სამუშაო შეხვედრის დასასრულს ხელმძღვანელები ხშირად სვამენ კითხვას, ყველაფერი რიგზეა თუ არა. გუნდის წევრები ერთმანეთს გადახედავენ ხოლმე და თავის დაქნევით ადასტურებენ, რომ პრობლემა არ არსებობს. თუმცა მსგავს მომენტებში რეალური ვითარების დადგენა მარტივი არ არის. ლიდერს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მხოლოდ ორი გზა აქვს. მას შეუძლია ბოლომდე ენდოს მიღებულ პასუხს ან ეჭვი შეიტანოს მასში. სინამდვილეში, არცერთი ეს პოზიცია ავტომატურად მართებული არ აღმოჩნდება ხოლმე.
ზოგჯერ საქმე მართლაც ისე მიდის, როგორც თანამშრომლები ამბობენ და ყველაფერი იდეალურადაა. სხვა დროს კი ადამიანები საკუთარ განცდებსა და სირთულეებს მალავენ. მთავარი გამოწვევა კონკრეტულ მომენტში სწორი პასუხის პოვნა კი არა, იმის გაცნობიერებაა, რომ ერთი დიალოგი სრულ სურათს იშვიათად ასახავს. ეფექტიანი მართვა სწრაფ დასკვნებზე მეტად სიტუაციის სიღრმისეულ გააზრებას ეფუძნება, რასაც დრო სჭირდება.
ნდობის შენება ორმხრივი პროცესია
ახალ მმართველობით როლში შესვლისას ადამიანებს ბუნებრივად უჩნდებათ სურვილი, სწრაფად გაერკვნენ გარემოში: გაიგონ, ვის შეიძლება ენდონ, ვის უჭირს და ვინ გრძნობს თავს დაუფასებლად. თუმცა ადამიანები საკუთარ რეალურ ხასიათსა და ემოციებს პირველივე დღეებში არ აჩენენ. ეს თანაბრად ეხება როგორც თანამშრომლებს, ისე თავად ხელმძღვანელს. გუნდი ახალ ლიდერს ზუსტად იმავე დროს სწავლობს, როდესაც ლიდერი ცდილობს გუნდის შეცნობას.
ნდობა ორივე მიმართულებით ვითარდება და მის ჩამოყალიბებას კვირები, თვეები ან წლები სჭირდება. მოლოდინი, რომ ადამიანებს შორის სრული ურთიერთგაგება რამდენიმე საუბარში დამყარდება, ილუზორულია. ერთი შეხვედრა მხოლოდ პირველად ინფორმაციას იძლევა და არა რეალურ ცოდნას ადამიანის შესახებ.
განმეორებადი ქცევების ამოცნობა
გამოცდილი მენეჯერები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ცალკეულ ეპიზოდებს და აქცენტს ქცევის საერთო კანონზომიერებებზე აკეთებენ. ერთი დათანხმება, ერთი უთანხმოება, შეცდომა ან ემოციური აფეთქება ბევრს არაფერს ამბობს. სამაგიეროდ, სისტემური ქცევა აჩვენებს იმ მიზეზებს, რომლებიც ერთჯერადი დაკვირვებისას შეუმჩნეველი რჩება.
დაკვირვებისას შესაძლოა გამოიკვეთოს თანამშრომელი, რომელიც მუდმივად აკნინბს არსებულ სირთულეებს. ფრაზები იმის შესახებ, რომ პრობლემა უმნიშვნელოა ან მსგავს დატვირთვას მიჩვეულია, შესაძლოა გამოცდილი პროფესიონალის თავდაჯერებულობად ჟღერდეს, თუმცა რეალობაში მზარდი გადაღლის ნიშანი იყოს.
მსგავსი სურათი იკვეთება მაშინაც, როდესაც ადამიანი დამატებით დავალებებს უხმოდ, წინააღმდეგობის გარეშე იღებს. ეს შეიძლება იყოს თანამშრომელი, რომელსაც კრიზისულ მომენტებში ყველაზე რთულ საქმეებს აბარებენ, ან გუნდის წევრი, რომელიც გადატვირთულია, მაგრამ საკუთარ მდგომარეობაზე ხმამაღლა საუბარს ერიდება. დროთა განმავლობაში მსგავსი ჩუმად მუშაობა ემოციურ გამოფიტვამდე მიდის. ასეთი ნიუანსების დანახვა მხოლოდ განმეორებითი, ხანგრძლივი დაკვირვებითაა შესაძლებელი.
ბალანსის დაცვა უკიდურესობების გარეშე
მენეჯმენტში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უკიდურესობების თავიდან არიდებაა. პირველი შეცდომაა ყველაფრის პირდაპირ მიღება. ანუ როდესაც თანამშრომელი ამბობს, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა, საუბარი წყდება და ლიდერი კმაყოფილი ბრუნდება სამუშაო ოთახში იმ განცდით, რომ გუნდში იდეალური გარემოა. ასეთი მიდგომა ხელმძღვანლს რეალურ პრობლემებს უმალავს.
მეორე უკიდურესობა ყოველ სიტყვასა და დუმილში ეჭვის შეტანაა. როდესაც მენეჯერი ფიქრობს, რომ გუნდი რაიმეს აუცილებლად მალავს, გაუთავებელი კითხვებითა და დაკითხვის სტილით ცდილობს სიმართლის გარკვევას. ეს ტაქტიკა გუნდში შფოთვას აღვივებს და უნდობლობის განცდას აჩენს.
სწორი გზა ამ ორ პოლუსს შორის გადის. ხელმძღვანელს სჭირდება მოთმინება და ჯანსაღი ინტერესი. ყოველდღიურ პროცესებზე დაკვირვება, მზრუნველობა და პატივისცემა ნდობის ბუნებრივ საფუძველს ქმნის. როდესაც თანამშრომლები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, ისინი თავად იწყებენ გახსნილ საუბარს.
ყოველდღიური კომუნიკაცია
პასუხი, რომ ყველაფერი კარგადაა, შეიძლება სრულ სიმართლეს შეესაბამებოდეს ან რეალურ წუხილს ფარავდეს. გამოცდილმა ლიდერმა იცის, რომ ერთი კონტაქტით ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია. მართვა არ გულისხმობს ხელოვნური სიცხადის შექმნას იქ, სადაც ჯერ ბევრი რამ ბუნდოვანია. სიცხადე ყოველდღიური, თანმიმდევრული ურთიერთობებით მიიღწევა.
როდესაც ურთიერთობები ღრმავდება, გუნდის წევრები საკუთარი ინიციატივით მოდიან სათქმელით, იდეებითა და სირთულეებით. სწორედ მაშინ ხდება შესაძლებელი იმის გარჩევა, რა რჩება სტაბილური, რა შეიცვალა და რომელ საკითხს სჭირდება უფრო ღრმა ყურადღება. ეფექტიანი ხელმძღვანელობა ერთ წარმატებულ შეხვედრასა თუ გადაწყვეტილებაში არ გამოიხატება – ის ყოველდღიური მცირე ურთიერთობებით შენდება, რაც გრძელვადიან ნდობასა და ავტორიტეტს განაპირობებს.
წყარო: Fastcompany











