5
Aug
2019

“Life’s Good” – LG-ს გზა დაარსებიდან დღემდე

5 Aug 2019

ცივი ომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს 1950-53 წლების კორეის ომი, რომლის შედეგადაც კორეის ორი განსხვავებული პოლუსი მივიღეთ. და თუ დღეს ჩრდილოეთ კორეას იდეოლოგიას დაქვემდებარებულ ქვეყნად მოვიხსენიებთ, სამხრეთ კორეა თავისუფლად შეგვიძლია, მოვიაზროთ, როგორც ტექნიკისა და ინოვაციების სავანე. დიახ, სამხრეთ კორეა მართლაც უამრავი გლობალური ბრენდის სამშობლოა. ერთ-ერთი ასეთია LG, რომელიც დღესდღეობით სამხრეთ კორეის მასშტაბით მეორე ბრენდია ტექნიკის ინდუსტრიაში (პირველ ადგილს Samsung იკავებს).

LG-ის შემქმნელებისთვის სწორედ კორეის ომი გახდა ინსპირაცია, შეექმნათ ბრენდი, რომელიც კორეელ ერს ბევრი წინაღობისა და პრობლემის შემდეგ, სიტუაციას შეუმსუბუქებდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით მოამარაგებდა. კომპანია 1947 წელს In-Hwoi Koo-ს მიერ დაარსდა, თავდაპირველი სახელწოდებით Lucky-Goldstar და დღეს მისი სათავო ოფისი სამხრეთ კორეაში, კერძოდ, სეულშია. დღესდღეობით იგი რამდენიმე შვილობილ კომპანიას ფლობს: LG Electronics, Zenith, LG Display, LG Telecom და LG Chem, რომლებიც მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებენ.

LG-ს მიზანი ყოველთვის იყო, შემოეკრიბა გარშემო ის კომპანიები, რომლებიც საზოგადოებას უფრო ბედნიერ, უკეთეს ცხოვრებას შეუქმნიდნენ და, ალბათ, მისი ლოზუნგიც “Life’s Good” (ცხოვრება მშვენიერია), სწორედ აქედანაა ნაწარმოები. რაც შეეხება საკუთრივ LG Electronics-ს კი, იგი 1958 წელს შეიქმნა და სმარტფონებითა და რადიოებით ციფრულ ერას გაუძღვა. იგი სულ უფრო და უფრო ცდილობს, შეინარჩუნოს მსოფლიო ბაზარზე ლიდერობა.

LG-ს ზოგადი საქმიანობა

LG დღესდღეობით მუშაობს ისეთ პროდუქციაზე, როგორებიცაა: ეკრანული მოწყობილობები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მულტიმედიური საქონელი, ელექტრონული ნაწილები და პროგრამული უზრუნველყოფა. იგი მოღვაწეობს შემდეგ ბიზნეს სფეროებში: საშინაო გართობა (Home Entertaining – ტელევიზორი, პერსონალური კომპიუტერი, ტაბლეტი..), მობილური კომუნიკაცია, საყოფაცხოვრებო ტექნიკა (მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა და სხვ), კონდიცირება, ენერგიასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ.

1958-60 წლები

თავდაპირველად კომპანია 1947 წელს დაარსდა სახელწოდებით Lucky-GoldStar. ბრენდი ორი აქამდე არსებული კორეული კომპანიის შერწყმას წარმოადგენს – Lak-Hui – ქიმიური სამრეწველო კორპორაცია (გამოითქმის როგორც “Lucky” – იღბლიანი) და GoldStar. სწორედ ამ ორი კომპანიის სახელების პირველი ასოებიდან არის წარმოშობილი LG-ს სახელწოდება. 1958-60 წლებში, სანამ იგი ამჟამინდელ სახელწოდებას დაირქმევდა, საყოფაცხოვრებო ტექნიკას “Lucky” – ამ სახელწოდების ქვეშ ჰყიდდა, ელექტრონულ მოწყობილობებს კი – GoldStar-ის სახელით. LG-მ მოახერხა, შეექმნა კორეის პირველი მაცივრები, ტელევიზორები, სარეცხი მანქანები და კონდიციონერები. ალბათ, ბრენდი მართლაც ამართლებდა სახელს – Lucky.. მისი იღბლიანობა ხომ დრო და დრო სულ უფრო მტკიცდება.

1970-90-იანი წლები 

შექმნიდან რამდენიმე წელში კომპანიამ საოცარი მოგება ნახა – დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით. გლობალიზაციის სწრაფმა ზრდამ კომპანიას საშუალება მისცა, 1982 წელს საზღვარგარეთაც დაეწყო პროდუქციის წარმოება. ამისთვის მან ამერიკის შეერთებული შტატები შეარჩია. 1995 წელს LG Electronics-მა შეიძინა ამერიკაში არსებული ტელევიზორების მწარმოებელი ბრენდი Zenith. ამავე წელს LG-მ შექმნა პირველი ციფრული ტელეფონი, რომლითაც ამარაგებდა ამერიკის ტელეკომუნიკაციების კორპორაცია Ameritech-ს. 1995 წელსვე კომპანიას ოფიციალურად ეწოდა LG. კომპანიისთვის ინოვაცია უდიდეს მნიშვნელობას ატარებდა. სწორედ ეს დამტკიცდა 1998 წელს, როდესაც LG-მ გამოუშვა მსოფლიოში პირველი 60 ინჩიანი პლაზმური ტელევიზორი, ხოლო 1999 წელს კი Phillips-თან ერთად დააფუძნა საწარმო Philips – LG.Philips LCD, რომელიც დღესდღეობით ცნობილია, როგორც LG Display.

