საქართველოს ბანკი, როგორც დასაქმების ხელშემწყობი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში და ბრენდი, რომელსაც არაერთხელ უთქვამს საზოგადოებისთვის, რომ – „შესაძლებლობები უსაზღვროა”, მუდმივად ცდილობს, ეს ფრაზა რეალობად საქმით აქციოს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ქმნის შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის და მიზნად ისახავს, მოიზიდოს ტალანტები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.
ახალგაზრდების ხელშეწყობაზე ორიენტირებული პროექტებიდან, „ლიდერატორი“ ერთ-ერთი გამორჩეულია, რომელიც 2017 წლიდან ხორციელდება, მისი მიზანი ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათ პროფესიულ განვითარებაში წვლილის შეტანაა. როგორც თავად სახელწოდება გვეუბნება, „ლიდერატორი” არის შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, გახდნენ სხვადასხვა სფეროს ლიდერები – მიიღონ ახალი ცოდნა, გამოცდილება და გამოიმუშაონ ის უნარები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს მათ, თავი დაიმკვიდრონ მათთვის სასურველ სფეროში. აღნიშნულ პროგრამაში უკვე 295-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, მათი უმრავლესობა კი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.
„ლიდერატორი” წელსაც ტარდება. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 5 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში 85 სტუდენტი და კურსდამთავრებული შეირჩევა. ახალგაზრდები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე დააგროვებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და, როტაციული პრინციპით, მათთვის საინტერესო, ერთმანეთთან დაკავშირებულ მიმართულებებში მიიღებენ სამუშაო გამოცდილებას. წარმატებული კურსდამთავრებულები კი საქართველოს ბანკში დასაქმდებიან. სწავლების პროცესში ისინი გაეცნობიან ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტის სამუშაო სპეციფიკას და შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იპოვონ საკუთარი თავი და დასახონ კარიერული გეგმები. რა თქმა უნდა, ამისთვის თავადაც უნდა გამოავლინონ შესაბამისი სურვილი და მოტივაცია.
იმისთვის, რომ მეტი დეტალი შევიტყოთ პროგრამის შესახებ, კითხვებით მივმართეთ საქართველოს ბანკის ტალანტების მენეჯმენტის ოფიცერს, ელენე ქათამაძეს:
M: პროგრამა „ლიდერატორი” უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება, როგორ შეაჯამებდით წინა წლების გამოცდილებას და რაიმე სიახლე ხომ არ არის წლევანდელ პროგრამაზე?
ჩვენ, საქართველოს ბანკში უკვე მრავალი წელია ახალგაზრდების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით არაერთ პროექტს ვახორციელებთ. 2017 წელს გადავწყვიტეთ, აღნიშნული პრაქტიკისთვის სისტემური სახე მიგვეცა და შეგვექმნა სტუდენტური დასაქმების პროგრამა – ლიდერატორი.
პროგრამისადმი მუდმივად მზარდმა ინტერესმა და სტუდენტების მხრიდან სწრაფმა კარიერულმა ზრდამ გვაჩვენა, რომ ეს ინიციატივა ძალიან წარმატებული გამოდგა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროგრამა კიდევ უფრო მეტად მრავალმხრივი და მასშტაბური გაგვეხადა. „ლიდერატორის” შეთავაზებები ხშირად ფართოვდება საქართველოს ბანკში მიმდინარე საქმიანობების მიხედვით. ჩვენთან ხშირად ემატება ახალი პოზიციები, პროექტები და მიმართულება, რომლებიც პროგრამის გაზრდაშიც გვეხმარება.
M: რომელი მიმართულებით ინტერესდებოდნენ წინა ნაკადის სტუდენტები ყველაზე ხშირად და წელს რამდენ კურსზე გამოცხადდა მიღება?
2023 წელს, რიგით მეშვიდე ლიდერატორის ფარგლებში, 13 პროგრამაზე გამოცხადდა მიღება, რაც ბანკის მასშტაბით 45-მდე ჩართულ მიმართულებას მოიცავს. წელს მონაწილეებს განახლებულ – ფინანსური და საინვესტიციო ანალიზისა და საბანკო სამართლის – პროგრამებს ვთავაზობთ.
