27
Jun
2018

„ლიბერთი ბანკს“ ახალი იდენტობა აქვს! გათანამედროვებული ბრენდი საბანკო ბაზარზე

27 Jun 2018

„ლიბერთი ბანკს“ ახალი იდენტობა აქვს! აღნიშნული სიახლის შესახებ მომხმარებელმა ბანკის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე, 25 ივნისს ატვირთული ვიდეოდან გაიგო, რომელიც სრული რებრენდინგის ერთგვარი ანონსია. როგორც „ლიბერთის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ცვლილება ლოგოთი დაიწყო და სამომავლოდ მოიცავს – პროდუქტებს, სერვის ცენტრებსა და ციფრულ არხებს. აღსანიშნავია, რომ ახალი ბრენდი ბრიტანელი სპეციალისტების კოლაბორაციით შეიქმნა.

 

პროექტის დასაწყისში დასახული მიზანი იყო ბრენდის არსებული იდენტობის ევოლუცია – არ უნდა შეცვლილიყო მთავარი ფერები, დასახელება, უარი ვთქვით სრულიად ახალი სიმბოლიკის შემუშავებაზე. თუმცა, პროექტის ბოლოს, საკმაოდ რევოლუციური ცვლილებები გამოგვივიდა – „ლიბერთის“ ლოგოტიპი არის ე.წ. Wordmark – სიტყვა-ბრენდი, რომელმაც თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს თანამედროვე ქართულ ლექსიკონში“, – გვიყვება თამარ მეგრელიშვილი, „ლიბერთი ბანკის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„ლიბერთი ბანკის“ ძველი და ახალი ლოგო

M: როგორია „ლიბერთი ბანკის“ ამჟამინდელი იდენტობა და კონცეფცია, რომელსაც შეცვლილი ლოგო გამოხატავს?
პირველი და ალბათ ყველაზე თვალშისაცემი სხვაობა ახალ იდენტობაში არის სიტყვა „ბანკის“ კომუნიკაციიდან ამოღება. „ლიბერთი“ უკვე საკმაოდ მაღალი ცნობადობით გამოირჩევა და ეს ცვლილება არ გამოიწვევს მომხმარებლის დაბნევას. თანაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვსურს ახალ სეგმენტებს წარვუდგეთ ახლებური ხედვით და მარტივად დავამყაროთ მათთან კომუნიკაცია. ჩვენი ღირებულებები, რა თქმა უნდა, ლოგოში უნდა ასახულიყო. შედეგად, განახლებული ლოგო მარტივი, უშუალო და თანამედროვეა. გახსნილი „ბ“ ასო განსაკუთრებით უსვამს ხაზს გახსნილობას და ასევე, სიტყვა „ბანკზეც“ ამ სახით დავტოვეთ მინიშნება კომუნიკაციაში.

M: ვინ იმუშავა რებრენდინგის მიმართულებით?
ახალი ბრენდი შეიქმნა ბრიტანელი სპეციალისტის – ტობიას ჰაინესის და კომპანია Katana Creative Media-ს კოლაბორაციით. სტრატეგიული ხედვა და კრეატიული მიმართულება, ბანკის მენეჯმენტთან ერთად, შეიმუშავა ტობიას ჰაინესმა, რომელმაც კარიერის განმავლობაში, ფინანსური სექტორის 30-ზე მეტ ბრენდზე იმუშავა მსოფლიოს მასშტაბით (ისეთ სააგენტოებთან ერთად, როგორებიცაა Allen International, Landor და 20.20). Katana Creative Media-ს ამჟამად ლონდონსა და პეკინში აქვს ოფისები და სააგენტოს სპეციალიზაცია ბრენდინგი და მარკეტინგია. თავდაპირველად შეიქმნა ვერსია ლათინური ასოებით და მხოლოდ შემდეგ მოხდა მისი ქართულ ანბანთან შესაბამისობაში მოყვანა. ქართული ვერსიის ადაპტაციის პროცესში გიგა ხატიაშვილმა გაგვიწია კონსულტაცია.

წმინდა ესთეტიკური კუთხით, საოცრად საინტერესო იყო იმ საბოლოო კონცეფციაზე მუშაობა, რომელიც ლიბერთიმ აარჩია და დაადასტურა. ეს იყო თამამი და ინოვაციური ნაბიჯი, რომელმაც ყველა ბანკისგან სრულიად განსხვავებული ლოგო შეგვაქმნევინა“, – ტობიას ჰაინესი – პროექტის სტრატეგიული და კრეატიული დირექტორი.

თანამედროვედ მოაზროვნე კლიენტთან მუშაობა ძალიან ამაღელვებელია და ყოველთვის მეტ სტიმულს გვაძლევს ახალი, უნიკალური კონცეპტების შესაქმნელად“, – ჯანინ შროფი – პროექტის მთავარი დიზაინერი.

კითხვაზე, ვიზუალური იდენტობის გარდა, იცვლება, თუ არა ბრენდის თუ საკომუნიკაციო ენა და სტილი, თამარ მეგრელიშვილი ასე გვპასუხობს: 
ჩვენი სტრატეგიაა, შევთავაზოთ საბანკო მომსახურება ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს; ვპასუხობდეთ სლოგანს, რომელიც არ შევცვალეთ, და რეალურად ვიყოთ ბანკი ყველასთვის და ყველგან – სადაც დავჭირდებით. ბანკის ახალი ვიზუალური იდენტობა და საკომუნიკაციო სტრატეგიაც დაიგეგმა გათანამედროვების მიმართულებით. სიტყვიერ მესიჯებსა და ვიზუალში შევეცადეთ, თანამედროვე და ექსპერიმენტული ელემენტებიც კი შეგვეტანა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი არ დისტანცირდეს მისი ტრადიციული მომხმარებლისგან. ჩვენი ბრენდის კომუნიკაცია და საუბრის ტონი (Tone of Voice) ყოველთვის იქნება თანამედროვე, მარტივი და გასაგები. რაც ასევე აისახება ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებზე.

განხილვა