in

LG სმარტფონების ბაზრიდან გადის – ინფორმაციას კომპანია ადასტურებს

ბაზრიდან გასვლა უკვე არსებულ სმარტფონებს არ ეხება

veon
veon

როგორც LG ადასტურებს, კომპანია სმარტფონების ბაზრიდან გადის. მართალია, წლის დასაწყისში იმედოვნებდნენ, რომ 2021-ში სმარტფონების განყოფილება მომგებიანი გახდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, კომპანიამ მაღალ კონკურენციას ვერ გაუძლო…

“LG Electronics-მა რამდენიმე წარუმატებელი წლის შემდეგ, სმარტფონების ბიზნესიდან გასვლა გადაწყვიტა და თანამშრომლების სხვა დანაყოფებში გადანაწილება დაიწყო” – იუწყება კორეის მედია.

მიუხედავად სცენარის ასეთი “სევდიანი განვითარებისა”, “ელჯის” წარმომადგენლების თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს, ისეთ ტექნოლოგიებზე ფოკუსირდნენ, როგორიცაა რობოტები, ხელოვნური ინტელექტი, ელექტრო მანქანების კომპონენტები, ჭკვიანი სახლისათვის საჭირო აღჭურვილობა და ასე შემდეგ. თავის მხრივ, LG-ის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ცივი გონებით ფიქრი იყო საჭირო.

ამასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მრავალი ჭორი ვრცელდებოდა. ეს კი, თავის მხრივ, უკანასკნელ ხუთ წელში არსებულმა დანაკარგებმა გამოიწვია. მას შემდეგ, რაც LG Samsung-ის კონკურენტად მიიჩნიეს, სმარტფონების ბიზნესმა სულ უფრო უკან დაიხია – ფაქტია, კომპანიამ ვერ შეძლო კონკურენციის გამკლავება.

ალბათ, ბევრ თქვენგანს ახსოვს წლის იმედისმომცემი დასაწყისი, როდესაც “ელჯიმ” CES-ზე თავისი ახალი სმარტფონის მოდელი წარადგინა და ირწმუნებოდა, რომ ის მალე რეალობად იქცეოდა… თუმცა, შეგიძლიათ, შეწყვიტოთ მისი ლოდინი. სამწუხაროდ, კომპანიისთვის არც ერთი ფუნქცია არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა მობილური ტელეფონები მეინსტრიმულ ჰიტებად გადაექცია. პირიქით, თანდათან LG-ის სმარტფონები ელემენტარული მახასიათებლებითაც კი ჩამორჩა კონკურენტებს.

ამასთანავე, ბაზრიდან გასვლა არ ეხება უკვე არსებულ სმარტფონებს, რომელთა მხარდაჭერასაც LG გარკვეული პერიოდის განმავლობაში განაგრძობს.

Hellocean-ის მიერ შექმნილი ჩინური ჩაის დიზაინი

მოქარგული ლანდშაფტი – ლიბი უილიამსის ნამუშევრები