ჩვენი ტელეფონებიდან დაწყებული, დამთავრებული კომპიუტერებითა თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ისეთი ხმოვანი ასისტენტები, როგორებიცაა Siri და Alexa, ყოველდღიურად გვესაუბრება. ახლა კი დროა, მანქანებში ადამიანისა და ბოტების საუბრებიც განვიხილოთ.
ამ ხედვის რეალობად ქცევაზე უკვე მუშაობენ — LG და SoundHound სატრანსპორტო საინფორმაციო-გასართობი სისტემების (IVI) შემდეგ თაობას ქმნიან, რომელიც AI ხმის ამომცნობით იქნება აღჭურვილი.
მსგავსი სისტემები მხოლოდ მაღალი კლასის მანქანებში ან სპეციალური დანამატების სახით გვხვდებოდა. თუმცა ახლა, როგორც SoundHound-ის აღმასრულებელი დირექტორი კეივან მოჰაჯერი ამბობს, მათ ინოვაციური ტექნოლოგია ყველა ზომის ავტომწარმოებლისათვის უნდა გახადონ ხელმისაწვდომი.
პროექტის მიზანს კი ავტომობილის მართვის გამოცდილების შემსუბუქება წარმოადგენს, რაც მძღოლებს ისეთი საკითხების გადაჭრაში დაეხმარება, როგორიცაა ბენზინის საფასურის გადახდა საჭიდან ხელის მოხსნის გარეშე. სისტემა ყველაზე „გემრიელ“ გადაწყვეტილებასაც გთავაზობთ — სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას იგი საჭმლის შეკვეთაში დაგეხმარებათ. ამასთან, პარკირება, ფანჯრების ჩაწევა და მანქანაში ტემპერატურის შეცვლა სწორედ AI-ს შეგიძლიათ დაავალოთ. მსგავსად, ავტომობილის მართვა უფრო უსაფრთხოც გახდება, რადგან ეს პატარა „საქმეები“ მძღოლს გზაზე ფოკუსირებაში ხელს აღარ შეუშლის.