გამოწვევები

თუმცა, ისევე როგორც ყველა დიდ კომპანიას, LG-იც საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე იდგა პერიოდულად. თუნდაც, ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 1997 წლის შემთხვევა, როდესაც ინდოეთის ბაზარზე შესვლისას იგი უამრავ პრობლემას წააწყდა. ზოგადად, LG-ისთვის ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ უამრავი კონკურენტი ბრენდი ჰყავდა გვერდით: Samsung, Sony, Panasonic.. ინდოეთშიც ამ პრობლემას შეხვდა იგი. თუკი ეს ბრენდები აქ 1995 წელს შევიდნენ, LG-მ მხოლოდ 1997 წელს მიაღწია ამას. მას ასევე მოუხდა დიდი საიმპორტო გადასახადის გადახდა. LG-ს დიდი და ცნობილი ბრენდების გარდა, იქაური, ლოკალური ბრენდებიც აქტიურად უწევდნენ კონკურენციას.

ხედი LG-ს სათავო ოფისიდან

ხედი LG-ის სათაო ოფისიდან

მარკეტინგული სტრატეგიები

ალბათ, LG-ს მოღვაწეობის პერიოდში აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი მის მარკეტინგულ სტრატეგიებს, რომლებმაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ბრენდის გლობალურ აღმასვლაში:

იმისთვის, რომ LG მთელი მსოფლიოსთვის ყოფილიყო ცნობილი, შექმნა უამრავი ინოვაციური პროდუქტი. 

LG პირველი ბრენდი იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა კრიკეტს 1999 და 2003 წლების მსოფლიო თასის დასპონსორებით. ამ სპორტის მხარდასაჭერად LG-მ 8 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

იმისთვის, რომ კომპანიას იმპორტის მაღალი გადასახადების პრობლემა გადაელახა, LG დღესდღეობით მონიტორებსა და მაცივრებს დელიში აწარმოებს. 

LG-მ ინდოელებისთვის ტელევიზორებში ჰინდი და მათი სხვა რეგიონული ენების მენიუები ჩაწერა. 

ინდოეთში მაცივრებს აქვთ პატარა საყინულეები და ბოსტნეულის დიდი სათავსოები – ინდოელებს ურჩევნიათ სუფთა საკვები, მათი დიდი ნაწილი ვეგეტარიანელია. მაცივართა ფერები ასევე შეირჩევა საბაზრო უპირატესობების გათვალისწინებით. მაგალითად, თეთრი მაცივრები თითქმის არ იყიდება კალკუტასა და პუნჯაბში – ბრენდი ამას ყოველთვის ითვალისწინებს. 

LG-მ ინდოეთის ელექტრონული კომერციის საიტები (fabmall.com, rediff.com, indiatimes.com და indiaplaza.com) ერთ პლატფორმაზე გააერთიანა და მათთან რეგულარულად თანამშრომლობს. 

ეს LG-ს მარკეტინგულ სტრატეგიათა მცირე ჩამონათვალია. მათი უმეტესობა ინდოეთს ეხება, სადაც მან შეძლო და მოიპოვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრენდის სახელი. დღესდღეობით იგი ინდოეთშიც ისეთივე პოპულარულია, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

2000 წლიდან დღემდე

ჰოლდინგის შესაქმნელად 2002 წელს LG Electronics ორად გაიყო – წარმოიშვა “ახალი” და “ძველი” ბრენდები, ძველმა კი სახელი შეიცვალა და ჩამოყალიბდა, როგორც LG El. 2003 წელს ბრენდები კვლავაც გაერთიანდნენ LG Cl-ის ქვეშ. შესაბამისად, ძველი GoldStar-ის ფერფლიც კი აღარ დარჩა ახალ კომპანიაში.

2000 წლიდან LG-ს აქვს ერთობლივი საწარმო Hitachi-სთან ერთად (Hitachi-LG Data Storage). 2005 წლისთვის LG მსოფლიოს 100 საუკეთესო ბრენდს შორის მოხვდა, 2006 წელს კი ბრენდის ზრდამ რეკორდულ 14%-ს მიაღწია. 2010 წელს LG-მ სმარტფონების ინდუსტრიაშიც შეაბიჯა. იგი სულ უფრო და უფრო ცდილობს, ბაზარს ინოვაციები შესთავაზოს. თუნდაც ამის დადასტურებაა მსოფლიოში პირველი 84 ინჩიანი ულტრა-HD ტელევიზორი. დღესდღეობით გლობალურ დონეზე იგი დიდ როლს თამაშობს სამომხმარებლო ტექნიკის ინდუსტრიაში.

სლოგანები

1997-1999 წლები – “We put people First”

1999 – 2004 წლები – “Digitally yours”

2004-დან დღემდე. – “Life’s Good”

 

დღესდღეობით მსოფლიო ბაზარზე ლიდერობას LG კვლავაც ინარჩუნებს. ეს არის ბრენდი, რომელიც გამუდმებით ცდილობს, შექმნას ინოვაცია და მომხმარებლისთვის ცხოვრება მშვენიერი გახადოს. ამისთვის იგი მუდმივად მუშაობს მარკეტინგულ სტრატეგიებზე და, უნდა ითქვას, რომ გამოსდის კიდეც. მრავალი შვილობილი კომპანიის მფლობელ ბრენდს ბაზრის ანალიტიკოსები საკმაოდ დადებითად ახასიათებენ და ეს ყველაფერი ერთგვარად ზემოთქმულიდან გამომდინარეობს. ეს არის ბრენდი, რომელმაც უპირობოდ გაუძლო დროს და დიდი ალბათობით, კიდევ კარგა ხანს შემორჩება მომხმარებლებს.

 

 

განხილვა