in

როგორ შევინარჩუნოთ ავტონომია და გადაწყვეტილების მიღების უნარი AI-ის ეპოქაში

Lenovo
Lenovo

ხელოვნური ინტელექტის სამუშაო პროცესებში აქტიურმა ინტეგრაციამ ბიზნესის მართვა საგრძნობლად დააჩქარა. მომხმარებელთა ანალიზი რამდენიმე საათში მზადდება, ხოლო სტრატეგიული დოკუმენტები წამებში გენერირდება. თუმცა, რაც უფრო მეტად ეყრდნობა გუნდი ტექნოლოგიას, მით უფრო ერთფეროვანი ხდება მათი აზროვნება. იდეები ნაცნობ, შაბლონურ და მეტისმეტად უსაფრთხო ჩარჩოებში ექცევა. ტექნოლოგიამ შეძლო არსებული ცოდნის გაერთიანება და გამყარება, თუმცა იგი სუსტია საკუთარი ვარაუდების ეჭვქვეშ დაყენებასა თუ ახალი მიმართულებების არჩევაში. სწორედ ასეთ მომენტებში ხდება აუცილებელი ლიდერის ინდივიდუალური ჩართულობა და ავტონომიურობა.

სამუშაო გარემოში ლიდერის ავტონომიურობა ნიშნავს გააზრებული არჩევანის გაკეთებას, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასა და პროფესიაში რეალური გავლენის ქონას. ეს უნარი ვლინდება შეფასების უნარში, ავთენტურ ხმასა და უშუალო ჩართულობაში. სწორედ ეს თვისებები აყალიბებს ნდობასა და პასუხისმგებლობას, სადაც ტექნოლოგია მხოლოდ დამხმარეა და სრულ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. ტექნოლოგიისადმი გადამეტებული ნდობა ხშირად მცირე, შეუმჩნეველი დათმობებით იწყება. ხელმძღვანელები ნაკლებად აქტიურები ხდებიან დისკუსიებში და კარგავენ მკაფიო აღქმას იმისა, თუ სად მოაქვს მათ პირად ჩართულობას ყველაზე დიდი ღირებულება. დროთა განმავლობაში ეს აქვეითებს მათ ავტორიტეტს.

ლიდერის მიერ მართული მოდელი

პირველი მოდელი მოიცავს პროცესებს, სადაც გადაწყვეტილება სრულად ხელმძღვანელზეა. ეს ეხება მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საკითხებს, სადაც მხოლოდ მონაცემები საკმარისი არ არაა ბიზნესის გამოწვევების განსაზღვრისთვის. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ინფორმაციის შეჯამება ან ალტერნატივების შედარება, თუმცა მას ვერ ექნება კომპანიის შიდა პოლიტიკის, ისტორიისა და მოსალოდნელი შედეგების სრულყოფილი აღქმა.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ როდესაც შეხვედრამდე მონაცემების გაანალიზებას სრულად ხელოვნურ ინტელექტს ავალებენ, ტექნოლოგიის მიერ მომზადებული მოკლე მიმოხილვა ხშირად მცდარად განსაზღვრავს დისკუსიის მიმართულებას. მაგალითად, მოგების შემცირების მიზეზების ძიებისას, ალგორითმმა შესაძლოა ყურადღება მომწოდებელთა ხარჯებზე გაამახვილოს, მაშინ როდესაც რეალური მიზეზი დისტრიბუტორების ფასდაკლებები იყოს. ამით იკარგება ძვირფასი დრო.

ამ რისკის თავიდან ასაცილებლად, სანამ ტექნოლოგიის მიერ მომზადებული მიმოხილვა გაიხსნება, ჯერ თავად უნდა ჩამოყალიბდეს პრობლემის პირველადი დიაგნოზი, ხოლო შემდგომ ხელოვნურ ინტელექტს ამ მოსაზრების ეჭვქვეშ დაყენება და ალტერნატიული კუთხით დანახვა დაევალოს.

