in

ლიანა სირაძე თიბისის ახალი თაობის სეგმენტის ლიდია – რა სიახლეებს გეგმავს ბანკი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

ახალი თაობის მხარდაჭერა თიბისის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბანკი უკვე წლებია მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სპეციალურ პროდუქტებს, სერვისებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებს ავითარებს, თუმცა ამ მიმართულებაზე ფოკუსი კიდევ უფრო იზრდება.

რამდენიმე კვირის წინ თიბისის გუნდს ლიანა სირაძე შეუერთდა და ახალი თაობის სეგმენტის ლიდის პოზიცია დაიკავა. მისი ხელმძღვანელობით, ბანკი გეგმავს შექმნას ისეთი გამოცდილება, რომელიც ახალგაზრდების ყოველდღიურ საჭიროებებსა და ცხოვრების სტილს მაქსიმალურად უპასუხებს.

ლიანა სირაძეს საბანკო საქმიანობის, ციფრული პროდუქტების და მომხმარებლის გამოცდილების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. საინტერესოა ისიც, რომ მისი პროფესიული ისტორია თიბისისთან დიდხნიან თანამშრომლობას მოიცავს – 2013 წელს იგი ბანკის გუნდს ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე შეუერთდა და ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის მონაწილე იყო. დღეს კი ახალი პოზიციითა და შემართებით დაუბრუნდა კომპანიას.

ლიანა სირაძე თავად გვესაუბრა, თუ როგორია მისი ხედვა ახალ ამპლუაში და რატომ არის თიბისისთვის ეს მიმართულება ასე მნიშვნელოვანი:

M: რა იყო თქვენთვის მიმზიდველი ახალი თაობის სეგმენტის ლიდის პოზიციაზე და როგორია პირველი შთაბეჭდილება თიბისის ამ მიმართულების შესახებ?

თუ გვინდა უკეთესი მომავალი, ის უნდა დავიწყოთ იმ ადამიანებით, ვინც ამ მომავალს შექმნის. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ახალი თაობის გაძლიერება ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდების გაძლიერებასა და განვითარებაში მონაწილეობა ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიული გამოწვევა, არამედ დიდი პასუხისმგებლობა და პრივილეგიაა.

ეს არის შესაძლებლობა, იყო იქ, სადაც იქმნება მომავლის გამოცდილებები, ფასეულობები და შესაძლებლობები. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ მიმართულების მართვა, არამედ ისეთი მდგრადი ეკოსისტემის შექმნა, რომელიც ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი სეგმენტისთვის – ახალი თაობისთვის რეალურ ღირებულებასა და განვითარების შესაძლებლობებს შექმნის.

თიბისისთან ჩემი ისტორია 2013 წელს დაიწყო, როდესაც გუნდს ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე შევუერთდი. იმ პერიოდში ჩვენ ვქმნიდით და ვავითარებდით მიმართულებებს, რომლებიც დღეს უკვე ყოველდღიურ რეალობად იქცა. ეს იყო დრო, როდესაც ციფრული ტრანსფორმაცია მხოლოდ იწყებოდა, ხოლო თიბისი მის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა.

წლების განმავლობაში თიბისიმ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მუდმივი განვითარება და ინოვაცია მისი კულტურის განუყოფელი ნაწილია. მიხარია, რომ წლების შემდეგ კვლავ დავუბრუნდი ბანკს, რომელსაც აქვს ძლიერი სამომხმარებლო გამოცდილება, ბრენდი, ციფრული ინფრასტრუქტურა და მილიონობით მომხმარებლის ნდობა.

M: თქვენი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა ხედვა გაქვთ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის განკუთვნილი პროდუქტებისა და სერვისების განვითარების მიმართულებით?

ახალგაზრდული სეგმენტი, რეალურად, ორ განსხვავებულ ეტაპს – მოსწავლისა და სტუდენტის ცხოვრებას აერთიანებს, რომელთაც ერთმანეთისგან განსხვავებული საჭიროებები, ინტერესები და მიზნები აქვთ. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ემპათიური გამოცდილება, რომელიც მათ ყოველდღიურობას გაამარტივებს და დაეხმარება მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებზე მორგებულ პროდუქტებს, ციფრულ არხებს, ფინანსური განათლებისა და პერსონიფიცირებული შეთავაზებების პროგრამებს ვავითარებთ. ჩვენი ხედვაა, რომ პროდუქტი და გამოცდილება მომხმარებელთან ერთად გაიზარდოს და პირველი კლასიდან პირველ ხელფასამდე იყოს მისი მხარდამჭერი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გზაზე.

M: თიბისი უკვე წლებია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდებს. როგორ გაძლიერდება ეს ფოკუსი თქვენი ხელმძღვანელობით?

ახალგაზრდული მიმართულების შენება თიბისიმ 2017 წლიდან დაიწყო – დამხვდა ძლიერი გუნდი, გამოცდილებითა და განვითარების ხედვით. ჩემი როლია, სეგმენტის მართვა ახალ ეტაპზე გადავიყვანო – კიდევ უფრო დავუახლოვდეთ მომხმარებელს, გავზარდოთ მისი ხმა და ჩართულობა ახალი პროდუქტების შექმნასა და ფინანსური ეკოსისტემის განვითარებაში. გავამარტივოთ მომხმარებლის გზა და გულწრფელად შევუქმნათ საუკეთესო ბანკი ახალი თაობისთვის.

M: დღევანდელი ახალგაზრდების საჭიროებები სწრაფად იცვლება. როგორ გეგმავთ, რომ პროდუქტები და სერვისები ამ ცვლილებებს მაქსიმალურად პასუხობდეს?

