აზროვნების ლიდერობის სამყაროს აქვს საიდუმლო. მართალია, არც ისე დაფარული, მაგრამ მასზე, რატომღაც, ხშირად ხმამაღლა არ ლაპარაკობენ. ლიდერები ყოველთვის თავად არ აჟღერებენ ბრენდის გზავნილებს, შეიძლება იცოდნენ კიდეც, ეს როგორ გააკეთონ, მაგრამ მათ ამისთვის დრო არასოდეს აქვთ.
ამისთვის საჭიროა აღმასრულებლების, დირექტორებისა და გუნდის ხშირი თანამშრომლობა. როცა შემქმნელთა გუნდი კარგად ასრულებს თავის საქმეს, ეს ლიდერებს ეხმარება თავიანთი ხედვის დროულად და სწორად გაზიარებაში, როგორც მედიასაშუალებებისთვის, ისე აუდიტორიისთვის.
ლიდერებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი ჩართულობის გარეშე მხოლოდ გუნდი ვერაფერს გახდება. ხშირად შეცდომას უშვებენ და გუნდს ავალებენ ყველაფრის გაკეთებას, რადგან ფიქრობენ, დიზაინერს ლამაზი ილუსტრაციების ხატვაში უხდიან ხელფასს, ქოფირაითერს სტრატეგიული ტექსტების წერაში და ა.შ. ის კი ავიწყდებათ, რომ მთავარი ამ საქმეებში ხედვა და მიმართულებაა, რომელიც ლიდერებისგან უნდა მოდიოდეს. აღმასრულებელი დირექტორის ჩართულობის გარეშე, თქვენ გრჩებათ ზოგადი ნამუშევრები, რომლებსაც მცირე ნახვა და არანაირი ჩართულობა აქვთ. ხოლო, თუ ლიდერი მჭიდროდ ითანამშრომლებს შემქმნელების გუნდთან, მისი სიბრძნე, გამოცდილება და უნიკალური ხმა შეიძლება შეფუთული იყოს კონტენტში და ყველა აალაპარაკოს.
ასეთი თანამშრომლობის საფუძველზე, გუნდს უკვე შესაძლებლობა ეძლევა დაგეგმოს:
- სტრატეგიული მიმართულება: როგორია თქვენი, როგორც ლიდერის ბრენდი და რა გზავნილის გადმოცემა გსურთ?
- კონტენტისა და პრეზენტაციების შექმნა: ქოფირაითერებს შეუძლიათ, ლიდერის იდეები სასარგებლო კონტენტად გარდაქმნან, შეუსაბამონ ტრენდებს და დააინტერესონ მომხმარებელი;
- სოციალური მედიის მენეჯმენტი: სოციალურ ქსელებში განვითარება მოითხოვს არა მხოლოდ სიახლეების გაზიარებას, არამედ საზოგადოების შექმნასაც. სწორ გუნდს, როცა იდეებსა და მიზნებზე სრული სურათი აქვს ხელმძღვანელისგან, სოციალური მედიის დაგეგმვა შეუძლია;
- მედიაში გამოქვეყნება, პოდკასტები და გამოსვლები: არ უთხრათ უარი თქვენს თანამშრომლებს, მსგავს აქტივობებში მონაწილეობაზე. ეს გამოსვლები აძლიერებს თქვენი იდეების მასშტაბებს.
როგორ უნდა აარჩიოთ კრეატიული გუნდი
ამდენი ვარიანტის არსებობისას, სწორი გუნდის არჩევა შეიძლება რთული იყოს. ამიტომ თავიდან რამდენიმე კითხვა უნდა დასვათ:
- პირველ რიგში, არის თუ არა ეს საქმე ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი და არა დამატებითი, რიგითი სერვისი;
- არის თუ არა ეს გუნდი გამოცდილი
- მომწონს თუ არა ეს ადამიანები – რადგან შეიძლება ისინი პროფესიონალები იყვნენ, მაგრამ თქვენ არ მოგწონდეთ რაღაცის გამო. კრეატიული გუნდი უნდა იყოს თქვენი სანდო მრჩეველი, თუ ასე არაა, ესე იგი, არასწორ ხალხთან ხართ;
- შეგიძლიათ თუ არა ამ გუნდის ნამუშევრებისა და შედეგების ნახვა. თუ გუნდს არ შეუძლია ერთი რეალური პროექტისა და ისტორიის გაზიარებაც კი, თავი უნდა შეიკავოთ.
როგორ უნდა დაეხმაროთ კრეატიულ გუნდს
- ყველაზე მნიშვნელოვანია რეგულარული უკუკავშირი, რომელიც დაეხმარება მათ, სწორი ცვლილებები შეიტანონ ნამუშევრებში
- გარემოს შექმნა, სადაც ისინი არ იქნებიან შებოჭილი და შეეძლებათ იდეების თამამად გამოთქმა
- მიეცით მათ იდეებს გასაქანი – ნუ დაბლოკავთ თანამშრომლის პირველივე იდეას, მაშინაც კი, როცა ის ცოტა აბსურდულად ჟღერს. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ეს იყოს ის კრეატიული იდეა, რომელიც წარმატებას მოგიტანთ, ამიტომ ბოლომდე მოისმინეთ და კარგად აწონ-დაწონეთ
საბოლოოდ, კომპანიის მფლობელების, აღმასრულებლების თანამშრომლობა კრეატიულ გუნდებთან, სააგენტოებთან და პირად თანამშრომლებთან, თავიდანვე სწორ მოლოდინებზეა დამყარებული. ორივე მხარემ უნდა დასვას ის კითხვები და აქცენტები, რაც პირველი შეხვედრისას თავში გაუჩნდება, რათა მოგვიანებით პრობლემებისგან აირიდონ თავი.











