ლიბერთის მხარდაჭერით, მზიურის სოციალური კაფე ერთი თვის განმავლობაში ბავშვების საგანმანათლებლო პროექტს უმასპინძლებს. „მზიურმცოდნე“ ბავშვებისთვის სხვადასხვა მიმართულებით შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს. მზიურის პარკის ტერიტორიაზე, კაფე მზიურის სივრცეში, პატარები შესაბამის ცოდნას მიიღებენ ბუნების, ეკოლოგიის, ცხოველებზე ზრუნვისა და ინკლუზიური განათლების შესახებ.
„მეორე წელია, კაფე მზიური ლიბერთის მხარდაჭერით ახორციელებს „მზიურმცოდნეს“. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საბავშვო და საგანმანათლებლო პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ მონაწილე ბავშვები ბუნების, ეკოლოგიის, ცხოველებზე ზრუნვისა და ინკლუზიური გარემოს შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნის მიღებასთან ერთად, „მზიურმცოდნის“ საპატიო წოდებას და კურსის გავლის დამადასტურებელ სამკერდე ნიშნებს მიიღებენ“, — ანა გოგუაძე, კაფე მზიურის დამფუძნებელი.
„ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტული მიმართულება განათლებაა და მოხარული ვართ, რომ ბანკის მხარდაჭერით, კიდევ ერთი საინტერესო პროექტი შეიქმნა. მზიურის სოციალური კაფე მეორე წელია, ახორციელებს პროექტს „მზიურმცოდნე“ და მასპინძლობს ეკოლოგიით, ბუნების დაცვითა და ცხოველებზე ზრუნვით დაინტერესებულ ბავშვებს. ზაფხულის განმავლობაში ლიბერთი არაერთი მსგავსი ტიპის აქტივობას გეგმავს, ბავშვების განათლების ხელშეწყობის მიმართულებით“, — თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
[R]











