in

„რაც გულით გინდა, არასოდესაა მეტისმეტი“ – ლიბერთის კამპანია „შემნახველი მეტი“ ანაბრისთვის

ადამიანებისთვის ახალი ფინანსური პროდუქტების შექმნასა და შეთავაზების პროცესში უმნიშვნელოვანესია მათი სურვილების გათვალისწინება. ბოლო წლების განმავლობაში, ლიბერთიმ მომხმარებლებს შორის მრავალფეროვანი ინტერესების ადამიანები შემოიკრიბა – ზოგს უფრო მეტ ადამიანზე ზრუნვა სურს, ზოგს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნა, ზოგს – უფრო მეტის სწავლის შესაძლებლობა. სწორედ ამ ადამიანებისთვის საჭირო და სასარგებლო ფინანსური ინსტრუმენტების შექმნა დაისახა მიზნად ლიბერთიმ, როგორც უნივერსალურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა. ერთ-ერთი ასეთი ახალი პროდუქტი კი, მოთხოვნამდე ტიპის ანაბარია – „შემნახველი მეტი“. ანაბრის სახელსა და ფართომასშტაბიან კამპანიაზე ლიბერთის მარკეტინგის გუნდმა იმუშავა და Fire Production-თან ერთად განახორციელა. რას გულისხმობს „შემნახველი მეტი“ და როგორ შეიქმნა მასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო კამპანია, ნათია გაფრინდაშვილმა, სონია გულაღაშვილმა და ნინო გორდელაძემ გვიამბეს.

რა უპირატესობები აქვს ახალ ანაბარს მომხმარებლისთვის? 

ნათია გაფრინდაშვილი, ლიბერთის საოპერაციო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „შემნახველი მეტი“ ადამიანებს საშუალებას აძლევს უფრო მარტივად შეინახონ ან დააგროვონ თანხა, მიიღონ მაღალი სარგებელი და შეძლონ თანხის საჭიროებისამებრ, ნებისმიერ დროს ანაბრიდან გატანა და დაბრუნება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ანაბარზე სარგებელი ირიცხება ყოველთვიურად, თვის განმავლობაში დაფიქსირებულ მინიმალურ ანუ ხელუხლებელ ნაშთზე.

რა იყო პროდუქტის სახელის შთაგონება – რატომ დაერქვა „შემნახველი მეტი“? 

სონია გულაღაშვილი, პროექტის კრეატიული დირექტორი: პროდუქტზე მუშაობისას ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა სახელი იყო, რადგან მომხმარებელთან ურთიერთობის თითოეულ წერტილში ლიბერთისთვის უმნიშვნელოვანესია კომუნიკაცია მაქსიმალურად მარტივი და გასაგები იყოს. გვინდოდა, სახელი იმდენად მოქნილი და ცხადი ყოფილიყო, რამდენადაც თავად ეს პროდუქტია. ამიტომ, ფიქრის დროს ვეცადეთ მომხმარებლის გადმოსახედიდან შეგვეხედა თანხის დაგროვებისა და შენახვის პროცესისთვის და სწორედ ამ დროს მივხვდით, რომ ჩვენს ხედვას, პროდუქტის არსსა და ადამიანების სურვილებს ერთი დიდი საერთო ჰქონდა – უკეთესობისკენ, მეტისკენ სწრაფვა და გაუმჯობესების სურვილი. შესაბამისად, მალევე მივედით სახელამდე „შემნახველი მეტი“. სიტყვა „მეტი“ კარგად გამოხატავს ადამიანის სურვილს იმ მომენტში, როდესაც თანხის დაგროვებას იწყებს და ასევე, ლიბერთის ახალი ანაბრის სარგებელს და იმ გუნდის შემართებას, რომელმაც ეს პროდუქტი შექმნა.

ვინ არის პროდუქტის მთავარი სამიზნე აუდიტორია?

ნათია გაფრინდაშვილი, ლიბერთის საოპერაციო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: უკვე დიდი ხანია ლიბერთი ახალი სეგმენტების საჭიროებებზე დაკვირვებასა და მათთვის შესაბამისი სერვისების შექმნაზე მუშაობს. „შემნახველი მეტი“ არის ერთ-ერთი იმ იშვიათი პროდუქტებიდან, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლის სურვილს შეიძლება მოერგოს – ლიბერთის არსებული თუ ახალი მომხმარებლის, როგორც რეზიდენტის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელსაც უკვე აქვს გარკვეული დანაზოგი ან თანხის დაგროვებას ახლა იწყებს. აუდიტორიის შესწავლისას მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ამ ადამიანებს ხშირად უჩნდებათ ახალი სურვილები, რისთვისაც დაგროვებული თანხის ნაწილს იყენებენ. სწორედ ამ მახასიათებელს მოვარგეთ ჩვენი ახალი ანაბარი და ვეცადეთ, რაც შეიძლება მოქნილი – ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შეგვექმნა.

რა იყო კამპანიის მთავარი დაკვირვება და იდეა?

