სამხრეთ კორეულმა ელექტრონიკის ბრენდმა ამჯერად უფრო მარტივი, ბრტყელი დიზაინი შემოიღო, რათა ახალგაზრდა მომხმარებლებიც მიიზიდოს.
ალბათ, თავადაც მარტივად შეამჩნევდით, რომ განახლებული ბრენდის იდენტობა ამჯერად უფრო ნათელი წითელი ფერითაა წარმოდგენილი. ამ ფერს კი LG Active Red ჰქვია. თუ ამას მეტად ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ კომპანია ახალგაზრდებთან დაკავშირებას სხვა „ხრიკებითაც“ ცდილობს. იგი 8 უნიკალური გამომეტყველების ანიმაციას ქმნის ლოგოთი, რომელიც თვალს ჩაგიკრავთ, გაგიღიმებთ ან ირგვლივ მიმოიხედავს.
სლოგანი — Life’s Good ახალი შრიფტითაა წარმოდგენილი და იგი პროდუქტის შეფუთვისა თუ ბრენდინგის ნაწილში ახლა უფრო მეტად შეგვხვდება. მართალია, ლოგო უფრო ბრტყელია, მაგრამ ბრენდი მაინც აპირებს LG Active Red-ში ე. წ. გრადიენტული ელემენტების დანერგვას. ამასთან, პალიტრაში თეთრი და შავი ფერების დამატებას.
ფიქრობენ, რომ ახალი ვიზუალური იდენტობა მეტად დინამიკურად და ახალგაზრდულად წარმოაჩენს მათ, რითაც ბრენდი თაობა ზეტისთვის მიმზიდველიც გახდება. შესაძლოა, ეს საფუძვლიანიც იყოს, რადგან LG-ის ლოგოს ახალი ფერი ნამდვილად ჰგავს ამ თაობისთვის საყვარელ Nintendo Switch-ის ლოგოს…
„განახლება მიუთითებს კომპანიის სურვილზე, განვითარდეს თაობებთან ერთად, ასახავს ინოვაციური მომხმარებლის გამოცდილების მიმართ ერთგულებას მთელ მსოფლიოში“, — აცხადებენ LG-ში.