in

„ლიდერი“ – სოციალური საწარმო გორში, რომელიც რეგიონში ქალების გაძლიერებას ემსახურება

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტია ნომინაციაში – გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა

Startauperi
Startauperi

უკვე მეშვიდე წელია, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და ცნობადობის გაზრდისთვის, თიბისი ბიზნეს დაჯილდოების ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებას ატარებს. კონკურსში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412 -მა კომპანიამ გამოთქვა. სულ ცოტა ხნის წინ, ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტების ვინაობა გახდა ცნობილი. 5 ნომინაციაში სულ 15 ფინალისტი მოხვდა და სტატიების ამ სერიაში თითოეულ მათგანს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

შეგახსენებთ, რომ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში ასპარეზობენ: საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა, გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში, გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება.

ამჯერად, „ლიდერს“ გაგაცნობთ. სოციალური საწარმო ფინალისტია ბიზნეს დაჯილდოების ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა“. საწარმოს უშრეტ ძალისხმევასა და მოტივაციაზე მისი დამფუძნებელი ნინო გიორგაძე გვესაუბრა.

M: როგორ ჩამოყალიბდა „ლიდერი“ და რა განსხვავებულ მიდგომას ქმნის ამ დროისთვის?

სოციალური სამკერვალო საწარმო ლიდერი 2016 წელს შეიქმნა ქ. გორში. მისი შექმნის იდეამდე მიგვიყვანა ფიქრმა: სად იგრძნობდნენ ქალები უკეთესად თავს, რა სამუშაოს შესრულების დროს, რას გააკეთებდნენ დიდი სიამოვნებით და რა იქნებოდა მათთვის სასიამოვნო და სასარგებლო?
ჩვენს კომპანიას მიაჩნია, რომ კერძო სექტორს მნიშნელოვანი როლი აქვს სოციალური პრობლემების მოგვარებაში და ამ რწმენით გავაერთიანეთ ქალები, რომელთა ისტორიებიც ერთმანეთს ავსებს, მოტივაციას მატებს და საბოლოოდ, მათ გაძლიერებაში ეხმარება.
სამკერვალო საწარმო ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც დაიწყო ტექსტილის ნარჩენის გადამუშავება, შეიმუშავა ნარჩენების მართვის სტრატეგია და დღეს, 35 სამკერვალო საწარმოდან ვიღებთ ტექსტილის ნარჩენს, ვაქცევთ მას ახალ პროდუქტად და ვახდენთ მის რეალიზაციას.

დღეს, სამკერვალო საწარმო „ლიდერს“ აქვს 3 მიმართულება: ატელიე – მომხმარებელს სთავაზობს ინდივიდუალურ მომსახურებას, საწარმო – კომპანიებს სთავაზობს კორპორატიული შეკვეთების, უნიფორმების და სხვა პროდუქციის შეკერვა/ბრენდირებას და ამასთანავე, ვაწარმოებთ 2-12 წლის ბავშვებისათვის სამოსს, ბრენდული სახელწოდებით „ლიმო“, რომელზე დატანილი გამოსახულებები ნაქარგის სახით ბავშვს უვითარებს კოგნიტურ და სოციალურ უნარებს.

M: როგორ განვითარდა სამკერვალო დაარსებიდან დღემდე და ზრდის როგორი პერსპექტივა აქვს მას?

2016 წელს მხოლოდ სამი თანამშრომლით დაწყებული საქმიანობა, დღეს, 24 თანამშრომელს ითვლის. ახალი წლიდან, რვა ახალ სამუშაო ადგილს ვამზადებთ. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ექსპორტზე გავიტანეთ პროდუქცია სომხეთში, შვედეთსა და საფრანგეთში. ასევე, პროდუქციას ვყიდით ამერიკულ „ამაზონზე“. ვგეგმავთ საექპორტო ბაზრის ზრდას, ვიღებთ მონაწილოებას საერთაშორისო გამოფენებში და გვაიმედებს ევროპის ბაზარზე ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა და კარგი გაყიდვები.

M: რა აქცევს „ლიდერს“ გამორჩეულად, სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით?

„ლიდერს“ აქვს ორი მთავარი სოციალური მიმართულება: შიდა ქართლში მაცხოვრებელი სხვადასხვა სოციალური საჭიროებების მქონე ქალების გაძლიერება, სწავლება დასაქმებაში ხელშეწყობის მიზნით და ტექსტილის ნარჩენის შემცირება. 35 სამკერვალო საწარმოსგან ვიბარებთ პერიოდულად ნარჩენს და ვაქცევთ მას ხელახალ ნედლეულად, 2022 წელს გადავამუშავეთ 10 ტონა ნარჩენი.

რაც შეეხება ქალების გაძლიერებას, რომელი იდეის გარშემოც შეიქმნა საწარმო, 2016 წლიდან დღემდე, 316 ქალი გადავამზადეთ, ვასწავლეთ ახალი პროფესია, ჭრა-კერვა-მოდელირება და დღეის მდგომარეობით, მათგან 186 დასაქმებულია, როგორც ჩვენთან, ასევე, სხვა საწარმოებში. დიდმა ნაწილმა ამ პროფესიით საკუთარი ბიზნესი დაიწყო და თვითდასაქმებულია.

მეორე მხრივ, ჩვენი მიდგომით ტექსტილის ინდუსტრიაში კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემას ვპასუხობთ და ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პრობლემის მოგვარებაში. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, პრინციპულად არ ვტოვებთ ჩვენს რეგიონს, რადგან მიგვაჩნია რომ ვაძლიერებთ ადგილობრივ ბიზნეს ეკოსისტემას, ქალაქს და რეგიონს.

M: რატომ გადაწყვიტეთ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება? გამარჯვების შემთხვევაში, როგორ ხედავთ – რა შეიცვლება „ლიდერის“ განვითარებაში?

ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილოების მიღება მიზნად ისახავს, ჩვენი საქმიანობის პოპულარიზაციას. გვსურს, ფართო აუდიტორიას გავაცნოთ ჩვენი საქმიანობა და ვუთხრათ, რომ სოციალური პრობლემების მოგვარებაში კერძო სექტორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ სჭირდება ამას განსაკუთრებული საწარმოო მასშტაბები, შეუძლიათ დაიწყონ დღესვე მათ გარშემო არსებულ პრობლემებზე მუშაობა და გადაწყვეტის გზებზე ფიქრი.

გამარჯვება უდიდესი აღიარებაა ჩვენი საქმიანობის. ეს იქნება დასტური, რომ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორად. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენთვის გაიღება უამრავი შესაძლებლობის კარი. ეს ნიშნავს კიდევ უფრო ბევრ წარმატებულ მოლაპარაკებას. წარმატებულ საქმიანობას, გაზრდილ გაყიდვებს და ყველაფერი ამის პროპორციულად ნიშნავს უფრო მეტი ქალის გაძლიერებას, განვითარებას და მათ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას!

პროექტის პარტნიორები არიან VISA (მთავარი სპონსორი) და „აწარმოე საქართველოში“.

წელს ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ – გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის. UN Women-მა დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) – მწვანე ინიციატივებისთვის.

გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან.

შეცვალე აკუმულატორი, აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება — „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება

NASA-მ 3D ბეჭდვის კომპანია დაიქირავა, რათა მთვარეზე „ქვიშის სახლები“ ააშენოს