სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა კომპანია LG-იმ ოფიციალურად დააანონსა ახალი მოწყობილობის – ნიღბის შექმნა, რომელიც ჰაერის გაწმენდაზეა ორიენტირებული. ნიღაბს, სახელად PuriCare რამდენიმე ფილტრი და ელემენტის დახმარებით მომუშავე ორი მინიატურული ვენტილატორი აქვს და გეხმარებათ, უფრო სუფთა ჰაერი ისუნთქოთ. ეს პორტატული ჰაერის გამწმენდია, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ სიტუაციაში გქონდეთ თან.
LG-ის თქმით, მოწყობილობა, სპეციალური სენსორების გამოყენებით, ხვდება როდის ჩაისუნთქავთ ჰაერს და როდის ამოისუნთქავთ მას, სენსორები კი ვენტილატორებს აწვდიან ამ ინფორმაციას, რაც მათ სიჩქარეს არეგულირებს.
LG-იმ ახალი პროდუქტი სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა IFA 2020-მდე რამდენიმე დღით ადრე წარადგინა. ღონისძიება 3 სექტემბერს იწყება. აღსანიშნავია, რომ LG ნიღბის ფუნქციებზე საუბრისას COVID-19-ის პანდემიას არ ახსენებს. The Verge-ის ცნობით, ამ კონკრეტულ ვირუსთან დაკავშირებული ცალსახა პასუხისთვის ისინი ტესტირების შედეგებსა და სპეციალურ სერტიფიკატის მიღებას ელიან.
PuriCare-ს 820 მილიამპერიანი ელემენტი აქვს, რითაც 8 საათის განმავლობაში, მისი უწყვეტი გამოყენებაა შესაძლებელი. თუმცა, სრული დატვირთვით, მაღალი რეჟიმით მუშაობისას ის ერთ დამუხტვაზე მხოლოდ 2 საათს გაგიძლებთ.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის გამოჩნდება PuriCare ბაზარზე, ან რა იქნება მისი ფასი. თუმცა, ცნობილია, რომ რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე PuriCare, შესაძლოა, წლის ბოლომდე გახდეს ხელმისაწვდომი.