რაც შეეხება წინა წლებს, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ლიდერატორის ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამაზე. ვცდილობთ, ვუპასუხოთ გაზრდილ მოთხოვნას და IT დეპარტამენტის სხვადასხვა მიმართულებაში დავასაქმოთ სფეროს მომავალი პროფესიონალები. თუმცა, აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად ყველა მიმართულება: ფინანსური, ტექნოლოგიური, მარკეტინგის, ციფრული არხების, ოპერაციათა მენეჯმენტის, ადამიანური კაპიტალისა თუ საბანკო სამართლის, თანაბრად პოპულარულია აპლიკანტებში.
M: რის მიხედვით შეირჩევიან რეგისტრირებული სტუდენტები?
ძირითადი შესარჩევი ეტაპები მოიცავს ისეთ საფეხურებს, როგორებიცაა: ანალიტიკური და ლოგიკური უნარების ტესტირება, პროფესიული ტესტირება, ინდივიდუალური გასაუბრება, ინდივიდუალური და ჯგუფური დავალების შესრულება. ეტაპები პროგრამების მიხედვით განსხვავებულია და უკავშირდება შესაბამისი მიმართულების საჭიროებებს, კანდიდატების მიერ მიღებულ განათლებას, ცოდნასა და აუცილებელ უნარ-ჩვევებს.
აღვნიშნავ, რომ კანდიდატებს არ მოეთხოვებათ სამუშაო გამოცდილება. ბევრი სტუდენტისთვის სწორედ ლიდერატორი ხდება პირველი სამსახური და პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კარიერული განვითარების გზაზე.
M: რამდენ ხანს გრძელდება თითო პროგრამა და რას შეისწავლიან სტუდენტები მის ფარგლებში?
პროგრამა 2 ეტაპისაგან შედგება და 9 თვის განმავლობაში გრძელდება.
პირველ ეტაპზე ლიდერატორები ახდენენ გუნდში სრულად ინტეგრაციას, მათ აქტიურად უტარდებათ ტრენინგები და ვორქშოფები, რომლის ფარგლებშიც გადაეცემათ მიმართულებების საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული თეორიული ცოდნა. ეს კი ლიდერატორებს ეხმარება, მოახდინონ სწრაფი ადაპტაცია ბანკის სტრუქტურებში, აცნობს მათ მიმართულებების საქმიანობის სპეციფიკას და მთლიანად ბანკის სტრუქტურას. აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ, შესაბამისად, გადადიან სამუშაო პრაქტიკის ეტაპზე და, როტაციული პრინციპით, რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებულ მიმართულებაში იღებენ 2-3 თვიან რეალურ სამუშაო გამოცდილებას.
მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, პროგრამის როტაციული პრინციპი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ სხვადასხვა პროფესიებს, შეიძინონ „შიდა სამზარეულოს“ რეალისტური ხედვა, უკეთ გამოერკვნენ საკუთარ პრეფერენციებში და რიგ შემთხვევებში გააკეთონ ახალი აღმოჩენები, რომელიც მათ მომავალ პროფესიულ განვითარებას განსაზღვრავს.
M: რა არის ის მთავარი მიზეზები, რამაც მოტივაცია უნდა მისცეს სტუდენტს, რომ ჩაერთოს პროგრამაში?
ლიდერატორი სტუდენტებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც აღნიშნული სეგმენტის საჭიროებებს გამორჩეულად ერგება.
პროგრამის მთავარი ბენეფიტი სწავლასთან შეთავსებული სამუშაო გრაფიკია, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სამუშაო გამოცდილების მიღების პარალელურად, შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება.
როგორც ვახსენეთ, პროგრამის მონაწილეები პრაქტიკულ ტრენინგებს გაივლიან და წარმატებული კარიერული სტარტისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებს ამ გზით შეიძენენ, ხოლო მენტორინგისა და პროგრამის როტაციული პრინციპის გათვალისწინებით, მრავალფეროვან პრაქტიკულ სამუშაო გამოცდილებას დააგროვებენ. რაც მთავარია, პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კარიერას განაგრძობენ ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში.
რესპონდენტი იმასაც გვეუბნება, რომ საქართველოს ბანკისთვის ამ პროგრამის ყოველწლიური მხარდაჭერა, არა მხოლოდ ახალგაზრდების წახალისება, არამედ კომპანიის განვითარებაზე ზრუნვაც არის, რადგან ამ ადამიანებს ახალი ხედვა და იდეები მოაქვთ, რაც კომპანიაში მულტიგენერაციულ სამუშაო გარემოს ქმნის, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ უნიკალურ ცოდნასა და გამოცდილებას.
[R]