in

#CraftYourFutureCareer – ლიბერთის დასაქმების პროგრამა სტუდენტებისთვის

როცა სტუდენტების დასაქმების უპირატესობებზე ვსაუბრობთ, სია ნამდვილად გრძელია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, დასაქმებულ სტუდენტს უკვე აქვს სამუშაო გამოცდილება და შეუძლია დამთავრებისთანავე უკეთეს, უფრო მიმზიდველ პოზიციაზე გააკეთოს განაცხადი. მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელების საშუალებაც – რეალურ პროექტზე მუშაობის, სფეროს სპეციფიკის შესწავლის და დროის მენეჯმენტის გამოცდილება, რომელსაც დასაქმებული სტუდენტი სწავლისა და სამსახურის შეთავსების დროს იღებს, ფასდაუდებელია.

დღევანდელი ტენდენციით, როცა გასაუბრებაზე მიდიხართ, დამსაქმებელი აუცილებლად გკითხავთ წარსული გამოცდილების შესახებ. ამიტომ, სასურველია, რაც შეიძლება მეტი საშუალება არსებობდეს სტუდენტებისთვის, რათა მათ შეძლონ თუნდაც სტაჟირების გავლა და გამოცდილების დაგროვება. ეს დაეხმარებათ მზად დახვდნენ თანამედროვე კონკურენტულ გარემოს. თანაც, უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე ეპოქაში, დიპლომს ისეთი დიდი ძალა აღარ აქვს, როგორც დიპლომს და პორტფოლიოს ერთად. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, როგორც საჯარო – ასევე კერძო სექტორებს გათავისებული ჰქონდეთ თავიანთი როლი ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობების შექმნაში.

ლიბერთი” უკვე რამდენიმე წელია ფიქრობს და ზრუნავს სტუდენტების სამუშაო ძალად ქცევაზე. გასულ წელს, ლიბერთიმ კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები აიყვანა სტაჟირებაზე და მათი უმრავლესობა უკვე დასაქმებულია ლიბერთიში.
სტუდენტების დასაქმების იდეა, ბანკში ჯერ კიდევ 2018 წლიდან გაჩნდა, როცა ლიბერთის ახალმა გუნდმა მნიშვნელოვანი მისია დაისახა და ახალგაზრდების პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმაში დახმარება გადაწყვიტა. მას შემდეგ, ბრენდი აქტიურად აგრძელებს სტუდენტების ჩართვას სხვადასხვა პროექტში, თანამშრომლობს 30-ზე მეტ წამყვან უნივერსიტეტთან და სასწავლო დაწესებულებებთან. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების დასაქმების პროექტები არც პანდემიის დროს გაჩერებულა.

დღეს ლიბერთი კიდევ ერთი ღონისძიების ‘Craft Your Future Career’ ჩასატარებლად ემზადება. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების მოზიდვა და მათი დასაქმების პერსპექტივით დაინტერესება. ღონისძიება სტარტს 12 ოქტომბერს აიღებს, უმასპინძლებს პარტნიორ უნივერსიტეტებს და შეაჯამებს გასული წლის შედეგებსაც.

ამ თემებზე სასაუბროდ მივმართეთ ნინო ჩიხლაძეს, „ლიბერთის” ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს.

M: ნინო, შევაჯამოთ წინა კამპანია. როგორი იყო მისი შინაარსი, რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ
სტუდენტები და როგორი გამოხმაურება მოჰყვა მათი მხრიდან?

კამპანიის დაწყების პირველივე დღიდან, ინტერესი საკმაოდ დიდი იყო. სტუდენტებს ბანკში მოქმედი მიმართულებების შესაბამისად ჰქონდათ დასაქმების არჩევანი. ნაკადის სიდიდიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ყველა მსურველი ვერ მოხვდა სტაჟირების პროგრამაზე.
რაც შეეხება შერჩევის კრიტერიუმებს, თითოეული მიმართულება თავად ადგენს უნარ-ჩვევების მისაღებ კრიტერიუმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტაჟირების პროცესი იყოს მაღალი ხარისხის და ჩვენმა სტაჟიორებმა ამ პერიოდში საუკეთესო ცოდნა და გამოცდილება მიიღონ. ამ პროექტისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით და რესურსიც შესაბამისი ჩავდეთ – ორგანიზაციაში მოვამზადეთ ტრენერები, რომლებიც შემდგომ მენტორებს მოამზადებდნენ. ყველა მენტორმა კი მიმართულების შესაბამისი გადამზადებაც გაიარა. შევქმენით პროგრამები და დავნერგეთ შეფასების სისტემები, რომლებიც არამარტო სტაჟირებაზე მყოფს აფასებს, არამედ თავად მენტორებსაც. შედეგმაც არ დააყოვნა და მივიღეთ ყველა მხრიდან მაღალი ჩართულობა.

M: რა საბაზისო ცოდნა მოეთხოვებოდათ სტაჟიორებს და რამდენ ხანს გაგრძელდა სტაჟირება?

სტაჟირების ვადები განსხვავებულია მიმართულებების მიხედვით – 6 კვირიდან 6 თვემდე. თითოეული პროგრამა მოიცავს წინასწარ განსაზღვრულ საკითხებს, რომელთაც უნდა დაეუფლოს სტაჟიორი. რაც შეეხება საბაზისო ცოდნას, არის მიმართულებები, სადაც მოთხოვნა მინიმალურია, არის მიმართულება, სადაც მოთხოვნათა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ნებისმიერ შემთხვევაში, ლიბერთიში მოსული სტაჟიორი იღებს კოლეგების მხარდაჭერას და იძენს ახალ ცოდნას, როგორც თეორიულს, ასევე პრაქტიკულს. სტაჟირების პროგრამის ნაწილია დიდ ორგანიზაციაში ინტეგრაციის გამოცდილება, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ნებისმიერი კარიერის დასაწყისში.

სტაჟირების ფარგლებში გვაქვს შემაჯამებელი შეხვედრები, სადაც სტაჟიორებს შეუძლიათ გააზიარონ მიღებული გამოცდილება და ის გამოწვევები, რომლებიც მათ ამ გზაზე შეხვდათ.

M: დღეს რას საქმიანობენ ეს სტაჟიორები, როგორია მათი უკუკავშირი გავლილი პროგრამის
შემდეგ?

ჩვენი სტაჟიორები საკმაოდ წარმატებულები არიან. 16 მათგანი ლიბერთიში, სათავო ოფისში დასაქმდა სხვადასხვა მიმართულებით, 9 IT მიმართულებით, 26 კი წინა ხაზზე. დანარჩენმა წარმატებით დაასრულა სტაჟირების პროგრამა, მიიღო სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატი და სხვადასხვა ორგანიზაციებშიც დასაქმდნენ. გვეამაყება, რომ მათთან დღემდე შენარჩუნებული გვაქვს კონტაქტი და სიხარულით გვიზიარებენ ხოლმე თავიანთ წარმატებას.

M: წელს როგორ ემზადებით ამ კამპანიისთვის?

როგორც აღვნიშნეთ, 12 ოქტომბერს დავიწყებთ Craft Your Future Career-ის პროგრამას, რომელიც ყოველწლიურად ჩატარდება და მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ახალგაზრდებისთვის პირველი კარიერული ნაბიჯების გზაზე.
გვიხარია, რომ სასწავლო წლის დასაწყისიდანვე უკვე გვეხმიანებიან სტუდენტები და ელოდებიან პროექტის დაწყებას – ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა!

[R]

რატომ არ ვპოსტავთ პირად ამბებს LinkedIn-ზე

როგორი იქნება Meta Quest Pro?