in

ლია ტაბატაძე – #პირველისამსახური

ავტ: ნინო ბაიდაური / “ქალები საქართველოდან”

20 წლის ვიყავი, როდესაც ანაზღაურებადი მუშაობა დავიწყე, მანამდე მოხალისობრივი გამოცდილება მქონდა, მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2002-2003 სასწავლო წელი იყო, კერძო სკოლაში ეძებდნენ ხელოვნების პედაგოგს და მოვსინჯე ძალები. მაშინ ხელოვნება ძირითად საგნებში არ იჯდა საგანმანათლებლო სისტემაში, შესაბამისად, სახელმძღვანელოებიც არ არსებობდა. მიწევდა იმ ყველაფრის დაკონსპექტება და ბავშვებისთვის დარიგება, რასაც ვასწავლიდი – ხელოვნების ისტორია და მითოლოგია. ჩემი ხელფასი  შეადგენდა 12ლ და 50 თ თვეში, ეს თანხა მაშინაც სასაცილო იყო, ალბათ სტუდენტი რომ ვიყავი არასერიოზულად აღმიქვამდნენ, ან მაინც პატარააო და დამჩაგრეს, არ ვიცი, მე დიდად არც განვიცდიდი ამას, რადგან გამოცდილებას ვიღებდი, თან ბავშვებთან მუშაობა მიყვარდა.

პარალელურად, დავიწყე დამოუკიდებელი საქმიანობა, ვაკეთებდი შემეცნებით-საგანმანათლებლო ტურებს ძველ თბილისში,  სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის, რისთვისაც მანამდე ორწლიანი თავდაუზოგავი შრომა გავწიე საჯარო ბიბლიოთეკასა და ქალაქის  ქუჩებში, არ დამიტოვებია არცერთი წიგნი თბილისის ისტორიის და არქიტექტურის შესახებ წაუკითხავი და არცერთი ქვა დედაქალაქში  უნახავი. შედეგიც კარგი დადგა, რეგულარულად მყავდა დაინტერესებული ჯგუფები და შესაბამისად, სტუდენტისთვის კარგი შემოსავალი. მთავარი სირთულე იყო სიცივე, უშუქობა, არეულობა ქვეყანასა და ქალაქში, მიტინგებზე სიარული წვიმაში, თოვლში და ქარში ცვილებების მოლოდინში. ასევე  რთული იყო მეგობრებთან ერთად გართობაზე ზოგჯერ უარის თქმა აღებული პასუხისმგებლობების გამო. სამწუხაროდ, დღეს ჩემი პროფესიით აღარ ვმუშაობ, მაგრამ აუცილებლად დავუბრუნდები ნელ-ნელა…

ლია ტაბატაძე – სოციალური საწარმო „ბაბალეს“  ხელმძღვანელი, „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის გამგეობის“ თავმჯდომარე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა მშობელთა ორგანიზაციების კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ გამგეობის წევრი.

ტანსაცმლის ეტიკეტი სიცოცხლის გადასარჩენად! – კამპანია ორგანოების დონორობასთან დაკავშირებით

#თაობა – ქართველი მუსიკოსების ექსპერიმენტი იმერეთის მთებში!