in

ლიანა მეტრეველი – #პირველისამსახური

„უეცრად, ფილმის სცენა გათამაშდა. ჩემი მომავალი უფროსი მოდის და: ლიან, რო რამე, ორშაბათიდან დაიწყებ?“

ყოველთვის ასე წარმომედგინა, რომ მუშაობა უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე უნდა დამეწყო. სად, როგორ, რანაირად არ ვიცოდი, მაგრამ სხვა შემთხვევას არ განვიხილავდი.

პირველი კურსის ერთ მშვენიერ დღეს, საერთო ჩატში ჯგუფელმა მოიწერა – ჩემი აბიტურიენტი მეგობარი ინგლისურის მასწავლებელს ეძებს და ვინმე ხომ არ იცითო. მაშინ გავიფიქრე, რომ სამსახურის შოვნის რეალური ვარიანტი გამოჩნდა და ხელიდან არ უნდა გამეშვა. ამიტომ, გავრისკე და გამოუცდელმა, უტიფრად შევთავაზე ჩემი კანდიდატურა.

დაახლოებით 10 თვე, კვირაში სამჯერ, დილის 9 საათზე მივდიოდი ჩემს მოსწავლესთან და ვამზადებდი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. ზაფხულში რომ დამირეკა და მახარა, ჩავაბარეო, ეგ იყო პირველი სამსახურის მთავარი ხიბლი – წარმატების შეგრძნება.

მას შემდეგ ბევრმა მოსწავლემ ჩაიარა. იყო დღეში 10-20 ადგილას სივის გაგზავნის დღეები – რომ გგონია, სხვა სამსახურს ვერასდროს დაიწყებ და ისე, ყოველი შემთხვევისთვის, აგზავნი რეზიუმეებს – აბა, თუ დაგირეკავენ. ამასობაში, ვწერდი ბლოგებს, ვიღებდი ფოტოებს, ვითვლიდი, ერთ დღეში რამდენ გასაუბრებაზე მოვასწრებდი მისვლას და წარმოვიდგენდი, როგორი სამსახური მინდოდა.

დაახლოებით 3 წლის შემდეგ, კიდევ უფრო მშვენიერ დღეს, მართვის მოწმობის აღებას რომ ვცდილობდი და თან, 1000mzeoba.com-ის მენეჯერად ვმუშაობდი, მეგობარმა დამირეკა. თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი იხსნება, ფეიჯისთვის სოციალურ მედია მენეჯერს ვეძებთ, უცბად შენ გამახსენდი და ხომ არ ცდიდიო? რა თქმა უნდა, ვცადე. მივედი რედბერიში გასაუბრებაზე, მივიღე დავალება. ამ დავალების შესასრულებლად, სხვა სავაჭრო ცენტრში მივედი, იქაურ მაღაზიებზე ბევრი ვწერე, გადავიღე ფოტოები, ავაწყე პრეზენტაცია და ფაქტობრივად, კონტენტთან ჩემი პირველი შეხებაც აქედან იწყება.

შემდეგ, მეორე გასაუბრებაზე ვიყავი. ჩემი დავალება განვიხილეთ და შეხვედრის ბოლოს შევთანხმდით, ორი თვის შემდეგ, როცა სავაჭრო ცენტრი გაიხსნებოდა, მე ვიქნებოდი მისი სოციალური მედიის მენეჯერი.

ოთახიდან გამოვედი თუ არა, ეგრევე დავიწყე ფიქრი, ორი თვის შემდეგ რა იქნებოდა, საერთოდ, დამირეკავდნენ თუ არა ორი თვე რომ გავიდოდა, იქნებ, სულ აღარ გახსნილიყო ეს სავაჭრო ცენტრი?!

ჰოდა, უეცრად ფილმის სცენა გათამაშდა. მიშო (ჩემი მომავალი უფროსი) მოდის და: ლიან, რო რამე ორშაბათიდან დაიწყებ?

ლიანა მეტრეველი – Redberry-ის კონტენტის გუნდის ხელმძღვანელი

ნახეთ: როგორ შეიცვალა არქტიკის წყალქვეშა სამყაროს ხმა, ბოლო 200 წელში?

Apple ყოველ სამ კვირაში ერთხელ ახალ კომპანიას ყიდულობს