ახალი თაობის საჭიროებები მართლაც სწრაფად იცვლება, თუმცა მთავარი გამოწვევა ტემპი არ არის, არამედ იმ საჭიროებების შინაარსის სიღრმე და მრავალფეროვნება, რომელიც ამ ცვლილებებს განსაზღვრავს და ახალ მოლოდინებს აყალიბებს, მათ შორის, საბანკო გამოცდილების მიმართაც.

ამ რეალობაში ჩემი მიდგომა ორ მარტივ, მაგრამ ძლიერ პრინციპს ეყრდნობა. პირველი – მოვუსმინოთ მონაცემებს რეალურ დროში, რათა გავიგოთ, არა მხოლოდ რას ამბობს მომხმარებელი, არამედ რას აკეთებს სინამდვილეში. მეორე – ექსპერიმენტის კულტურა, სადაც იდეას სრულყოფამდე კი არ ველოდებით, არამედ ვმოქმედებთ სწრაფად, ვცდით, ვსწავლობთ და მუდმივად ვაუმჯობესებთ.

ჩემთვის ამ პროცესში სიჩქარეზე მეტად მნიშვნელოვანია სწორად გაგებული საჭიროებები და ახალ თაობაზე ზრუნვით მიღებული გადაწყვეტილებები.

M: რა როლს ითამაშებს ინოვაცია და ტექნოლოგიური განვითარება ახალი თაობისთვის შექმნილი პროდუქტების მომავალში?

ინოვაცია ახალი თაობისთვის არ იწყება ტექნოლოგიით – ის იწყება სიმარტივით. ბანკინგი და ფინანსური გადაწყვეტილებები უნდა გახდეს ნაკლებად რთული და უფრო ბუნებრივი ნაწილი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ახალი თაობის ბანკი უნდა იყოს პროაქტიული; ისეთი, რომელიც წინ უსწრებს საჭიროებებს და აქტიურად უჭერს მხარს მომხმარებელს ყოველდღიურ ფინანსურ გადაწყვეტილებებში.

ამ პროცესში ხელოვნურ ინტელექტს და მონაცემთა ანალიტიკას გადამწყვეტი როლი აქვს, როგორც პერსონალიზაციის ძრავას. ეს არ არის უბრალოდ ტექნოლოგია, ეს არის საშუალება, რომ თითოეულ მომხმარებელს შევხვდეთ სწორ დროს, სწორ კონტექსტში და სწორი მხარდაჭერით. ხედვა, რომელსაც ვაშენებთ, არის ჰიპერპერსონალიზებული ფინანსური გამოცდილება, სადაც თითოეული ახალგაზრდა გრძნობს, რომ პროდუქტი მისთვის შეიქმნა, თუმცა მის უკან მილიონობით მონაცემთა წერტილი დგას.

მომდევნო თაობის ბანკინგს განსაზღვრავს ის, ვინც მასშტაბში ადამიანს არ დაკარგავს.

M: რას მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებებად მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ღირებულების შესაქმნელად?

ახალი თაობისთვის რეალური ღირებულება სამ მთავარ მიმართულებაში იქმნება.

პირველი – განათლება, რომელიც ჩნდება გადაწყვეტილების მიღების მომენტში. როცა პროდუქტი აღარ არის მხოლოდ სერვისი, არამედ ხდება გზამკვლევი და სწავლების ყველაზე ბუნებრივი ფორმა.

მეორე – ეკოსისტემა, რომელიც რეალურად ზრუნავს მომხმარებელზე და ქმნის ღირებულებას რელევანტურობითა და სიზუსტით იქ, სადაც ის ყველაზე მეტად საჭიროა. სისტემა, რომელიც არ ელოდება მომხმარებელს, არამედ ხვდება მას სწორ დროს, სწორ კონტექსტში და ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურ მხარდაჭერას აძლევს.

მესამე – ბრენდი, რომელსაც აქვს მკაფიო პოზიცია. ამ თაობისთვის ღირებულება არის მათი ინდივიდუალურობის პატივისცემა და მოსმენა. ბრენდი, რომელიც მათ ენაზე საუბრობს, ესმის მათი რეალობა და ამით ქმნის ნდობას – სწორედ ასე შენდება ახალი თაობის ბანკი.

M: რამდენიმე წლის პერსპექტივიდან, როგორი გსურთ იყოს თიბისის ახალი თაობის ბანკი?

ჩემი ხედვა გრძელვადიანია: ახალი თაობის თიბისი უნდა გახდეს სივრცე, სადაც ახალგაზრდა თავის პირველ ფინანსურ ურთიერთობას იწყებს ნდობით, და ეს ნდობა მასთან ერთად იზრდება ცხოვრების ყველა ეტაპზე, პირველი ნაბიჯებიდან – მნიშვნელოვან, ცხოვრების განმსაზღვრავ გადაწყვეტილებებამდე.

წარმატება არ იზომება ზედაპირული მეტრიკებით. რეალური წარმატება სამ რამეშია: რჩება თუ არა ახალგაზრდა ჩვენთან მაშინაც, როცა მას სრული თავისუფალი არჩევანი აქვს; რამდენად ბუნებრივად და ღირებულად არის ინტეგრირებული ჩვენი პროდუქტები მის ყოველდღიურ ცხოვრებაში და არა მხოლოდ ფორმალურად გამოყენებული; და ბოლოს, ურჩევს თუ არა თიბისის სხვას საკუთარი სურვილით, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე.

მომავალი თაობის ბანკი არის გამოცდილება, რომელსაც ახალგაზრდა საკუთარ გზაზე თან ატარებს – ნდობით, სიმშვიდითა და პატარა სიამაყით.

[R]

„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ – „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს

როგორ არის წარმოდგენილი საქართველო Cannes Lions-ზე?