობები გააჩნია მეწარმეობას ჩვეულებრივ დასაქმებულთან შედერებით?

მეწარმეობას თავისი რისკები აქვს. Jobs.Ge არის ბიზნესი, რომელშიც ალბათ ძალიან ბევრი რისკი არ არის ჩართული. ასე, რომ მე მთლიანად მეწარმეების სახელით ვერ ვისაუბრებ. მაგრამ იმის შემდეგ, რაც მეწარმე გავხდი, მივხვდი, ეს არის ძალიან დიდი აზარტი, რადგან შენ შეგიძლია იმავე დღეს ნახო შენი მუშაობის პროდუქტი, მაშინ როდესაც ზოგიერთ სამსახურში ეს ფუფუნება არ გაქვს. შეიძლება ადამიანი თვეების მანძილზე მუშაობდეს, რაღაც საოფისე სამსახურში, მოხსენებებს წერდეს და შედეგს ვერ ხედავდეს. Jobs.Ge  პირდაპირ გაძლევს შედეგს– შენ ხედავ ადამიანები დასაქმდნენ და ამით ხედავ შემოსავალს.

რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ მიღწევას ცხოვრებაში?

Jobs.Ge  ერთ–ერთი იმ მიღწევათაგანია, რომელსაც ცხოვრებაში მივაღწიე. ეს არის ორმაგი სიამოვნება, როდესაც ხედავ ადამიანები შენი საქმიანობის შედეგად გარკვეულ სარგებელს იღებენ, საქმდებიან, სამუშაო ხომ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენ ცხოვრებაში და შენ იღებ ამისგან ფინანსურ სარგებელს. ანუ მე ვიღებ როგორც ფინანსურ, ასევე ემოციურ სიამოვნებას.

რა იყო პირადად თქვენთვის ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც ცხოვრებაში მიგიღიათ?

Jobs.Ge–სთან დაკავშირებით არაერთი რთული გადაწყვეტილება მიმიღია. როდესაც გადაწყვეტილება მივიღე, ეს საქმიანობა ბიზნესად მექცია, იყო საკმაოდ რთული გადაწყვეტილება, რადგან წარმოიდგინეთ მთელი 6 წლის მანძილზე კლიენტებს უფასოდ ემსახურებოდი და ერთ მშვენიერ დღეს მათ ეუბნები, რომ რამდენიმე ხანში ეს პროექტი ბიზნეს პროექტად უნდა იქცეს და თქვენ თითო განცხადებაში თანხის გადახდა მოგიწევთ. ეს რა თქმა უნდა ძალიან სარისკო იყო, რადგან შეიძლებოდა ბევრი კლიენტი დაგვეკარგა, მაგრამ საბედნიეროდ ისე აღმოჩნდა თითქმის არც ერთი კლიენტი დაგვიკარგავს. როდესაც Jobs.Ge  ბიზნესი გახდა გაჩნდა იმის აუცილებლობა, რომ მომსახურების ხარისხი აგვეწია.

პირადად თქვენ რას გააუმჯობესებდით ქართულ ბიზნეს სივრცეში?

ერთ–ერთი დიდი პრობლრმა ქართული ბიზნესისა არის პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგებლობა ბევრ რამეში გამოიხატება, როგორც პარტნიორის წინაშე , ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი, კლიენტების მომსახურების ძალიან დაბალ დონეზე. ყოველ დღე ვხედავთ, რომ ბიზნესები ხერხავენ იმ ტოტს, რომელზეც სხედან. კლიენტი არის მათი ყველაზე დიდი ღირებულება, რომელიც გააჩნიათ. კლიენტი აძლევს შემოსავალს და როდესაც ხედავ როგორ ეპყრობიან ეს ბიზნესები კლიენტებს, ძალიან ცუდი შეგრძნება და შეხედულება გიჩნდება. ჩვენც გვქონია ამ სახის პრობლემა, მაგრამ დროთა განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობთ შეცდომები გამოვასწოროთ.

როგორც ვიცით, თქვენი ჰობია ველოსიპედი და ხშირად გადაადგილდებით ქალაქში ამ ტრანსპორტით. როდიდან გაჩნდა ეს ჰობი და რამდენად გრჩებათ დრო საკუთარი გატაცებებისთვის?

ეს ყველაფერი ალბათ იქედან მოდის, რომ ბავშობაში მშობლებმა ველოსიპედი არ მიყიდეს. დაახლოებით 15 წლის წინ, როდესაც ლუბლიანაში ვიყავი, ჩემმა მეგობარმა მათხოვა ველოსიპედი და მახსოვს იმდენად აჟიტირებული ვიყავი მთელი დღე ქალაქში დავდიოდი. შემდეგ გერმანიიდან ჩამოვიყვანე ველოსიპედი. სააბედნიეროდ დრო მრჩება ამისთვის, რადგან მყავს რედაქტორი, რომელიც მეხმარება მუშაობაში და დღის მანძილზე შემიძლია ჩემი ჰობით დავკავდე.

გამონათქვამი, ციტატა, რომელიც მოგწონთ და დაგხმარებიათ ცხოვრებაში?

ჩემთვის ერთ–ერთ უსაყვარლეს წიგნში, რომელიც დეილ კარნეგის ავტორობითაა, არის ასეთი ციტატა: „ნუ ინერვიულებ ხვალინდელ დღეზე, თუკი დღევანდელი დღისთვის ყველაფერი გააკეთე“, ანუ დღევანდელი საშინაო დავალება თუ კარგად გაქვს შესრულებული, ხვალინდელი დღე წარმატებული იქნება. ასევე შემიძლია გითხრათ კიდევ ერთი ჩემთვის გამორჩეული ციტატა: „მე ვწუხდი, იმის გამო, რომ ფეხსაცმელი არ მქონდა, სანამ დავინახავდი ადამიანს, რომელსაც ფეხები არ ქონდა.“ ადამიანებმა ყოველთვის უნდა ეცადონ პოზიტიურად იაზროვნონ, პოზიტიურად მიუდგნენ ამა თუ იმ საკითხსა და მოვლენას.

ბოლოს, რას ურჩევდი ადამიანებს ვინც ჯერ კიდევ ამაოდ ეძებს სამსახურს, რა შეცდომებს უშვებენ ასეთი ადამიანები ყველაზე ხშირად?

პირველ რიგში, მათ რეალურად უნდა შეაფასონ თავისი შესაძლებლობები. მათ გადაჭარბებულად დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ შესაძლებლობებზე. ადამიანები, როდესაც რჩებიან გარკვეული ვაკანსიის მიღმა, ცდილობენ ეს დააბრალონ ყველას, გარდა საკუთარი თავისა. ვურჩევდი, იყვნენ უფრო მეტად თვითკრიტიკულები, მეტი დრო დახარჯონ სამუშაოს ძიების პროცესზე, მაშინ როდესაც, სამსახურის მაძიებლები წუწუნებენ იმაზე, რომ ქვეყანაში სამსახურის პოვნა ძალიან ჭირს, დამქირავებლები წუწუნებენ იმაზე, რომ ქვეყანაში პროფესიონალების პოვნაა რთული. თუ ადამიანი არის პროფესიონალი მას იქით მოძებნიან. აუცილებელია გახდნენ პროფესიონალები თავიანთ საქმეში და დახარჯონ დიდი დრო რეზიუმეს გაკეთებაზე, შეხედონ ამ ყველაფერს დამქირავებლის თვალით.

საღეჭი რეზინების საუკეთესო რეკლამები

”ჰუავეი” და ”სამსუნგი” ”ნაცრისფერი ბაზრის” წინააღმდეგ