ლიდერის მიერ ჩამოყალიბებული მოდელი

ხელმძღვანელის კომუნიკაცია მხოლოდ ინფორმაციის გადაცემას არ ნიშნავს, იგი გამოხატავს სიმტკიცეს, ემპათიასა და რწმენას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი ხმის შენარჩუნება გამოსვლებში, სტრატეგიულ განცხადებებსა თუ კრიზისულ კომუნიკაციაში. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დაეხმაროს ტექსტის სტრუქტურასა და ლოგიკაში, თუმცა შინაარსი, ტონი და საბოლოო ფორმულირება პიროვნული პასუხისმგებლობაა.

თუ პირველად ვარიანტს სრულად ტექნოლოგია წერს, შემდგომი რედაქტირების მიუხედავად, ტექსტი მაინც კარგავს ავთენტურობას და იღებს შაბლონურ იერსახეს. კვლევებიც ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტექსტის შექმნისას მეტისმეტად ეყრდნობიან მოდელებს, ნაკლებად გრძნობენ პასუხისმგებლობას საბოლოო შედეგზე.

AI-ით გაძლიერებული მოდელი

ეს მიმართულება ეხება უშუალო ჩართულობასა და გარემოსთან პირდაპირ კავშირს. დღეს ორგანიზაციები უამრავ შეჯამებულ ანგარიშს იყენებენ – მომხმარებელთა უკუკავშირს, შეხვედრების მოკლე შინაარსსა თუ გასაუბრებების შედეგებს. ხელოვნურმა ინტელექტმა ამ ანგარიშების მომზადება გაამარტივა, თუმცა მოკლე მიმოხილვები მხოლოდ ზედაპირულ სურათს იძლევა.

აქ იკვეთება გადამეტებული ნდობა, როდესაც სიღრმისეული ანალიზის ნაცვლად ზედაპირული შემოწმება ხდება, და რეალობისგან დისტანცირება. ანგარიშები ვერ ასახავს მნიშვნელოვან ნიუანსებს – დამკვიდრებულ განწყობებს, პარტნიორის ყოყმანს თუ შეხვედრის ბოლოს ნათქვამ მნიშვნელოვან ფრაზას. ამის პრევენციისთვის აუცილებელია პირდაპირი შეხვედრების, კლიენტებთან ვიზიტებისა და არაფორმალური დისკუსიების შენარჩუნება. ხოლო ანგარიშების განხილვისას სასარგებლოა ხელოვნურ ინტელექტს დაესვას შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა დარჩენილიყო დოკუმენტს მიღმა.

დროისა და რესურსის გამოთავისუფლება

ეს მოდელი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ პირველი სამი მიმართულებისთვის დრო გამოთავისუფლდეს. ეს არის დაბალი რისკის შემცველი, სტანდარტული ამოცანები, რომელთა შესრულებაც ხელოვნურ ინტელექტს მინიმალური მეთვალყურეობით შეუძლია, როგორიცაა კალენდრის მართვა, მოთხოვნების გადამისამართება, ტიპური ანგარიშების ფორმატირება თუ სტანდარტულ შეკითხვებზე პასუხი.

ავტონომიური აგენტების ეპოქაში, რომელთაც რამდენიმე ეტაპის დამოუკიდებლად შესრულება შეუძლიათ, მკაფიო ზღვრის გავლება კრიტიკულია. სანამ დავალება ტექნოლოგიას გადაეცემა, წინასწარ უნდა განისაზღვროს ამოცანის სიზუსტე, სასურველი შედეგის კრიტერიუმები, შეცდომის გამოსწორების სირთულე და ის, თუ რამდენად წარმოადგენს ეს პროცესი მხოლოდ შიდა, რუტინულ საქმიანობას.

წყარო: HBR

მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში – განაცხადების მიღება დაიწყო

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი