in

LG-ის ორეკრანიანი სმარტფონი – Wing, ინტეგრირებული სტაბილიზატორით

veon
veon

LG-სთვის ორეკრანიანი სმარტფონები სიახლე არ არის, რამდენიმე დღის წინ კი კომპანიამ კიდევ ერთი მსგავსი მოწყობილობა Wing დააანონსა. ეს არის სმარტფონი OLED ეკრანებით, რომლის ზედა ეკრანიც ბრუნავს და ამ გზით,  მოწყობილობა ჯვარედინი ხდება. ეს თვისება Wing-ს 2020 წლის ერთ-ერთ ყველაზე უნიკალური დიზაინის მქონე სმარტფონად აქცევს.

Wing მულტითასქინგისთვისაა. მის ორ ეკრანზე ერთმანეთისგან განსხვავებული აპლიკაციების გახსნას შეძლებთ, ისევე, როგორც მათი ერთი მიზნისთვის გამოყენებას. მაგალითად, ქვედა ეკრანზე შეგიძლიათ ბეჭდოთ, ზედაში კი ტექსტს დააკვირდეთ. ან ზედა ეკრანზე ვიდეო ჩართოთ, ხოლო ქვედაზე ხმა არეგულიროთ, ან მომდევნო ვიდეოების ჩამონათვალი ათვალიეროთ. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ეკრანის ერთი მიზნისთვის გამოყენება დეველოპერებზეა დამოკიდებული. ანუ, რამდენად მოარგებენ სხვადასხვა აპლიკაციასა თუ ციფრულ პროდუქტს კონკრეტულად Wing-ს. სხვა შემთხვევაში, LG-ის ეს მიმზიდველი ფუნქცია მხოლოდ LG-ის პროგრამული უზრუნველყოფის ამარა დარჩება. რაც, რა თქმა უნდა, ნაკლებ შესაძლებლობას ნიშნავს. თუმცა, თუ კონკრეტული აპლიკაციები Wing-ზე მორგებული არ იქნება, მისი ორი ეკრანი ორი სხვადასხვა მიზნისთვის/აპლიკაციისთვის ისევ შეგვეძლება გამოვიყენოთ. (მაგალითად, მთავარ ეკრანზე ვუყუროთ ფეხბურთს, ხოლო ქვედაზე ფეისბუკი ვსქროლოთ).

Wing-ს უნიკალურს კიდევ ერთი ფუნქცია ხდის – გიმბალის, ანუ სტაბილიზატორის რეჟიმი, რომლის ჩართვის შემთხვევაში, ქვედა ეკრანი ერთგვარ საყრდენად იქცევა. ზედა ეკრანის გადაბრუნების შემდეგ კი, ულტრაფართე კამერის სენსორიც ბრუნდება და ასე, ეკრანის ორიენტაციის შესაბამისი გამოსახულების ჩაწერა ხდება შესაძლებელი. გარდა ამისა, სმარტფონს აქვს ვიდეოს წინა და უკანა კამერიდან ვიდეოს ერთდროულად ჩაწერის ფუნქციაც.

ბუნებრივია, ასეთი მოძრავი და მბრუნავი სმარტფონის შემხედვარეებს გაგიჩნდეთ კითხვა გამძლეობასთან დაკავშირებით. LG გვპირდება, რომ ამ კუთხით Wing-ს პრობლემა არ ექნება. Wing-ს ჯამში 4 კამერა აქვს. აქედან ერთი – 32MP Pop-Up სელფი კამერაა, ძირითადი კამერა 64 მეგაპიქსელიანია, ულტრაფართე 13 მეგაპიქსელიანი, ხოლო ცალკე, სტაბილიზატორის ფუნქციას მორგებული ულტრაფართე კამერა 12 მეგაპიქსელიანი.

რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, Wing Snapdragon 765G-ის პროცესორზე, 5G-ს მხარდაჭერისთვის საჭირო Qualcomm-ის X52 მოდემთან ერთად მუშაობს. აქვს 8GB-იანი ოპერატიული და 256 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება. მისი ელემენტი 4,000mAh-იანია. სმარტფონს აქვს თითის ანაბეჭდის სენსორი და უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა. ორი ეკრანი ამ სმარტფონს შედარებით სქელს ხდის, თუმცა, არც ისეთს, როგორიც LG-ის წინამორბედ მოწყობილობებში სჩვეოდა. Wing 260 გრამს იწონის და 0.43 ინჩის სისქისაა (შედარებისთვის, Samsung Galaxy S20 Ultra, მსგავსი ზომის ეკრანით 220 გრამს იწონის და 0.35 ინჩის სისქისაა). ჯერჯერობით, Wing-ის ბაზარზე გამოჩენის დრო და ფასი არ ვიცით და ეს, სავარაუდოდ, LG-ის პარტნიორ კომპანიებზე იქნება დამოკიდებული.

საქართველოში წარმოებული საბურავის დასაბერი მოწყობილობა [ვიდეო]

მცხეთაში ახალი აკუსტიკური ფესტივალი „კერა“ გაიმართება