ნინო ბიწაძე, ლიბერთის კრეატიული ჯგუფის უფროსი: კამპანიაზე ფიქრისას, ძალიან დაგვეხმარა უშუალოდ პროდუქტის შექმნისას აღმოჩენილი დაკვირვებები – ჩვენთვის გარდამტეხი აღმოჩენა იყო ის, რომ ხშირად ჩვენი სურვილების მოფიქრებისას და მიზნების დასახვისას ძალიან ფრთხილები ვართ – ვფიქრობთ, თუ ზედმეტს ვისურვებთ, შესაძლოა ვერ შევძლოთ მისი მიღწევა თუ ასრულება. ბავშვობაში ჩვენს სურვილებს საზღვრები არ აქვს, თუმცა როგორც კი უფროსები ვხდებით, ვცდილობთ მეტისმეტი არ ვისურვოთ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი გულით გვინდა.

შესაბამისად, გაჩნდა კამპანიის იდეა, შეგვექმნა ვიდეო და ფოტოების სერია, რომელშიც ადამიანებს მოვუწოდებდით უფრო გაბედულად დაესახათ ახალი მიზნები და მეტის, მაქსიმუმის მიღწევისთვის მივცემდით მოტივაციას.

კამპანიის მთავარი გზავნილია „მეტი მინდა“, რადგან გვჯერა, რომ ლიმიტების გადალახვა სწორედ საკუთარ თავთან გულწრფელი აღიარებიდან იწყება, რომ ნამდვილად მეტის მოლოდინი და სურვილი გვაქვს.

კამპანია მთლიანად ადამიანების სურვილების მიხედვით შევქმენით – როცა მეტი გვინდა, მეტის შესრულებისა და ასრულების საშუალებაც გვაქვს, თუმცა, ხშირად საკუთარ თავს ვაფერხებთ, სამომავლოდ ვდებთ. ვიდეოს იდეაც სწორედ ეს იყო – შეგვექმნა ქალი პერსონაჟი, რომელიც შვილებთან ერთად ცხოვრობს, ყოველდღიურ რუტინაშია ჩართული, სურვილებიც აქვს და მათი ასრულების შესაძლებლობაც, თუმცა საკუთარ ოცნებებს არ აპრიორიტეტებს. რაღაც მომენტში აღმოაჩენს, რომ ბავშვობაში რაც სურდა, ახლა ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა აქვს და იწყებს მეტი მიზნისა და ოცნების ახდენას.

ვეცადეთ, ვიზუალური სტილიც ყველასთვის ნაცნობი და გასაგები ყოფილიყო. პარალელურად, ის მიზნების ჩანიშვნასთან ასოცირდება. მუშაობისას მივხვდით, რომ ყველა ადამიანის სურვილს ხშირად აერთიანებს რაღაც და ეს „რაღაც“ მათი ჩაწერა, ჩანიშვნა, გადაკეთებაა. ამიტომაც, შევქმენით ხელნაწერი ტიპოგრაფია და ვეცადეთ აღსრულებისას პოსტერებში ადამიანის ფიქრის, მეტის გაბედვის პროცესი გამოგვეჩინა.

როგორი მიმდინარეობდა სცენარზე მუშაობის პროცესი და მისი აღსრულება?

ნინო გორდელაძე, პროექტის რეჟისორი: ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი, საწყის ეტაპზე, ძალიან გასაგები და რეალური კონცეფცია იყო. ზოგადად, რეჟისორისთვის დავალების მიღების პროცესში, მაქსიმალური სიცხადე და სიმარტივე საჩუქარივითაა – წინაპირობასავითაა, რომ იმას მივიღებთ, რაც ყველას წარმოგვიდგენია.

მუშაობის პროცესში, ორი მნიშვნელოვანი გამოწვევა გვქონდა. პირველი იყო თვითონ ინსაითის ჩვენება – რომ ზოგადად, ჩვენ, ადამიანებს გვჩვევია საკუთარი თავისთვის ზედმეტი შეზღუდვების დაწესება, თუნდაც სურვილების ჩაფიქრებისას. არადა, რეალურად ძალიან მარტივია ამ საზღვრებიდან გამოსვლა. მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც, საბოლოოდ, უფრო კარგი გამოსავალი აღმოჩნდა, ვიდრე გამოწვევა, ვიდეოს ფორმატი იყო – გვეჩვენებინა ლიმიტებიდან გამოსვლის პროცესი ფილმის სტილში. 

შესაბამისად, შევქმენით პერსონაჟი, ვაცხოვრეთ ის ჩვეულებრივი ცხოვრებით, გავაცანით ადამიანებს მისი ჩვევები და შემდეგ ვაჩვენეთ, რეალურად რა მარტივია ამ არასაჭირო ჩვევებიდან თუ საზღვრებიდან თავის დაღწევა.

[R]

არყის შეფუთვამ ტრადიციული მიდგომები უკან ჩამოიტოვა

როგორ აძლიერებს Netflix რეკლამის განმთავსებლებთან ურთიერთობას